ორსულობის მესამე ტრიმესტრის გართულებები 

პრობლემები ორსულობის დროს
ორსულობის მეორე ტრიმესტრის გართულებები
ორსულობის მეორე ტრიმესტრის გართულებები
ორსულობის (გესტაციური) დიაბეტი
პრეეკლამსია
პლაცენტასთან დაკავშირებული პრობლემები
პლაცენტის წინამდებარეობა
ნაყოფის პრენატალურ განვითარებაში ჩამორჩენა
გადაცილებული მშობიარობა

ყველა პრობლემა, რომელიც ორსულობის მესამე ტრიმესტრშია მოსალოდნელი, დროული ჩარევის შემთხვევაში უფრო წარმატებით განიკურნება. ამ პერიოდისათვის გამიზნული ყველა რუტინული გამოკვლევა სწორედ ამისათვის არის გამიზნული.

ორსულობის (გესტაციური) დიაბეტი

რა იწვევს მას?

დიაბეტი ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში შაქრის ანუ გლუკოზას დონე სათანადოდ არ არის რეგულირებული. ეს დაკავშირებულია ჰორმონთან - ინსულინი, რომელიც გლუკოზას დონეს აკონტროლებს.

არსებობს ორი სახის დიაბეტი; დიაბეტი, რომელიც მოზარდობის ასაკში ვლინდება, გამოწვეულია ორგანიზმის მიერ არასაკმარისი ინსულინის წარმოქმნით. დიაბეტის სხვა ფორმის დროს ორგანიზმი არ იყენებს ეფექტურად წარმოქმნილ ინსულინს. ეს არის დიაბეტის ისეთი სახე, რომელიც მოზრდილობის ან ორსულობის პერიოდში ვლინდება.

დიაბეტს, რომელიც აღინიშნება მხოლოდ ორსულობის დროს, გესტაციურ დიაბეტს უწოდებენ. გესტაციური დიაბეტის გამომწვევ მიზეზად ამ მდგომარეობით გამოწვეული - მეტაბოლური, ჰორმონალური ცვლილებები ითვლება. გესტაციური დიაბეტი 1-5% აღინიშნება.

გესტაციური დიაბეტის დროს არ არის გლუკოზის ისეთი მაღალი დონე, რომ რისკის ქვეშ დააყენოს ქალის ჯანმრთელობა. უმეტეს შემთხვევებში არანაირი სიმპტომები არ ვლინდება და დედის ჯანმრთელობა უშუალო საფრთხის წინაშე არ დგას. ეს არის ადრეული ნიშანი იმისა, რომ მას  მომავალში შესაძლებელია დიაბეტი განუვითარდეს.

მიუხედავად იმისა რომ, ეს მდგომარეობა თვითონ დედას არ ემუქრება, ყოველთვის ხდება სისხლში გლუკოზის დონის შემოწმება, რადგან ეს ბავშვის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. თუ დიაბეტი ადრევე გამოვლინდა და დროულად განიკურნა, მაშინ ბავშვს არაფერი აღარ ემუქრება.

გესტაციური დიაბეტის დროს საყურადღებოა მაკროსომია – ბავშვის დიდი წონა. უმეტესი ექიმი მაკროსომიად მიიჩნევს 4,5 კგ-ზე მეტს. ასეთ ბავშვებს უძნელდებათ დაბადება. მაკროსომიის დროს იზრდება საკეისრო კვეთის და მშობიარობის ტრავმების ალბათობა. დედის გლუკოზის დონის გაკონტროლება ამცირებს ბავშვებთან აღნიშნულ რისკს.

გესტაციური დიაბეტის სხვა შესაძლო შედეგია ჰიპოგლიკემია, ბავშვებში შაქრის დაბალი დონე დაბადებისას. ეს გამოწვეულია იმით, რომ მუცლად ყოფნის დროს ჩანასახი გლუკოზის მაღალ ოდენობას იღებს და ეგუება, რაც ჭიპლარის მოჭრისას წყდება.

დიაბეტიანი დედების ბავშვებს დაბადების შემდეგ რეგულარულად უნდა შეუმოწმდეთ სიხლში გლუკოზის დონე. ისინი დაბადების შემდეგ გლუკოზის მიღებას საჭიროებენ საკვების ან ინტრავენური ინფუზიის გზით.

თუ თქვენ გესტაციური დიაბეტი გაქვთ, ბუნებრივია გაგიჩნდებათ შეკითხვა – დაემართება თუ არა მომავალში ბავშვს დიაბეტი. საბედნიეროდ, არ არსებობს რისკი იმისა რომ გესტაციური დიაბეტის მქონე დედების ბავშვები მოზარდობის ასაკში დიაბეტით დაავადდებიან.

ორსულობის დიაბეტის რისკ-ფაქტორებია: 30 წელზე მეტი ასაკი, ოჯახის სხვა წევრების დიაბეტით დაავადება, წინა ორსულობის დიდი წონის ნაყოფი, მკვდრადშობადობა და ზედმეტი წონა. მაგრამ გესტაციური დიაბეტის მქონე ნახევარზე მეტ ქალს არ აღენიშნება ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორები. ორსულობას არ შეუძლია არც მისი გამოწვევა და არც შეწყვეტა, რადგან გესტაციური დიაბეტის განვითარებაში გენეტიკური ფაქტორი თამაშობს დიდ როლს. მიუხედავად იმისა, რომ სწორი კვება მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, თქვენ არ შეგიძლიათ წონის მომატებით, ან ბევრი ტკბილის მიღებით გამოიწვიოთ ეს დაავადება.

რა სიმპტომები აღინიშნება ამ დროს?

ზოგადად გესტაციური დიაბეტი არ იწვევს რაიმე სიმპტომებს. შეიძლება მსუბუქი ფორმით გამოხატული იყოს დაღლა, ძლიერი წყურვილი ან ხშირი შარდვა, მაგრამ ასეთი სიმპტომები ორსულობისას გესტაციური დიაბეტის გარეშეც აღინიშნება. რადგან დიაბეტის გამოვლენა შეუძლებელია დედის სიმპტომების საშუალებით, ამისათვის ტარდება გლუკოზის ანალიზი.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

როგორც აღვნიშნეთ გესტაციური დიაბეტი გლუკოზის ანალიზით ვლინდება. ჩვეულებრივ ეს ანალიზი ორსულობის 26-28 კვირის ასაკში კეთდება, მაგრამ თუ არსებული რისკ-ფაქტორების გამო ექიმს ეჭვი უჩნდება, მაშინ ანალიზი  ორსულობის ადრეულ პერიოდშიც კეთდება. რადგან გესტაციური დიაბეტი რისკ-ფაქტორების მიუხედავადაც ვლინდება, ექიმების უმეტესობა თავის დაზღვევის მიზნით ქალის ასაკის და მდგომარეობის მიუხედავად გლუკოზის ანალიზს ითხოვს.

როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

გესტაციური დიაბეტის მოგვარება გლუკოზის დონის კონტროლით ხდება. უმეტეს შემთხვევაში ეს შესაძლებელია დიეტის დაცვით, ვარჯიშით და სისხლის რეგულარული ანალიზით.

თუ ერთხელ დაისვა გესტაციური დიაბეტის დიაგნოზი, ექიმი მშობიარობამდე ხშირად მოითხოვს გლუკოზის შემოწმებას. გამოკვლევა მოიცავს სისხლის აღებას როგორც დილის საუზმემდე (უზმოზე), ასევე საუზმიდან ორი საათის შემდეგ. ზოგიერთი ექიმი შუადღის სისხლის ანალიზსაც ითხოვს.

იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად კარგად აკონტროლებთ გლუკოზის დონეს, ექიმმა შეიძლება სპეციალური ტესტის გამოყენება გირჩიოთ, რომელსაც სახლში უფრო რეგულარულად გაიკეთებთ. ორსულობის დროს შარდში გლუკოზის შემოწმება არ არის მიზანშეწონილი, რადგან ძალიან მცირე კავშირია სისხლში და შარდში გლუკოზის დონეებს შორის.

თითქმის ყველა შემთხვევაში შესაძლებელია გლუკოზას კონტროლი დიეტით. მაგრამ თუ ამის მიუხედავად გლუკოზა მაინც მაღალია, საჭიროა ყოველდღე ინსულინის ინექცია. ინსულინი არ აღწევს ბავშვამდე. ორსულობის დროს სისხლში გლუკოზის დონის შესამცირებლად ორალური გზით არ ხდება მედიკამენტის მიღება.

დამატებით, ორსულობის ბოლო თვეს ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ბავშვის მდგომარეობის ყოველკვირეული მონიტორირება. ეს განხორციელდება შემდეგი გამოკვლევბით: ტესტი დატვირთვის გარეშე, შეკუმშვის სტრეს-ტესტი, ბიოფიზიკური პროფილი.

ულტრაბგერითი გამოკვლევით დააკვირდებიან ბავშვის წონას და ზომას მშობიარობამდე. ამ გამოკვლევით ექიმი გადაწყვეტს გაკეთდეს თუ არა საკეისრო კვეთა. თქვენ შეიძლება ასევე გთხოვონ დააკვირდეთ და ჩაიწეროთ რა სიხშირით იგრძნობთ ბავშვის მოძრაობას.

დიაბეტის დროს ყველაზე ხშირია საკეისრო კვეთა, რადგან ამ დროს ხშირია ბავშვის დიდი ზომა. მშობიარობამდე საკეისრო კვეთის გადაწყვეტა ძნელია, რადგან ან ბავშვის ზომაა დიდი ან დედის მენჯია მცირე. ხშირად საკეისრო კვეთას მაშინ მიმართავენ, როდესაც მშობარობა ვეღარ გრძელდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც  საშვილოსნოს ყელი აღარ იხსნება ან ბავშვი არ გამოდის. გესტაციური დიაბეტის დროს, ბავშვის დიდი ზომის გამო სამშობიარო ტრამვების რისკი დიდია.

დიაბეტის დროს ბავშვი თითქმის არ იბადება დროზე ადრე. თუ მშობიარობა 40-41 კვირისთვის არ იწყება, შეიძლება იგი ოქსიტოცინით დააჩქარონ.  შეიძლება საჭირო გახდეს ამნიოცენტეზი, იმის დასადგენად არის თუ არა ბავშვის ფილტვები საკმარისად მომწიფებული.

როგორია მომავალი?

გესტაციური დიაბეტი თითქმის ყოველთვის ქრება მშობიარობის შემდეგ. თქვენ 6 კვირის განმავლობაში დაგჭირდებათ სისხლის ანალიზი, რომ დარწმუნდეთ დაიწია თუ არა გლუკოზას დონემ მშობიარობის შემდეგ.

თუ თქვენ ერთხელ გქონდათ გესტაციური დიაბეტი, მისი გამეორების ალაბათობა შემდგომი ორსულობის დროს იზრდება. ასევე შესაძლებელია დიაბეტის განვითარება მოგვიანებით. გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებიდან თითქმის ნახევარს შემდგომში აღენიშნებათ დიაბეტი. ამიტომ, მნიშვნელოვანია მშობიარობის შემდეგ მიყვეთ ექიმის რჩევებს და დაიცვათ დიეტა, ივარჯიშოთ და შეამოწმოთ გლუკოზას დონე ყოველწლიურად. ქალებს, რომელთაც ორსულობის დროს დიაბეტი აქვთ, შეუძლიათ ბავშვები ძუძუთი გამოკვებონ.

პრეეკლამსია

რა იწვევს მას?

პრეეკლამსია ეს არის დაავადება, რომელიც ორსულობიდან 20 კვირის შემდეგ მაღალი წნევით, სახის და ხელების შეშუპებით და შარდში ცილის მაღალი შემცველობით ხასიათდება. ეს საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა და მისმა უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლებელია სერიოზული გართულებები, ან  დედის ან ბავშვის სიკვდილი გამოიწვიოს.

პრეეკლემსიას “ტოქსემიასც” უწოდებენ. ეს უფრო ნაცნობი სახელწოდებაა. ამ დაავადების მიზეზად სისხლში ტოქსინი ითვლებოდა, სწორედ ამოტომ უწოდებდნენ ტოქსემიას. ახლა ითვლება რომ პრეეკლამსია არ არის გამოწვეული ტოქსინით, მაგრამ მისი აშკარა მიზეზი ჯერ კიდევ დადგენილი არ არის. მიზეზის დაუდგენლობის გამო უცნობია მისი მკურნალობის და თავიდან აცილების გზებიც. ერთადერთი გამოსავალი ამ დროს ბავშვის დაბადებაა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბავშვი ჯერ არ არის მომწიფებული.

ეს გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ პრეეკლამსიამ შესაძლებელია ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენოს დედის და ბავშვის სიცოცხლე. დედისათვის შესაძლებელი გართულებებია: ღვიძლის დაზიანება, თირკმლის დაზიანება, სისხლდენა ან გულყრები. ბავშვის პრობლემებს წარმოადგენს არასაკმარისი საკვების და ჟანგბადის მიღება პლაცენტიდან. ამან შესაძლებელია ზრდაში ჩამორჩენა, ან ჩანასახოვანი დისტრესი გამოიწვიოს.

ეს დაავადება ორსულების 6-8% აღენიშნება. ამ შემთხვევების 85% პირველი ორსულობის დროს გამოიხატება. პრეეკლამსიის სხვა რისკ ფაქტორებია: ერთზე მეტი ნაყოფი, დიაბეტი, მაღალი წნევა, თირკმლის ქრონიკული დაავადება, რევმატიული დაავადებები და ოჯახური ანამნეზის დატვირთვა. პრეეკლამსია ასევე ხშირია მოზარდებში და  35 წელს გადაცილებულ ქალებში.

რა სიმპტომები აღინიშნება ამ დროს?

თავიდან არ აღინიშნება სიმპტომები, ხოლო დროთა განმავლობაში როცა აშკარა სიმპტომები ვლინდება დაავადება უკვე საკმაოდ განვითარებულია. ამიტომ ექიმთან ყოველი ვიზიტის დროს მნიშვნელოვანია წნევის გაზომვა.

ზოგიერთთან პრეეკლამსიის პირველი ნიშნები წონის სწრაფი მატებით ვლინდება (1 კგ-ზე მეტი კვირაში ან 2-3-4 კგ. თვეში). წონის მატება სითხის შეკავებით და არა ცხიმის დაგროვებით არის გამოწვეული. ასევე შეიძლება აღინიშნოს სახის და ხელების შეშუპება, თავის ტკივილები, მხედველობის პრობლემები, ტკივილი მუცლის ღრუს ზედა ნაწილში.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

პრეეკლამსიის დიაგნოსტირება ხდება მაშინ როდესაც დროის გარკვეულ პერიოდში წნევა მუდმივად მაღალია. წნევის აწევის ერთეული შემთხვევები არ გულისხმობს პრეეკლამსიის არსებობას.

ექიმი, ვისი მეთვალყურეობის ქვეშაც იმყოფებით, ადარებს თქვენი წნევის ახლანდელ მაჩვენებლებს ორსულობის პირველი ტრიმესტრის მაჩვენებლებთან. წნევა საკმაოდ მაღალია თუ პირველ მონაცემებთან შედარებით სისტოლური წნევა (პირველი მაჩვენებელი) 30 მმ-ით  არის მომატებული, ხოლო დიასტოლური (მეორე მაჩვენებელი) 15 მმ-ით ან მეტით. ზოგადად 140/90 ან მეტი ნორმაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

არსებობს სხვადასხვა სიმწვავის პრეეკლამსია. თუ თქვენ მარტო მაღალი წნევა აღგენიშნებათ, ამ მდგომარეობას ექიმმა შეიძლება ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია უწოდოს.

მაღალი წნევის გარდა პრეეკლამსიის მიმანიშნებელია შარდში დიდი რაოდენობის ცილა. მისი გამოკვლევა რამოდენიმე გზით არის შესაძლებელი. ზუსტი მეთოდია 24 საათის განამავლობაში შარდის შეგროვება და შემდეგ ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება. ასევე შესაძლებელია ექიმმა სისხლის ანალიზი მოგთხოვოთ, იმ მიზნით, რომ ინახოს თუ როგორ ფუნქციონირებს თირკმელი და ღვიძლი. სისხლის ანალიზი საჭიროა იმის დასადგენადაც არის თუ არა თრომბოციტების (რომელიც აუცილებელია სისხლის შედედებისათვის) ნორმალური რაოდენობა.

პრეეკლამსიის ყველაზე მწვავე ფორმაა ე.წ. “HELPP syndrome”. იგი, შედარებით მსუბუქი ფორმებისაგან განსხვავებით ხასიათდება ღვიძლის ფუნქციური სინჯების დონის აწევით და სისხლში თრომბოციტების დაბალი დონით.

როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

ერთადერთი გამოსავალი და პრეეკლამსიის მკურნალობა მშობიარობის დაჩქარებაა. ზოგჯერ მაღალ წნევას წამლებით მკურნალობენ, მაგრამ უპირატესობა სხვა საშუალებებს ენიჭება.

პრეეკლამსიის მსუბუქი ფორმის მოგვარება წოლითი რეჟიმის დაცვით ხდება. თქვენ კერძო შემთხვევაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ხანი უნდა იწვეთ. თქვენ ასევე გირჩევენ, რომელ მხარეს უნდა იწვეთ მარჯვენა თუ მარცხენა, იმისათვის რომ სისხლს პლაცენტისკენ მიდინების საშუალება მიეცეს. აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, თუ რომელიმე სიმპტომს შენიშნავთ. ექიმი ალბათ კვირაში ორ შეხვედრას დაგინიშნავთ, იმისათვის რომ ხშირად დააკვირდეს წნევას, გაკეთდეს სისხლის და შარდის ანალიზი, და ასევე მოხდეს ბავშვის სტატუსზე დაკვირვება. თქვენ სახლშიც მოგიწევთ წნევის რეგულარული გაზომვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება.

პრეეკლამსიის მწვავე ფორმის დროს საავადმყოფოში დაწოლაა საჭირო. ბავშვზე დაკვირვების მიზნით თქვენ იქ რეგულარულად ჩაგიტარდებათ ტესტი დატვირთვის გარეშე, შეკუმშვის სტრეს ტესტი და ბიოფიზიკური მაჩვენებლების გამოკვლევები. დამატებითი, ულტრაბგერითი გამოკვლევით ამნიოტური სითხის მოცულობას გაზომავენ. თუ მისი მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, ეს იმის ნიშანია რომ ბავშვის სისხლით მომარაგება საკმარისად არ ხდება, ამიტომ შეიძლება აუცილებელი გახდეს მშობიარობის დაჩქარება.

ამ შემთხვევაში გაითვალისწინებენ ბავშვისთვის რამდენად სარისკოა  საშვილოსნოში არსებულ მდგომარეობასთან შედარებით ნაადრევი მშობიარობა. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეიძლება ჩატარდეს ამნიოცენტეზი, იმის დასადგენად თუ რამდენად მომწიფებულია ბავშვის ფილტვები. თუ დედის მდგომარეობა საფრთხეშია, მაშინ მშობიარობა ამ პროცედურის გარეშე დაჩქარდება.

პრეეკლამსიის უმეტესი შემთხვევა საშუალო სირთულისაა და აღინიშნება მშობიარობის დღესთან ახლო პერიოდში. ამ პრობლემას თავს ართმევენ წოლით და ბუნებრივ მშობიარობამდე მუდმივი მონიტორირებით. უფრო მძიმე შემთხვევებში მიმართავენ მშობიარობის დაჩქარებას ან საკეისრო კვეთას.

პრეეკლამსიით გართულებული ორსულობა, რომელიც ჩანასახს უქმნის საფრთხეს, იშვიათად აღწევს 40 კვირამდე. საშვილოსნოს ყელის “სიმწიფე” (რბილდება) შეიძლება მშობიარობის დაჩქარების მიზეზი გახდეს.

როგორია მომავალი?

მშობიარობიდან რამოდენიმე დღეში ან კვირაში წნევა ნორმაში დგება. შეიძლება დაგენიშნოთ წნევის წამლები. თუ ეს დანიშნულება აუცილებელია, მისი მიღება მშობიარობიდან ერთ ან ორ თვეში თანდათანობით უნდა შეწყდეს. ალბათ ექიმთან ხშირი ვიზიტი დაგჭირდებათ წნევაზე ხშირი დაკვირვების მიზნით.

რისკი იმისა, რომ პრეეკლამსია შემდგომი ორსულობისას გამეორდება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რთული ფორმით გქონდათ იგი. საშუალო ფორმისას რისკი საკმაოდ დაბალია, ხოლო მწვავე შემთხვევისას ეს ალბათობა 25-45% იზრდება.

პლაცენტასთან დაკავშირებული პრობლემები

პლაცენტა ორსულობისათვის უნიკალური ორგანოა. ორსულობის დროს იგი დედასა და შვილს აკავშირებს. პლაცენტა დედის სისხლიდან ჟანგბადს და საკვებს გადასცემს ბავშვს,  ხოლო ფეკალური ნარჩენები უკანმიმართულებით გამოაქვს.

პლაცენტის ორი ძირითადი პრობლემა, რომელიც შეიძლება ორსულობის მესამე ტრიმესტრში აღინიშნოს, ერთი და იმავე სიმპტომით ვლინდება: ეს არის ვაგინალური სისხლდენა. ნებისმიერი სისხლდენის შესახებ, რომელიც ორსულობის მესამე ტრიმესტრშია, ექიმს უნდა შეატყობინოთ.

რა იწვევს მას?

ეს არის მშობიარობამდე პლაცენტის აცლა, ან ჩამოცლა საშვილოსნოს შიდა კედლიდან. ამან შეიძლება შეამციროს ან შეწყვიტოს ბავშვისათვის ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდება.

პლაცენტის აცლა ორსულობის მესამე ტრიმესტრში ჩანასახის დაღუპვის ძირითადი მიზეზია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიის შედეგად დედის შოკი ან მწვავე სისხლის მიმოქცევის პრობლემები. საბედნიეროდ,  დედის და ბავშვის მუდმივი მონიტორირებით და შესაბამის დროს მშობიარობის დაჩქარებით, შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება.

პლაცენტის ჩამოცლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ პლაცენტას ნაწილის მოცილებით, ან საშვილოსნოს შიდა კედლიდან მთლიანი გამოყოფით. მიუხედავად იმისა რომ პლაცენტის ჩამოცლა ყოველთვის იწვევს სისხლდენას, ეს შეიძლება შეუმჩნეველი იყოს. ზოგჯერ პლაცენტის შუა ნაწილი საშვილოსნოს კედლიდან იწევა. სისხლი ამგვარად შეიძლება დაიმალოს “ჯიბეში”.  ან სხვა შემთხვევაში ბავშვის თავი ან სხეულის სხვა ნაწილი ისე დააწვეს საშვილოსნოს კედელს, რომ სისხლმა ვერ ნახოს გარეთ გამოსასვლელი.

პლაცენტის აცლა აღინიშნება ყოველი 150-ე მშობიარეზე. ამის მიზეზი უცნობია, მაგრამ იგი ყველაზე ხშირად აღინიშნება შავკანიან, 40 წელს გადაცილებულ ქალებთან, მრავალშვილიან დედებთან, და მწეველებთან.

ასევე, პლაცენტის აცლასთან ყველაზე ხშირად დაკავშირებული მდგომარეობაა ჰიპერტენზია ორსულობის პერიოდში. ქალებს, რომელთაც ორსულობის დროს მაღალი წნევა აქვთ-მიუხედავად იმისა ეს ადრე აწუხებდათ თუ არა – უფრო მეტად არიან პლაცენტის აცლისკენ მიდრეკილები.

აცლის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს მემბრანის (აპკის) ნაადრევი (მშობიარობამდე)  გახევა, რომელიც ჩანასახის გარშემოა შემორტყმული. ძალიან იშვიათად, რომ დედის რაიმე ტრავმამ ან დაზიანებამ გამოიწვიოს პლაცენტის აცლა.

რა სიმპტომები აღინიშნება ამ დროს?

პლაცენტის აცლის ადრეულ ეტაპზე შეიძლება არანაირი სიმპტომი არ აღინიშნებოდეს. ყველაზე ხშირად კი იგი ვაგინალური სისხლდენის სახით ვლინდება. სისხლდენა შეიძლება იყოს სხვადასხვა რაოდენობის, მაგრამ მისი ოდენობა არ განსაზღვრავს პლაცენტის საშვილოსნოდან აცლის ხარისხს. პლაცენტის აცლა ასევე შეიძლება გამოიხატოს  წელის ან მუცლის ტკივილით, საშვილოსნოს შეკუმშვებით. საშვილოსნო შეიძლება შეიგრძნოთ როგორც მაგარი და მძიმე.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

როდესაც ქალს ორსულობის მესამე ტრიმესტრში ვაგინალური სისხლდენა აღენიშნება, ექიმმა უნდა გამორიცხოს პლაცენტის წინამდებარეობის მიზეზის არსებობა (იხ. ქვემოთ). პლაცენტის აცლის დიაგნოსტირება ხდება სისხლდენის სხვა მიზეზების გამორიცხვით. ულტრაბგერითი გამოკვლევა აცლილი პლაცენტის გამოსავლენად ტარდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ტექნიკა უძლურია აღნიშნული მდგომარეობის დასადგენად.

რა მკურნალობა ინიშნება ამ დროს?

თუ ექიმი პლაცენტის აცლას ვარაუდობს, იმის მიხედვით თუ რა მდგომარეობაშია ბავშვი და დედა, ხდება გარკვეული ზომების მიღება. ბავშვის გულისცემის დასაკვირვებლად გამოიყენება ელექტრო მონიტორირება. თუ იგი არ აჩვენებს ბავშვის საგანგაშო მდგომარეობას, მაშინ დედას საავადმყოფოში ათავსებენ უშუალო დაკვირვებისათვის.

თუ ბავშვის მდგომარეობა საფრთხეშია, მაშინ აჩქარებენ მშობიარობას. თუ ძლიერი სისხლდენა აღინიშნება, დედას სისხლს უსხამენ. არის შემთხვევები, როდესაც საკეისრო კვეთაა აუცილებელი, ზოგიერთ სიტუაციაში კი ფიზიოლოგიური მშობიარობა შესაძლებელია.

როგორია მომავალი?

სამწუხაროდ, 10% რისკი არსებობს იმისა, რომ პლაცენტის აცლა შემდგომი ორსულობის დროსაც განმეორდება. მაგრამ დროული დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში დადებითი შედეგები მიიღწევა როგორც ბავშვისათვის, ასევე დედისთვის.

პლაცენტის წინამდებარეობა

რა იწვევს მას?

პლაცენტა ჩვეულებრივ ლოკალიზებულია საშვილოსნოს ფუძესთან ახლოს, ზემოთ. ზოგიერთ შემთხვევაში პლაცენტა ქვემოთ არის განლაგებული, ისე რომ ნაწილობრივ ან მთლიანად ფარავს ყელის ხვრელს. ამ მდგომარეობას უწოდებენ პლაცენტის წინამდებარეობას, რომელიც მშობიარობამდე ან მის შემდეგ ჰემორაგიის (ძლიერი სისხლდენა) რისკს წარმოადგენს. ეს სახიფათოა როგორც დედისთვის ასევე ბავშვისთვისაც.
პლაცენტის წინამდებარეობა შეიძლება იყოს შემდეგნაირი:

  1. განაპირა. როდესაც პლაცენტის ნაპირი საშვილოსნოს ყელის კიდეზეა. როდესაც მშობიარობის დროს ყელი იხსნება, პლაცენტა შეიძლება ზევით ავიდეს. მხოლოდ გარკვეულ პირობებშია შესაძლებელი ფიზიოლოგიური მშობიარობა.
  2. ნაწილობრივი. პლაცენტა ნაწილობრივ ფარავს საშვილოსნოს ყელს. ფიზიოლოგიურმა მშობიარობამ შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს, რადგან ამ დროს სკდება პლაცენტის სისხლძარღვები.
  3. მთლიანი. პლაცენტა მთლიანად ფარავს საშვილოსნოს ყელს. ამ დროს შეუძლებელია ფიზიოლოგიური მშობიარობა ძალიან ძლიერი სისხლდენის გამო.

პლაცენტა შეიძლება საშვილოსნოს ყელთან ახლოს იყოს ორსულობის მეორე ტრიმესტრში ან მესამე ტრიმესტრის დასწყისში. მაგრამ იგი ყოველთვის მოძრაობს საშვილოსნოს წვეროსკენ როდესაც მშობიარობის დრო ახლოვდება. ეს მდგომარეობაა ე.წ. “ქვემოთ განლაგებული პლაცენტა”.

პლაცენტის წინამდებარეობის გამომწვევი მიზეზი უცნობია. პლაცენტის აცლის მსგავსად იგი უფრო ხშირად აღინიშნება მრავალშვილიან დედებთან, ასაკოვან ქალებთან და მწეველებთან. საკეისრო კვეთა და იძულებითი აბორტი ზრდის პლაცენტის წინამდებარეობის რისკს. ასევე დიდი ზომის პლაცენტა ზრდის იმის ალბათობას, რომ იგი ან დაიწევს საშვილოსნოს ყელისკენ, ან დაფარავს მას.

რა სიმპტომები აღინიშნება ამ დროს?

ძირითადი სიმპტომია ვაგინალური სისხლდენა ტკივილის გარეშე. ხშირ შემთხვევაში მას ადგილი აქვს მეორე ტრიმესტრის ბოლოს ან მესამეს დასაწყისში. სისხლი ამ დროს ჩვეულებრივ ღია წითელია და რაოდენობა შეიძლება იყოს ბევრიც და ცოტაც. სისხლდენა შეიძლება შეწყდეს თავისით, მაგრამ რამოდენიმე დღეში ან კვირაში იგი ისევ გამეორდება.
თუ ორსულობის მესამე ტრიმესტრში სისხლდენა გაქვთ, მიუხედავად იმისა ახლავს თუ არა ტკივილი და თავისით შეწყდა თუ არა, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

პლაცენტის განლაგებაზე დასაკვირვებლად ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოიყენება. პლაცენტის წინამდებარეობის 98% ამ გზით ვლინდება. საშვილოსნოს ყელის გასინჯვა ტარდება გარკვეულ შემთხვევებში. გასინჯვა ფრთხილად ხდება, რადგან ამ პროცედურამაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა, იგი ტარდება მაშინ როცა  მშობიარობა დაგეგმილია.

რა მკურნალობა ინიშნება ამ დროს?

პლაცენტის წინამდებარეობის პრობლემის მოგვარება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე:

  1. არის თუ არა ჩანასახი მშობიარობისათვის მომწიფებული;
  2. არის თუ არა ძლიერი ვაგინალური სისხლდენა;

თუ პლაცენტა არ ფარავს საშვილოსნოს ყელს და მხოლოდ ახლოს არის განლაგებული, არ აღინიშნება სისხლდენა, მაშინ ორსულს სახლში აწვნენ იმ პირობით, რომ სისხლდენის შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდება ექიმს. თუ სისხლდენა კონტროლს არ ექვემდებარება, ეს მდგომარეობა აჩქარებს ბავშვის საკეისრო კვეთით გაჩენას (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობიარობა ნაადრევია). ასეთ შემთხვევაში ბავშვისათვის უკეთესია იყოს მზრუნველი ექიმების გარემოში და კარგად აღჭურვილი ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ვიდრე დედის საშვილოსნოში.

როგორია მომავალი?

რადგან უმეტეს შემთხვევებში სანამ ჩანასახს რაიმე საფრთხეს შეუქმნის, პლაცენტის წინამდებარეობის გამოვლენა დროულად ხდება, იგი აღარ წარმოადგენს დედისა და ბავშვისათვის დიდ რისკს. მოწინავე ტექნიკური აღჭურვილობა ეხმარება ექიმს ამ მდგომარეობის გამოაშკარავებაში მანამ, სანამ დედა შეამჩნევს სიმპტომებს.

ნაყოფის პრენატალურ განვითარებაში ჩამორჩენა

რა იწვევს მას?

ყოველ წელიწადს ა.შ.შ-ში 40,000-ზე მეტი ბავშვი იბადება 2,5 კგ-ზე ნაკლები წონით.  მიუხედავად საშვილოსნოში არსებული ყველანაირი პირობისა, ეს ბავშვები არ იზრდებიან ისეთი სისწრაფით როგორც უნდა გაიზარდონ. ეს პრობლემა ცნობილია ნაყოფის პრენატალურ განვითარებაში ჩამორჩენის სახით (ნპგჩ).

თანამედროვე მიღწევებმა მედიცინაში მნიშვნელოვნად შეამცირა ზრდაში ჩამორჩენილი ბავშვების რისკი, მაგრამ ისინი მაინც დგანან გარკვეული პრობლემების წინაშე. ასეთ ბავშვებს ცხიმების და გლიკოგენის (კარბოჰიდრატის ტიპი, რომელიც  გლუკოზად გარდაიქმნება, ენერგიის წყარო) ძალიან მცირე მარაგი აქვთ.  ასეთ ბავშვებს არ შეუძლიათ შეინარჩუნონ სითბო, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ჰიპოთერმია. მკვდრად შობადობა და ნაყოფის დისტრესი ხშირია ზრდაში ჩამორჩენილ ბავშვებში. ნორმალური ზომის ბავშვებთან შედარებით, ასეთი ბავშვები მცირე ენერგიული მარაგის გამო ნაკლებად იტანენ მშობიარობის სტრესებს.

ნპგჩ-ს შესაძლებელ მიზეზებში შედის პლაცენტის პრობლემები, რის შედეგადაც ჩანასახს არ მიეწოდება საკმარისი საკვები და ჟანგბადი. ასევე მაღალი წნევაც მიზეზად ითვლება. მაგრამ ხშირად მიზეზი უცნობია. ასევე ნპგჩ-ს გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

  • სიგარეტის მოწევა
  • ზოგიერთი სახის ინფექციები (მაგ, წითურა, ციტომეგალოვირუსი ან ტოქსოპლაზმოზი)
  • თანდაყოლოლი დეფექტები ან ქრომოსომული პათოლოგიები
  • არასრულფასოვანი კვება
  • ალკოჰოლის და ნარკოტიკების მიღება
  • დიაბეტი მოზარდობის პერიოდში
  • რევმატიული დაავადებები
  • დედის სხვა ქრონიკული დაავადებები

თუ ზრდაში ჩამორჩენილი ბავშვი გაჩნდა, დიდი ალბათობაა რომ იგივე გამეორდეს შემდგომი ორსულობისას. საბედნიეროდ, დროული დახმარების აღმოჩენა ბევრ პრობლემას აგვარებს.  ზოგიერთ შემთხვევაში ეს პრობლემა მთლიანად გვარდება.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

როგორც წესი ქალებს, რომლებიც ზრდაში ჩამორჩენილ ბავშვებს ატარებენ, მცირე ან საერთოდ არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ. ექიმი თქვენთან ყოველი შეხვედრისას ეცდება ნპგჩ ადრეულ ეტაპზე გამოააშკარავოს.

ამ მიზნით ექიმი ზომავს საშვილოსნოს ფუძის სიმაღლეს – ეს არის მანძილი სიმფიზის ძვალსა და საშვილოსნოს ფუძეს ან მწვერვალს შორის. 18-დან 34-კვირამდე მისი ზომა სანტიმეტრებში უხეშად შეესაბამება ორსულობის კვირის რიცხვს. იმაზე დაკვირვებით თუ როგორ იზრდება ზომა დროთა განმავლობაში, ექიმი შეიძლება დაეჭვდეს ნპგჩ-ს არსებობაში. თუ საშვილოსნოს ზომა შესაბამისად არ იზრდება, ეს ნპგჩ-ს ნიშანია.

ორსულობის ზუსტი ვადა მნიშვნელოვანია ნპგჩ-ს  დიაგნოსტიკაში. თუ ერთი ან ორი კვირის ცდომილებაა ესეც აძნელებს ნპგჩ-ს ზუსტ დიაგნოსტიკას. 20 კვირამდე ორსულობის ვადის დასაზუსტებლად ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოიყენება.

თუ ფუძის სიმაღლის ზომა ნპგჩ-ზე იწვევს ეჭვს, ამ დიაგნოზის დასამოწმებლად ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოიყენება. ამით ჩანასახის ზოგიერთი ფიზიკური მონაცემები დაზუსტდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ბავშვის თავისა და მუცლის გარშემოწერილობის დადგენა და მათი თანაფარდობა. ასევე იზომება ბავშვის თავის სიგანე (უწოდებენ ბიპარიეტალურ დიამეტრს, ან მანძილს თავის ქალის ძვლებს შორის), ბარძაყის ძვლის სიგრძე და ამნიოტური სითხის ოდენობა.

რა მკურნალობა ინიშნება ამ დროს?

პირველი ნაბიჯი ამ პრობლემის მოგვარებისა, მდგომარეობს ერთ-ერთი არსებული ფაქტორის მოსხნაში, მაგ. ნარკოტიკი ან ცუდი კვება. ზოგჯერ საავადმყოფოში წოლაა მიზანშეწონილი. ბავშვის მდგომარეობის სანახავად ტარდება ტესტი დატვირთვის გარეშე, შეკუმშვის სტრეს ტესტი და ბიოფიზიკური მაჩვენებლების გამოკვლევები. შეიძლება დედას სთხოვონ ბავშვის მოძრაობაზე დაკვირვება და ჩაწერა. ულტრაბგერითი გამოკვლევები ტარდება ორ კვირაში ერთხელ, ბავშვის ზრდაზე და ამნიოტური სითხის რაოდენობაზე დასაკვირვებლად.

ქრომოსომული პათოლოგიების ან ინფექციების დასადგენად ამნიოცენტეზი ტარდება.

თუ გამოკვლევები აჩვენებს რომ ჩანასახი ადექვატურად არ ვითარდება, ან რაიმე ხიფათის წინაშეა, ეს მდგომარეობა ექიმს მშობიარობის დაჩქარებას აფიქრებინებს. ამ გადწყვეტილების საბოლოოდ მიღებაში ორი ფაქტორი თამაშობს როლს:

  1. რამდენად არის ბავშვი მომწიფებული
  2. რამდენად სახიფათოა საშვილოსნოს გარემო

პირველ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ტარდება ამნიოცენტეზი, რათა ინახოს ბავშვის ფილტვები მომწიფებულია თუ არა. არსებობს შემთხვევები როდესაც ბავშვის ყოფნა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოუმწიფებელი ფილტვებითაც უფრო უკეთესია, ვიდრე საშვილოსნოში არახელსაყრელ პირობებში.

ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება დაჩქარდეს მშობიარობა, ბუნებრივი გზით ან საკეისრო კვეთით. მშობიარობის დროს ხდება ბავშვის მდგომარეობაზე დაკვირვება, თუ იგი ვერ უძლებს მშობიარობას, მაშინ შეიძლება გაკეთდეს საკეისრო კვეთა.

მიუხედავად იმისა, თუ რა გზით არის ბავშვი გაჩენილი, იგი ჯერ კიდევ დიდი რისკის წინაშე იმყოფება. თქვენ შეიძლება დაგაშორონ ბავშვს  იმ მიზნით, რომ მასზე მუდმივი დაკვირვება და დროული დახმარების აღმოჩენა უზრუნველყონ. ზრდაში ჩამორჩენილ ბავშვებს შეიძლება დაბადებისთანავე დასჭირდეთ გლუკოზის სითხე. ის შეიძლება მიეწოდოს ბოთლით ან ინტრავენური ინფუზიის საშუალებით. ხშირად ამოწმებენ ბავშვის ტემპერატურას.

როგორია მომავალი?

მიუხედავად მრავალი რისკის არსებობისა ასეთი ბავშვები ნორმალურად აგრძელებენ განვითარებას. დაბადებისას წონა არ არის იმის მაჩვენებელი, თუ როგორ გაიზრდება და განვითარდება იგი მომავალში.

ზრდაში ჩამორჩენილი ახალშობილები ნორმალური განვითარების ტემპს 18-24 თვის ასაკში ეწევიან.

თუ დაბადებისას სერიოზული დაფექტები არ აღინიშნება, ბავშვთა უმეტესობის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს.

თუ თქვენ ერთი შვილი გყავთ აღნიშნული პრობლემით, მისი გამეორების ალბათობა მომავალი ორსულობის დროსაც არსებობს. კარგი მოვლა ორსულობის პერიოდში, კარგი კვება, ალკოჰოლის, ნარკოტიკის თავიდან აცილება და სიგარეტისათვის თავის დანებება გაზრდის იმის შანსს, რომ თქვენი შვილი უფრო ჯანმრთელი დაიბადება.

გადაცილებული მშობიარობა

რა იწვევს მას?

მშობიარობის 80% 38 დან 40 კვირის პერიოდშია, 10% ნაადრევია (ე.ი. 37 კვირამდეა), ხოლო 10%  42 კვირას გადაცილებულია. მშობიარობა, რომელიც 42 კვირას გადაცდება დაგვიანებულ მშობიარობად ითვლეება.

ხშირად, არასწორი გამოთვლების გამო, ასეთი მშობიარობა არ არის დაგვიანებული. ულტრაბგერითი გამოკვლევებით დადგენილი მშობიარობის ვადები 2%-ში მცდარია (2%-ა დაგვიანებული).

გვიანი მშობიარობის მიზეზი უცნობია. მემკვიდრეობამ და ჰორმონალურმა ფაქტორებმა შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს.

დაგვიანებული მშობიარობისას ბავშვის მდგომარეობის რისკზე ფიქრობენ. 41 კვირის შემდეგ ამნიოტური სითხის რაოდენობა შეიძლება ძლიერ შემცირდეს. ამან შეიძლება გაზარდოს მშობიარობის დროს ჭიპლარის შეკუმშვის რისკი, რის შედეგადაც შეწყდეს ბავშვისათვის ჟანგბადის მიწოდება.

დაგვიანებულმა მშობიარობამ შეიძლება გაზარდოს ამნიოტურ სითხეში მეკონის რისკი. მეკონი ჩანასახის განავალია, და მისი არსებობა ნიშნავს რომ ბავშვს პირველი კუჭის მოქმედება საშვილოსნოში ჰქონდა. თუ ბავშვი მეკონს ფილტვებში შეისუნთქავს, შეიძლება გარკვეული სახის პნევმონია განვითარდეს. ამიტომ, ექიმმა როგორც კი ბავშვის თავი დაიბადება უნდა გამოწოვოს მეკონი ცხვირიდან, პირიდან და ყელიდან. პედიატრმა ამის შემდეგ უნდა ჩადგას მილი ბავშვის ტრაქეაში, იმისათვის რომ სწრაფად გამოწოვოს მეკონი სანამ იგი ფილტვებს მიაღწევს. ბავშვის ყვირილი შეიძლება იმ წამსვე არ გაიგონოთ, სანამ ეს პროცედურა არ მორჩება.

სხვა საყურადღებო მდგომარეობაა მაკროსომია, როდესაც ბავშვის წონა 4,5 კგ-ზე მეტია. ასეთ ბავშვებს მშობიარობისას გამოსვლის პრობლემები ექმნებათ. ეს საკეისრო კვეთის ერთ-ერთი მიზეზია. მიუხედავად არსებული რისკისა ასეთი ბავშები უსაფრთხოდ იბადებიან.

როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

თუ თქვენი ორსულობა 41 ან 42 კვირა გრძელდება, ექიმის მთავარი ამოცანაა განსაზღვროს მშობიარობის ზუსტი დრო. ამისათვის შეიძლება უკან დაუბრუნდეთ წინა გამოკვლევის მონაცემებს. როდის ინძრა პირველად ბავშვი, როდის იქნა მოსმენილი პირველად ბავშვის გულისცემა, რამდენად შეესაბამება ბავშვის ზომა ორსულობის ვადას, საშვილოსნოს სიგრძე 20 კვირის ვადაში და ულტრაბგერითი გამოკვლევის ადრეული მონაცემები დაეხმარება ორსულობის ვადის დადგენაში.

თუ ექიმი თვლის, რომ თქვენი მშობიარობა გადაცილებულია ინდივიდუალურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ზომებს მიიღებს იგი. ჩანასახის მდგომარეობაზე დასაკვირვებლად ჩაგიტარდებათ ტესტი დატვირთვის გარეშე, შეკუმშვის სტრეს ტესტი და ბიოფიზიკური პროფილის გამოკვლევები. ულტრაბგერითი გამოკვლევით დადგინდება ამნიოტური სითხის ოდენობა. მაშინ როცა ჩანასახის მდგომარეობა გაუარესდება, ან ამნიოტური სითხე დაიკლებს, მიიღებენ მშობიარობის დაჩქარების გადაწყვეტილებას.

დამატებით, საშვილოსნოს ყელი შეიძლება ყოველკვირეულად შემოწმდეს, იმის დასადგენად - იწყებს თუ არა გახსნას. ბევრი ექიმი აჩქარებს მშობიარობას 41 კვირის შემდეგ,  როდესაც საშვილოსნოს ყელი რბილდება და გახსნას იწყებს. იმ შემთხვევაში თუ მშობიარობის დაწყება აუცილებელია და ყელი ჯერ არ იხსნება, სპეციალური მედიკამენტებით ხდება მისი “მომწიფება”.

თუ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება ზოგიერთი ექიმი ელოდება საშვილოსნოს ყელის გახსნას. ზოგიერთი თვლის რომ 42 კვირას თუ გადაცდება ყველა შემთხვევაში უნდა დაჩქარდეს მშობიარობა. ზოგადად, ორსულობა არ უნდა გაგრძელდეს 43-44 კვირაზე მეტხანს, რადგან ამ დროისათვის ბავშვისათვის რისკი საკმაოდ იზრდება.

როგორ გაჩნდეს ბავშვი - საკეისრო კვეთით თუ ფიზიოლოგიური  გზით ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დიდი ზომის ბავშვი შეიძლება საკეისრო კვეთით გაჩდეს. თუ დედის საშვილოსნოს ყელი მომწიფებულია და ბავშვი არ იმყოფება გარკვეული საფრთხის წინაშე მაშინ არჩევანი ფიზიოლოგიურ მშობიარობაზეა. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ხდება ბავშვის გულისცემაზე და დედის ჭინთვებზე დაკვირვება.

გვიან გაჩენილ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ გრძელი და თხელი ტანი, ხშირად ისინი გრძელი ფრჩხილებით, ცოტა თმით და დაჭმუჭნული ხელისა და ფეხის გულებით იბადებიან.

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას