ორსულობის მეორე ტრიმესტრის გართულებები

პრობლემები ორსულობის დროს
ორსულობის პირველი ტრიმესტრის გართულებები
ორსულობის მესამე ტრიმესტრის გართულებები
სისხლდენა
ნაადრევი მშობიარობა
ანემია
საშვილოსნოს ყელის სისუსტე

ქალთა უმეტესობისათვის მეორე ტრიმესტრი შედარებით პრობლემების გარეშე მიმდინარეობს. ეს არის ექიმთან შეხვედრების, გამოკვლევების და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვის პერიოდი. მაგრამ ამ ეტაპზეც არსებობს პოტენციური პრობლმები.

ყველა მოსალოდნელი გართულებების წარმატებით მოგვარება მაშინ ხდება თუ დროზე უმკურნალებთ; ამიტომ თქვენთვის და თქვენი ბავშვისათვის მნიშვნელოვანია გამაფრთხილებელი  ნიშნების ცოდნა. ქვემოთ  შესაძლებელი შემთხვევებია აღწერილი.

სისხლდენა

მოშლა ორსულობის მეორე პერიოდში შედარებით ნაკლებად არის მოსალოდნელი, .მაგრამ რისკი მაინც არსებობს. როგორც დასაწყისში ასევე შუა ორსულობის პერიოდშიც ვაგინალური სისხლდენა  მოშლის მანიშნებელია. დაუკავშირდით ექიმს ნებისმიერი სისხლდენის შემთხვევაში. თუ დენა მცირეა ან არათანაბარი, შეიძლება არ იყოს ძალიან საყურადღებო. საშუალო და ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს; ეს შეიძლება შემდეგის მიმანიშნებელი იყოს:

  • მოშლა ( თუ ამას ადგილი აქვს 20 კვირამდე)
  • ნაადრევი მშობიარობა (თუ ეს ხდება 20 დან 37 კვირის პერიოდში)
  • პლაცენტის პრობლემები: პლაცენტა ან ძალიან ქვევით არის განლაგებული, ან მშობიარობამდე იწყებს აცლას საშვილოსნოს კედლიდან
  • თუ სისხლდენას ტკივილი ან სპაზმი ახლავს, აუცილებლად დაუკავშიდრდით ექიმს

ნაადრევი მშობიარობა

ორსულობა 37 დან 42 კვირამდე მიმდინარეობს. 37 კვირამდე მშობიარობა ნაადრევ მშობიარობად ითვლება. ნაადრევად გაჩენილი ბავშვები ძალიან მცირე წონის არიან (2,5 კგ-ზე ნაკლები). მცირე წონა ბევრი პრობლემის წინაშე აყენებს ნაადრევად გაჩენილ ბავშვებს.

რა იწვევს მას?

ნაადრევი მშობიარობის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ქვემოთ ჩამოთვლილია ნაადრევი მშობიარობის შესაძლებელი ფაქტორები:

  • წინა ნაადრევი მშობიარობა
  • ერთზე მეტი ჩანასახის არსებობა
  • წინა რამოდენიმე მოშლა და აბორტი
  • ამნიოტური სითხის ან ჩანასახოვანი მემბრანის ინფექცია
  • ჰიდრამნიოზი (ზედმეტი ამნიოტური სითხე)
  • საშვილოსნოს პათოლოგიები
  • პლაცენტასთან დაკავშირებული პრობლემები
  • დედის სერიოზული დაავადებები

რა სიმპტომები აღინიშნება ამ დროს?

ნაადრევი მშობიარობის სიპტომები შეიძლება იოლი ან მწვავე ფორმის იყოს. უმეტეს შემთხვევაში ნაადრევი მშობიარობის მიმანიშნებელია საშვილოსნოს შეკუმშვა. თუ ერთი საათის განმავლობაში ხუთზე მეტი შეკუმშვა გაქვთ, უნდა დაუკავშირდეთ ექიმს. პირველად ეს განიცდება როგორც მუცლის ღრუს დაჭიმვა, რომელიც თითის წვერით შეიძლება იგრძნო.

მშობარობის სხვა ნიშნები

საშვილოსნოს შეკუმშვებს შეიძლება თან ახლდეს წელის მსუბუქი ტკივილი, ქვევით მცირე მენჯში და ბარძაყების ზედა ნაწილში -- სიმძიმის განცდა; ასევე ტიპიურია ცვლილებები ვაგინალურ გამონადენში. შეიძლება ჭინთვებს თან ახლდეს სუსტი სისხლდენა, ან იგრძნოთ ვაგინიდან სითხის გამოსვლა. ეს შეიძლება ამნიოტური სითხე იყოს, ნიშანი იმისა, რომ ჩანასახის გარშემომხვევი მემბრანა გასკდა. თუ საშვილოსნოს ყელში დაგროვებული ლორწო გამოდის, თქვენ შეამჩნევთ სქელ გამონადენს, რომელიც სისხლით არის შეფერილი.

ზოგიერთს ეს ცვლილებები საშვილოსნოს შეკუმშვების გარეშე აღენიშნება. თუ თქვენ ეჭვები გაქვთ თქვენი მდგომარეობის მიმართ, ან სისხლდენა გაქვთ მუცლის ღრუს ტკივილებთან ან სპაზმებთან ერთად, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

თუ გიჩნდებათ ეჭვი ნაადრევ მშობიარობაზე, გარკვეული გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ. ამ დროს პასუხი უნდა გაიცეს ორ კითხვაზე: დაიწყო თუ არა გახსნა საშვილოსნოს ყელმა და ჩანასახის მემბრანა გასკდა თუ არა. ამისათვის მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები. საშვილოსნოს მონიტორირებით აკვირდებიან შეკუმშვათა (ჭინთვის) ხანგრძლიობას და მათ შორის დროის ინტერვალს. ამით ირკვევა მშობიარობა დაწყებულია თუ არა.

რა მკურნალობა ინიშნება ამ დროს?

როდესაც იწყება ნაადრევი მშობიარობა ამ დროს უნდა გადაწყდეს, შეაჩერონ ეს პროცესი, თუ ხელი არ შეუშალონ მას. ამ გადაწყვეტილებას ბევრი შემთხვევა განაპირობებს. ორივე შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ დედის და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ანემია

მზარდი ჩანასახი მოითხოვს დედის ორგანიზმში რკინის დიდი მარაგის არსებობას. რკინა მინერალია, რომელიც დიდ როლს თამაშობს სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებაში. ორსულობამდე თქვენ გჭირდებოდათ დღეში 15 მილიგრამი რკინა. ახლა ორჯერ მეტი - 30 მილიგრამია საჭირო. ისევე როგორც ყველა ქალს, თქვენს ორგანიზმშიც არ იქნება ასეთი რაოდენობის რკინა, გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ძნელია მიიღო საკმარისი რაოდენობის რკინა საკვებიდან მაშინ, როცა ცდილობთ არ ჭამოთ ძალიან ბევრი; რადგან ორსულების 20% რკინის ნაკლებობას განიცდის, ამისათვის ორსულობის მეორე ტრიმესტრში ხშირად ნიშნავენ რკინის პრეპარატებს.

რა იწვევს მას?

ანემია გამოწვეულია სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაკლებით. ჰემოგლობინი ცილის სახეა რომელიც მოთავსებულია სისხლის წითელ ბურთულებში. იგი გადამწყვეტ როლს თამაშობს სხეულის ქსოვილებისათვის ჟანგბადის მიწოდებაში. ორსულობის დროს ჰემოგლობინის დაკლება სისხლის მოცულობის გაზრდით არის გამოწვეული.

ორსულობის დროს სისხლის მოცულობა საგრძნობლად იზრდება, დაახლოებით 45%. სისხლის მოცულობის გაზრდა სისხლის პლაზმის მომატების ხარჯზე ხდება (სისხლის წითელი და თეთრი ბურთულებისაგან განსხვავებული ნაწილი). ორსულობის პირველ ნახევარში სისხლის პლაზმის მოცულობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე წითელი ბურთულები. ამის შედეგად, შესაბამისად მცირდება წითელი ბურთულების კონცენტრაცია.

ანემია მაშინ ვითარდება, როდესაც არ არის საკმარისი რკინა იმისათვის, რომ წითელი უჯრედების მეტი რაოდენობა აწარმოოს. შედეგია სისხლში ჰემოგლობინის დაწევა.

რკინის დეფიციტის გარდა ანემიის სხვა მიზეზებიც არსებობს. ეს არის: დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა (ჰემორაგია), გამოწვეული ქირურგიული მკურნალობით ან რაიმე ზიანით: ქრონიკული დაავადება (სერიოზული ინფექციები ან თირკმლის დაავადებები):  ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტი (ვიტამინი, რომელიც სისხლის წითელი ბურთულების პროდუქციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს). ორსულ ქალებთან რკინის ნაკლებობა ანემიის ყველაზე ხშირი მიზეზია.

ა.შ.შ.-ში ქალების უმეტესობა, რომლებიც ორსულად არიან, განიცდიან რკინის ნაკლებობას. ქალი მენსტრუაციის პერიოდში რკინას სისხლთან ერთად კარგავს, ეს არის მათი ანემიისადმი განწყობის ერთ-ერთი მიზეზი. არადექვატური დიეტა ანემიის მეორე მიზეზია. ქალი, რომელიც პრენატალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და რკინის დამატებებს იღებს, დაზღვეულია რკინის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემებისაგან.  წინააღმდეგ შენთხვევაში რკინის ნაკლებობა ძალიან ხშირია. ანემიამ ორსულებში შეიძლება დაღლა, სტრესი და დაავადებების მიმართ განწყობა გამოიწვიოს. მაგრამ ამ დროს ზიანი არ ემუქრება ჩანასახს. ე.ი. როცა დედა რკინის ნაკლებობას განიცდის პლაცენტა და ჩანასახი მაინც იღებს მისთვის აუცილებელ რაოდენობას.

რა სიმპტომები აღინიშნება ამ დროს?

მსუბუქი ანემიის შემთხვევაში თქვენ შეიძლება არ გქონდეთ სიმპტომები. საშუალო ან ძლიერი ანემიის დროს შეიძლება შემდეგმა სიმპტომებმა იჩინოს თავი:

  • ძლიერი დაღლა და სისუსტე
  • სიფერმკრთალე
  • სუნთქვის გახშირება
  • გულის ფრიალი
  • თავბრუსხვევა, გაბრუება

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

ექიმთან პირველი ვიზიტის დროს, ორსულობის დასაწყისში, სისხლის ანალიზი კეთდება იმის დასადგენად არის თუ არა ჰემოგლობინი ნორმაში. თუ თქვენ ანემიური არა ხართ, ეს პრობლემა შეიძლება თანდათან, სისხლის მოცულობის ზრდასთან ერთად წარმოიქმნას, რადგან სულ უფრო მეტი საკვების გადაცემა ხდება მზარდი ჩანასახისათვის. ფაქტიურად რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემია ხშირია ორსულობის მე-20 კვირიდან. ექიმების უმეტესობა ანემიის თავიდან აცილების ან პროფილაქტიკის მიზნით რკინის დამატებას ნიშნავს.

რა მკურნალობა ინიშნება ამ დროს?

მკურნალობა კაფსულების ან აბების სახით რკინის დამატებით მიღებაში მდგომარეობს, სანამ ჰემოგლობინის შემადგენლობა სისხლში არ მიაღწევს სასურველ დონეს. უმეტესად დამატებით რკინას ორსულობის მეორე ტრიმესტრში იღებენ; თუ ამ შემთხვევაშიც არ მოგვარდა თქვენი პრობლემა, საჭიროა დოზის გაზრდა.

რკინის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს გულის რევის შეგრძნება და ღებინება. შეიძლება დანიშნული რკინის მიღება თქვენთვის უკეთესია ძილის წინ, თუ ეს იწვევს კუჭის მოქმედების აშლას. იმისათვის, რომ არ დაგავიწყდეთ დანიშნულების ყოველდღიურად მიღება კბილის ჯაგრისთან დადეთ. როგორც ყველა სხვა წამალი ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას დადეთ რკინის შემცველი აბები ან კაფსულები. ძალიან იშვიათად საჭიროა სისხლის გადასხმა, იმ შემთხვევაში თუ ქალი ძალინ ანემიურია, ან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა.

საშვილოსნოს ყელის სისუსტე

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში მუცლის მოშლა გამოწვეულია საშვილოსნოს ყელის სისუსტით, როდესაც ყელი იწყებს გახსნას, სანამ მშობიარობა დაიწყება. როდესაც ეს პრობლემები საშვილოსნოს ყელის სისუსტით არის გამოწვეული, ადგილი არა აქვს ტკივილს და საშვილოსნოს შეკუმშვებს. ეს  თანდათანობითი გახსნა, ნორმალური შემთხვევისაგან განსხვავებით, გამოწვეულია სუსტ საშვილოსნოს ყელზე მზარდი ნაყოფის ზეწოლის შედეგად. თუ მისი შეჩერება დროულად არ მოხდა მემბრანის გახეთქვა და ნაადრევი  მშობიარობა გარდაუვალია.

თუ თქვენ გაქვთ საშვილოსნოს ყელის სისუსტე, ამ მდგომარეობის სამედიცინო სახელწოდებამ შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ თქვენ სუსტი და არაადექვატური ჯანმრთელობის ხართ. სისუსტე ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ საშვილოსნოს ყელის კუნთებს არ შეუძლია აიტანოს მზარდი ნაყოფის ზეწოლა.

რა იწვევს მას?

ეს შედარებით იშვიათი  მდგომარეობაა, ორსულების დაახლოებით 1-2% აღინიშნება. მაგრამ ამ შემთხვევიდან 20-25% მოშლა ორსულობის მეორე ტრიმესტრში ხდება. შესაძლებელი მიზეზებია:

  • საშვილოსნოს ყელზე გადატანილი ოპერაცია
  • საშვილოსნოს ყელის დაზიანება წინა რთული მშობიარობის გამო
  • საშვილოსნოს ყელის  თანშობილი დეფექტი.

ასეთი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში შემდეგი ორსულობის დროს მოსალოდნელია  იგივე გამეორდეს.

სხვა შემთხვევებში, მიზეზი შეიძლება იყოს ერთზე მეტი ჩანასახის არსებობა,  ან ზედმეტი ამნიოტური სითხე (ჰიდრამნიოზი). ასეთ მიზეზების არსებობის დროს  არ არის მოსალოდნელი იგივეს გამეორება სხვა ორსულობის დროსაც.

რა სიმპტომები აღინიშნება ამ დროს?

საშვილოსნოს ყელის სისუსტემ შეიძლება მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის ტიპიური სიმპტომები გამოიწვიოს. როდესაც აღნიშნული სიმპტომები სახეზეა მუცლის ღრუს ტკივილის გარეშე, მაშინ მიზეზი საშვილოსნოს ყელის სისუსტე შეიძლება იყოს.

  • დალაქავება ან სისხლდენა
  • ვაგინალური გამონადენი, რომელიც სისხლიანი, სქელი ან ლორწოს მსგავსი
  • მუცლის ქვევით სიმძიმის შეგრძნება.

ასეთი სიმპტომები უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ადრე საშვილოსნოს ყელის სისუსტის გამო მოგეშალათ მუცელი.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

ცდილობენ მისი გამოვლენა მოხდეს სანამ გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს, მაგრამ ეს ძალისხმევა ჯერ-ჯერობით წარმატებული არ არის.

რა მკურნალობა ინიშნება ამ დროს?

თუ თქვენ ამ პრობლემის გამო მოგეშალათ მუცელი, მაშინ ექიმი გარკვეულ ზომებს მიიღებს, რომ მსგავსი პრობლემა მიმდინარე ორსულობის დროს არ გამეორედს. მკურნალობა ხდება ქირურგიული ჩარევით- სერკლაჟით (წრიული, არაგამწოვი ნაკერის დადება საშვილოსნოს ხვრელის გარშემო) რომელიც საშვილოსნოს ყელის კუნთს აძლიერებს.

ამისათვის რამოდენიმე პროცედურა ტარდება.  მაგრამ ყველა გულისხმობს ნაკერის მოთავსებას საშვილოსნოს ყელის ხვრელში არხის დასავიწროებლად.

სერკლაჟი წარმატებულად ტარდება თუ იგი ორსულობის 18-20 კვირის ვადაში ხორციელდება. იმის მიხედვით თუ რა პროცედურა ტარდება, ნაკერი შეიძლება დატოვონ ან მოაცილონ მშობიარობის დღისათვის. ეს სრულად არ იცავს ორსულ ქალს ნაადრევი მშობიარობისგან ან მუცლის მოშლისგან. ამისათვის საჭიროა დამეტებითი ზომების მიღება; ეს არის: წოლითი რეჟიმი და ტოკოლიტებით მკურნალობა (მედიკამენტი, რომელიც აჩერებს საშვილოსნოს შეკუმშვებს). ასეთ შემთხვევაში, საშვილოსნოს ყელის სისუსტის მიზეზით ნაადრევი მშობიარობის რისკი 25% რჩება.

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას