პრობლემები ორსულობის დროს

I ტრიმესტრის გართულებები
II ტრიმესტრის გართულებები
III ტრიმესტრის გართულებები
დაღლა
გულის რევა და ღებინება
ხშირი შარდვა
მკერდის დაჭიმულობა
თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
წონაში მატება

ფიზიკური განვითარება და ცვლილებები

ორსულობა 40 კვირა მიმდინარეობს, რომელიც ბოლო მენსტრუაციის პერველი დღიდან ითვლება. ორსულობა სამ პერიოდად იყოფა. პირველი ტრიმესტრი 12 კვირა მიმდინარეობს, მეორე ტრიმესტრი 13-დან 27 კვირის ჩათვლით, ხოლო მესამე ტრიმესტრი 28-დან 40 კვირის ჩათვლით მიმდინარეობს. ეს დაყოფა პირობითია, და შეიძლება მცირე განსხვავებები არსებობდეს.

ორსულობის თითოეული ტრიმესტრი მნიშვნელოვანი თავისებურებებით ხასიათდება. ასეთ პერიოდებად დაყოფა ექიმს და ორსულ ქალს ხელს უწყობს ორსულობის დროს გარკვეული პრობლემების მოგვარებაში.

პირველ ტრიმესტრში თქვენს ორგანიზმში ღრმა ცვლილებები მიმდინარეობს, რომელსაც თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად განიცდის. მაგალითად, ზოგიერთი ქალი თავიდანვე გრძნობს რომ იგი ფეხმძიმედაა, ხოლო ზოგიერთი მხოლოდ გამოკვლევების ან ექიმის დამოწმების შემდეგ რწმუნდება ამაში. თუ ზოგიერთი ორსულობის პირველ ტრიმესტრში თავს კარგად გრძნობს და ენეგიულია, სხვებისთვის ეს ემოციური და ფიზიკური დაღლილობის მძიმე პერიოდია. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ქალი გვიან პერიოდამდე ცვლილებებს არ გრძნობს.

მიუხედავად იმისა რომ, ორსულობის ადრეულ პერიოდში არაკომფორტულად გრძნობთ თავს, ეს მდგომარეობა არ უქმნის საფრთხეს არც თქვენს და არც ბავშვის ჯანმრთელობას. ყოველი ორსულობა უნიკალურია, და შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან თქვენ მხოლოდ ზოგიერთი ან სულაც არცერთი არ განიცადოთ. თითოეული მოსალოდნელი სიმპტომის ცოდნა (იმ თვალსაზრისით თუ რა ხდება თქვენს ორგანიზმში ამ დროს), და მათი მოგვარების გზები მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. თუ თქვენ პირველად არა ხართ ორსულად, თქვენ ბევრ ისეთს აღმოაჩენთ, რაც ადრე გაქვთ განცდილი.

დაღლა

რა იწვევს მას?

ქალების უმეტესობა ორსულობის ადრეულ პერიოდში დაღლას განიცდის. ეს გასაგები მდგომარეობაა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს – რა სამუშაოს აკეთებს თქვენი ორგანიზმი. ორსულობის პერველ კვირეებში ორგანიზმი იწყებს მეტი სისხლის წარმოებას, იმისათვის რომ ჩანასახს საკვები მიეწოდოს. თქვენი გული გაზრდილი სისხლის ნაკადის გადასატუმბად ბევრად მეტს მუშაობს. პულსი წუთში  10 –15 დარტყმით იზრდება. იცვლება ორგანიზმის მიერ წყლის, ცილების, კარბოჰიდრატის და ცხიმის გამოყენება. ამ ღრმა ცვლილებების კომბინაცია თქვენს მიერ განიცდება როგორც დაღლა.

ამ დამღლელი ფიზიკური ცვლილებების გარდა თქვენ ასევე ახალ განცდებს და ფიქრებს ეგუებით. რაც არ უნდა სასურველი იყოს ორსულობა, მას დამატებითი სტრესი მოაქვს. თქვენ შეიძლება შიშობდეთ ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, ნერვიულობდეთ იმაზე თუ როგორ შეეგუებით დედობას, და ასევე, გაზრდილ ხარჯებზე. ამ დროს გარკვეულ როლს თქვენი სამსახურიც თამაშობს - რამდენად პროდუქტული იქნებით ორსულობის პერიოდში.

შფოთვა ყოველთვის ჩნდება, არა აქვს მნიშვნელობა პირველი ორსულობაა თუ მეოთხე. ეს ბუნებრივი და ნორმალური მდგომარეობაა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება.

რა შემიძლია გავაკეთო ამ დროს?

  • დასვენება. ეცადეთ ხშირად (რამდენიც გჭირდებათ) დაისვენოთ. ბავშვის გაჩენის შემდეგ თქვენი ცხოვრების წესი შეიცვლება, ამიტომ ამის რეგულირება თქვენ ეხლა შეგიძლიათ ასევე მნიშვნელოვანია - კარგი კვება, ნიკოტინის და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება. მონახეთ ყველანირი საშუალება იმისათვის რომ დაისვენოთ.
  • ეცადეთ დღის განმავლობაში დაიძინოთ. სამსახურში დაისვენეთ, ეს ენერგიას აღგიდგენთ.

თუ დღის განმავლობაში არ შეგიძლიათ დაძინება, მაშინ ეს სამსახურის შემდეგ უნდა მოახერხოთ, საუზმის და საღამოს საქმიანობების წინ. თუ სხვა ბავშვებიც გყავთ, ახლობლებს მიეცით საშუალება, რომ ხელი შეგიწყონ. შეამცირეთ ვიზიტები თუ ეს თქვენ გღლით, თქვენ ეხლა ისეთ მდგომარეობაში იმყოფებით, რომ ამას გაგიგებენ. სთხოვეთ სხვებს გაგიგონ და დაგეხმარონ, თანდათან თქვენ ეს უფრო დაგჭირდებათ.

თუ ადრე გინდათ დაწვეთ, ნურაფერს მოერიდებით. შეეცადეთ არ დალიოთ ბევრი სითხე ძილის წინ რამოდენიმე საათის განმავლობაში. შედეგად არ დაგჭირდებათ ღამე ადგომა, და ნორმალური ძილის საშუალება მოგეცემათ.

  • ვარჯიში. ენერგიის მომატებისათვის საუკეთესო საშუალებაა ვარჯიში. რაც უფრო მეტს ვარჯიშობთ მით უფრო მეტი ენერგია გექნებათ. ისეთი ვარჯიში როგორიცაა დღეში ნახევარი საათი სიარული, საგრძნობლად მოგიმატებთ ენერგიას.
  • სწორი კვება. ბალანსირებული კვება უფრო მნიშვნელოვანია ფეხმძიმობის დროს. დაღლა, რომელიც ბუნებრივია ფეხმძიმობის პირეველ პერიოდში,  უფრო მწვავდება თუ არ იღებთ საკმარისი ოდენობის რკინას და ცილებს.

გულის რევა და ღებინება

რა იწვევს მას?

ერთერთი თეორიის მიხედვით ორსულობის ადრეულ პერიოდში ღებინება და გულისრევა გამოწვეულია პლაცენტისა და ჩანასახის მიერ წარმოქმნილი ჰორმონალური ცვლილებებით. ამ დროს კუჭნაწლავის ცვლილებებიც აღინიშნება _ ორსულობის ჰორმონების ზემოქმედებით ნელდება კუჭის მოქმედება. ღებინება და გულისრევა ასევე მწვავდება ემოციური სტრესით და დაღლილობით.

მიუხედავად იმისა, რომ გულისრევას და ღებინებას “დილის სისუსტეს” უწოდებენ, იგი დღის ნებისმიერ დროს შეიძლება აღინიშნოს. ეს იმდენად ხშირი პრობლემაა, რომ ორსულების 70% აღენიშნება. იგი ყველაზე მწვავეა პირველი ორსულობისას, ახალგაზრდა დედებთან და ერთზე მეტი ნაყოფის შემთხვევაში. ჩვეულებრივ, ღებინება და გულისრევა გესტაციური პერიოდის მეოთხე - მერვე კვირას იწყება,  და გადის 14-16 კვირის შემდეგ, ზოგიერთს კი მთელი ორსულობის პერიოდში აღენიშნება. ძალიან იშვიათია, როცა გულისრევა და ღებინება იმდენად მწვავე ფორმის არის, რომ დედას არ შეუძლია საკმარისი ოდენობის საკვების და სითხის შენარჩუნება. ეს მდგომარეობა ცნობილია hyperemesis gravidarium–ის სახელწოდებით.

რა შემიძლია გავაკეთო ამ დროს?

შეცვალეთ კვების ჩვევები. ჭამეთ ხშირად და ცოტ-ცოტა. სადილს ცოტა სითხე მიაყოლეთ., ეს გარკვეულ შვებას მოგგვრით. კუჭი არ უნდა იყოს არც სავსე და არც ცარიელი; რადგან ორივე შემთხვევაში შეიძლება ღებინებას და გულისრევას ჰქონდეს ადგილი.

  • დილის მსუბუქი საუზმე. თუ დილით გულისრევის შეგრძნება გაქვთ, სანამ ადგებით პატარა ლუკმებით მიირთვით ორცხობილა ან ყლუპებით დალიეთ სუსტი ჩაი. ადექით ნელა, მიეცით საშუალება ორგანიზმს მოინელოს საკვები სანამ ადგებით.
  • დასვენება. დაღლა ასევე ხელს უწყობს გულისრევის შეგრძნებას. დამატებითი ძილი დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.
  • თავიდან აიცილეთ უსიამოვნო სუნები და კერძები. მრავალ ქალს ფეხმძიმობის დროს არ სიმოვნებს გარკვეული საკვები ან სუნი, ისეთიც კი, რომელიც ადრე არ აწუხებდა. ეცადეთ მოერიდოთ ისეთ სუნებს და საკვებს, რომელიც ამწვავებს გულისრევის შეგრძნებას.
  • განკურნების სხვა საშუალებები. ასევე, ამ მდგომარეობის შემსუბუქება ანტაციდ-ით (კუჭის მჟავიანობის დამწევი საშუალება) არის შესაძლებელი. არ მიიღოთ მედიკამენტი ექიმის რჩევის გარეშე. B6 ვიტამინი ასევე მიღებულია ღებინების საწინააღმდეგოდ, მაგრამ გაესაუბრეთ ექიმს სანამ ვიტამინის მიღებას გადაწყვიტავთ.

ხშირი შარდვა

რა იწვევს მას?

ორსულობის პირველ ტრიმესტრში საშვილოსნოს გაზრდილი ზომა, თირკმლის უფრო ეფექტურ ფუნქციონირებასთან  ერთად,  ხშირი შარდვას იწვევს. ცემინების, ხველების და სიცილის დროს შეიძლება შარდის ოდნავ გაპარვაც იგრძნოთ. ეს გამოწვეულია მზარდი საშვილოსნოს შარდის ბუშტზე დაწოლით, რომელიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში საშვილოსნოს ქვევით არის განლაგებული. მეოთხე თვეში საშვილოსნო იშლება მენჯის ღრუში, ისე რომ იგი აღარ აწვება შარდის ბუშტს.

რა შემიძლია გავაკეთო ამ დროს?

თუ დაწოლის წინ, რამოდენიმე საათის განმავლობაში სითხეს არ მიიღებთ ეს ღამის ძილს გაგიადვილებთ. მაგრამ ორსულობის დროს არ უნდა შეზღუდოთ სითხის მიღება.

მოშარდეთ ისეთი სიხშირით, რამდენის საჭიროებასაც გრძნობთ. შარდის შეკავება იწვევს შარდის ბუშტის არასრულად  განთავისუფლებას. ეს შეიძლება გადაიზარდოს საშარდე გზების ინფექციებში. შარდის ბუშტის ბოლომდე განთავისუფლება მოშარდვის სიხშირესაც შეგიმცირებთ.

მკერდის დაჭიმულობა

რა იწვევს მას?

ესტროგენის და პროგესტერონის ჰორმონების გაზრდილი წარმოქმნა მკერდის ცვლილებების პირველადი მიზეზია. გესტაციის პერველი კვირეების დროს, მკერდი შეიძლება დაგიმძიმდეთ, დაგეჭიმოთ და მტკივნეული გახდეს.

რა შემიძლია გავაკეთო ამ დროს?

სპეციალური აზღუდის ტარება შეგიმსუბუქებთ მკერდის ტკივილს. ეს ძალიან კომფორტულია. თუ მკერდი ღამეც გაწუხებთ აზღუდი შეგიძლიათ ღამეც იხმაროთ.

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა

რა იწვევს მას?

ორსულობის ადრეულ ეტაპზე ბევრს აწუხებს თავის ტკივლი. ამის მიზეზი უცნობია, მაგრამ სხვა აღწერილი სიმპტომების მსგავსად, თავის ტკივილის საფუძველი ჰორმონალური და სისხლის მიმოქცევის ცვლილებები შეიძლება იყოს. სხვა შესაძლო მიზეზია სტრესი და დაღლა, რომელიც თან ახლავს ორსულობასთან ფიზიკურ და ემოციურ შეგუებას. თუ თქვენ შეწყვეტთ ან შეამცირებთ კოფეინის მიღებას, ასეთმა ცვლილებამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი.

თავბრუსხვევა ასევე ხშირია ორსულობის დროს, რომელიც სისხლის მიმოქცევის ცვლილებებით არის გამოწვეული. თავბრუსვევის მიზეზია ასევე სტრესი, დაღლა და შიმშილი. თუ თავბრუსხვევა მწვავე ფორმისაა და მას თან ახლავს  ტკივილი მუცლის ღრუში ან ვაგინალური სისხლდენა, ამის სერიოზული მიზეზი შეიძლება იყოს საშვილოსნოს გარეთა ორსულობა.

მიუხედავად იმისა, რომ თავის ტკივილი და თავბრუსხევა შეიძლება არ იყო სახიფათო, მაინც დაუკავშირდით ექიმს მწვავე ფორმის შემთხვევაში. მიგრენული ან ფეთქვის მსგავსი თავის ტკივილის დროს, ან თავბრუსხვევის ეპიზოდების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დაკავშირება.

რა შემიძლია გავაკეთო ამ დროს?

თავის ტკივილი შეიძლება შეგიმსუბუქდეთ თბილი კომპრესებით შუბლზე, ცხვირის, თვალების და საფეთქლის გარშემო. დაჭიმული ტკივილი კისერზე ცივი კომპრესებით შეიძლება შეიმსუბუქოთ.

რელაქსაცია გარდა იმისა, რომ თავის ტკივილს შეგიმსუბუქებთ, კარგ განწყობაზეც დაგაყენებთ. ეს შეიძლება ძალიან მარტივად განახორციელოთ: დახუჭეთ თვალები, და წარმოიდგინეთ წყნარი, სასიამოვნო ადგილი. კარგი კვება, ვარჯიში და დასვენება ასევე მნიშვნელოვანია.

რჩევა ადვილია ვიდრე მისი შესრულება, მაგრამ რამდენადაც შეგიძლიათ შეამცირეთ სტრესი. ზოგიერთი სტრესის აცილება შეუძლებელია, ამ დროს უნდა გააძლიეროთ მისი მართვის მექანიზმები. თუ დამოუკიდებლად ვერ ართმევთ თავს ამ ამოცანას, მიმართეთ თერაპევტს ან კონსულტანტს, შეიძლება ერთი შეხვედრაც საკმარისი იყოს თქვენთვის.

ექიმის გარეშე ნუ მიიღებთ ტკივილგამაყუჩებელს, მაგ. ასპირინს, იბუპროფენს, ან ნაპროქსენ სოდიუმს (ადვილი, იბუპრინი, მოტრინი, ნუპრინი). აცეტამინოფენი (ასპირინი, პანადოლი, ტაილენოლი) უკეთესი არჩევანია ორსულობის დროს. მაგრამ ყველა შემთხვევაში თავი აარიდეთ მედიკამენტების მიღებას, თუ ეს ძალიან აუცელებელი არ არის. ასევე მიუღებელია ექიმის გარეშე ნებისმიერი წამლის მიღება.

იშვიათი და სუსტი თავბრუსხვევის შესამცირებლად ეცადეთ ნელა ადგეთ და დაჯდეთ. ეცადეთ შეინარჩუნოთ სისხლში შაქრის დონე ჩირის, ხილის, რუხი პურის და ნაკლებად ცხიმიანი მაწონის მიღებით.

წონაში მატება

ორსულობის დროს მთლიანად იმატებენ საშუალოდ 11-დან 14 კილომდე. დასაწყისში წონაში ნაკლებად იმატებთ. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნორმალური წონის მატებად დაახლოებით ერთი კილოს მომატება ითვლება.

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას