გონებრივი ჩამორჩენილობა

რა არის გონებრივი ჩამორჩენილობა?
რითი ხასიათდება გონებრივი ჩამორჩენილობა?
რა მიზეზები იწვევს გონებრივი ჩამორჩენილობას?
რამდენად ხშირია გონებრივი ჩამორჩენილობა?
რა არის ძირითადი პრობლემები გონებრივი ჩამორჩენილობის დროს?
როგორ დავეხმაროთ გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვს?
რას ნიშნავს შესატყვისი აღზრდა და სწავლება?
შეიძლება თუ არა გონებრივი ჩამორჩენილობის განკურნება?
რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?
როგორ ვასწავლოთ გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვს?
როგორია ჩემი შვილის მომავალი?


რა არის გონებრივი ჩამორჩენილობა?

გონებრივი ჩამორჩენილობა ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმაა. იგი ისეთი მდგომარეობაა, რომელიც აღმოცენდება ადამიანის სიცოცხლის ადრეულ ასაკში და მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ განვითარებაზე და ჩვევების ჩამოყალიბებაზე.

ამერიკის გონებრივი ჩამორჩენილობის ასოციაციის (AAMR)განმარტების მიხედვით: გონებრივი ჩამორჩენილობა არის ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირების დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა, რომელიც უკავშირდება ადაპტაციური ქცევის დეფიციტს და ვლინდება ადამიანის განვითარების პერიოდში. “ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირება”, ანუ IQ –ინტელექტუალური კოეფიციენტი არის ინდივიდუალურად ჩატარებული ინტელექტის ტესტში მიღებული ქულა. “მნიშვნელოვანი გადახრა” ნიშნავს IQ მაჩვენებელს, რომელიც ნორმაზე საგრძნობლად დაბალია. ნორმალური IQ- 90-110, გონებრივი ჩამორჩენილობის შესახებ შეიძლება მსჯელობა, როდესაც IQ- 70-ზე დაბალია.

“ადაპტაციური ქცევის დეფიციტი” ნიშნავს მნიშვნელოვან ჩამორჩენას მომწიფებაში, შეზღუდვებს სწავლაში, პიროვნულ დამოუკიდებლობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაში. “განვითარების პერიოდი”- იგულისხმება დაბადებიდან 18 წლამდე, თუმცა უკანასკნელ ხანს თვლიან მუცლადყოფნის პერიოდიდან 18 წლამდე.

გონებრივი ჩამორჩენილობა ხასიათდება ინტელექტუალური უნარების დაქვეითებით და ადაპტაციური უნარების ორ ან მეტ სფეროში დარღვევით, ისეთი, როგირიცაა კომუნიკაცია, თვითმომსახურება, სოციალური ჩვევები, სწავლა, მუშაობა, დასვენება, საოჯახო საქმიანობა.
განმარტებიდან ჩანს, რომ გონებრივი განვითარების დიაგნოზი დამოკიდებულია როგორც პიროვნების ინტელექტის, ასევე მისი სოციალური უნარების და დამოუკიდებლად ფუნქციონირების შეფასებაზე მისისვე ასაკისად დაკულტურის სხვა ადამიანებთან მიმართებაში.

არსებობს გონებრივი ჩამორჩენილობის სხვადასხვა ხარისხი. იგი დამოკიდებულია განვითარების დარღვევის ხარისხზე, რაც შემეცნებითი, ემოციური და ნებელობითი სფეროს განვითარების დონეში ვლინდება ასაკობრივ ნორმასთან შედარებით. ძველი კლასიფიკაციით გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხს განსაზღვრავდნენ IQ ტესტში მიღებული ქულების მიხედვით: 50-55 – 70 ქულა იოლი გონებრივი ჩამორჩენილობა

35-40 – 50 ქულა საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა
20-25 – 40 ქულა ძლიერი გონებრივი ჩამორჩენილობა
<20-ზე ქულა მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა.

1992 წლიდან გონებრივი ჩამორჩენილობის კლასიფიკაცია ხორციელდება ინდივიდის შესაძლებლობების, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების, მისი გარემოსთან შეგუების ხარისხის მიხედვით. შესაბამისად  გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა დონის და ხარისხის დახმარება ესაჭიროება პიროვნებას, ანუ რამდენად დამოუკიდებელია იგი. გამოყოფენ დახმარების 4 დონეს:

  1. დროებითი: არ ესაჭიროება მუდმივი დახმარება, მაგრამ შეიძლება დასჭირდეს დროებითი მხარდაჭერა გარკვეულ შემთხვევებში, მაგ. პროფესიის ათვისება, სამუშაოს შოვნა.
  2. შეზღუდული: პერიოდულად ესაჭიროება გარკვეული სახის დახმარება, მაგ. ფინანსების განკარგვაში და განაწილებაში, პროფესიის ათვისებაში და ჩვევების გავარჯიშებაში.
  3. ექსტენსიური: ესაჭიროება ყოველდღიური დახმარება ცხოვრების სხვადსახვა ასპექტში.
  4. ყოვლისმომცველი: მოითხოვს მუდმივ, დიდი ინტენსივობის დახმარებას ცხოვრების ყველა ასპექტში.

რითი ხასიათდება გონებრივი ჩამორჩენილობა?

ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევას გონებრივი ჩამორჩენილობის დროს ფართო დიაპაზონი აქვს. ზოგიერთ ბავშვში ეს იოლად ვლინდება, ზოგიერთში კი ძლიერ არის გამოხატული. გონებრივი ცამორჩენილობა ბავშვის ფსიქიკური განვითარების შეუქცევად დარღვევას გულისხმობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ბავშვის განათლება და განვითარება შეუძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვის განვითარებას გონებრივი ჩამორჩენილობის დროს განსხვავებული კანონზომიერება და ტემპი აქვს. ამიტომ, ყოველი ინდივიდუალური ბავშვის სწავლის შესაძლებლობების დასადგენად, მნიშვნელობა აქვს მისი განვითარების ინდივიდუალურ ტემპს და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. გონებივი ჩამორჩენილობის დასახასიათებლად აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საშუალო ბავშვის ფსიქიკური განვითარება შემდეგ სფეროებს მოიცავს: შემეცნებითი უნარები, მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი, უხეში და ნატიფი მოტორული უნარები, სოციალურ-ემოციური განვითარება.

  • ყველაზე გამოხატულად გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირებში მათი აზროვნების სპეციფიკური ხასიათი ჩანს. მაგალითად,  მსგავსების პოვნა თაგვსა და სპილოს შორის. ამ ამოცანის გადჭრა მოითხოვს აღქმით მიღებული თვალსაჩინო შთაბეჭდილებების და ასოციაციური განსხვავებების იგნორირებას და მსგავსების პოვნას ორი ობიექტის ისეთი თვისების მიხედვით, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს. მსგავსების პრობლემის გადაჭრის და შესაბამისად აბატრაქტული აზროვნების დროს, გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებში ძირითადი პრობელემა მდგომარეობს არა იმაში, რომ ისინი არ ფლობენ სწორ კატეგორიას, ან არ იციან ეს სიტყვები, არამედ იმაში, რომ არ შეუძლიათ დომინირებული, თვალსაჩინო ხატის საფუძვლეზე აღმოცენებული აზრის უკუგდება. გონებრივი ჩამორჩენილობის არმქონე და მქონე ბავშვებმაც იციან, რომ თაგვიცა და სპილოც ცხოველია. მაგრამ, მათ უნდა შეძლონ ზომაში სხვაობის იგნორირება. გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვის დასკვნაზე ამ განსხვავების გავლენა ძალიან ძლიერია. იგი ვერ პოულობს საერთო ნიშანს, რადგან მთელი მისი ყურადღება განსხვავებაზეა მიპყრობილი. ამ დროს, ბავშვის აზროვნება კონკრეტულ-თვალსაჩინო ხასიათს ატარებს. ბავშვის ცოდნაც კონკრეტულ-სიტუაციურია და მისი განზოგადება სხვა სიტუაციაში ძნელდება.
  • გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებს აბსტრაქტულ აზროვნებასთან ერთად სხვა შემეცნებითი ფსიქიკური ფუნქციების განვითარებაშიც აქვთ სირთულეები. კერძოდ:
  1. სწავლის ნელი ტემპი: ჩვევების ასათვისებლად, ახალი ინფორმაციის შესაძენად ბავშვს ხანგრძლივი პერიოდი და ხშირი გამეორება ესაჭიროება.
  2. ყურადღების დარრვევა: ბვშვისათვის დიდი პრობელმაა ნებისმიერი ყურადღების წარმართვა და ხალ მოქმედებაზე მისი გადანაცვლება.
  3. პრობლემის გადაწყვეტის სირთულეები: ბავშვს უჭირს დამოუკიდებლად გაიგოს პრობლემის ხასიათი და იპოვოს მისი გადაწყვეტის გზები.
  • გონებრივი ჩამორჩენილობის დროს ხშირია მეტყველების პრობლემები. მეტყველების განვითარების დონე დამოკიდებულია ფსიქიკური განვითარების დარღვევის ხარისხზე. რაც უფრო გამოხატულია გონებრივი ჩამორჩენილობა, მით უფრო მეტი პრობლემა აქვს ბავშვს მეტყველების დაუფლებაში. მეტყველების განვითარების სირთულე მეტად მრავალფეროვანია, დაწყებული ლექსიკური მარაგის, არტიკულაციის, სინტაქსის გამოყენების, ამბის მოყოლის პრობლემებით, დამთავრებული მეტყველების განვითარების ძლიერი დარღვევით, როდესაც ბავშვს არ შეუძლია კომუნიკაცია ენის საშუალებით.
  • გონებრივი ჩამორჩენილობის დროს ბავშვს მოტორული სფეროს პრობლემებიც აქვს.
  1. ჩვილობის ასაკში ბავშვი გვიან სწავლობს ჯდომას, დგომას, სიარულს.
  2. სკოლამდელი ასაკის ბავშვის მოძრაობები მოუქნელია, უჭირს შეთანხმებული მოძრაობების განხორციელება, მაგ. სირბილი, ბურთით თამაში, კოვზის, დანა-ჩანგლის ხმარება.
  3. უჭირს ნატიფი მოძრაობების განხორციელება და შესაბამისად ისეთი ჩვევების ათვისება, რომელიც ხელების და თითების ნატიფ, მოქნილ მოძრაობას მოითხოვს: დანის, მაკრატლის, ფანქრის  ხმარება.
  4. ბავშვისათვის რთულია ნებითი მოტორული მოქმედების დაგეგმვა და კონტროლი: ისეთი მოძრაობების შესრულება, რომლებიც თანმიმდევრობას და შეთანხმებულობას მოითხოვს. ბავშვს უჭირს თვითმომსახურების ჩვევების დამოუკიდებლად ათვისება (ჭამა, ჩაცმა, ტუალეტი, დაბანა). მხოლოდ ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ ხდება შესაძლებელი მოტორული ჩვევების რაღაც ხარისხით ათვისება.
  • შემეცნებითი სირთულეებისა და კომუნიკაციური შეზღუდვების გამო ბავშვებს უჭირთ სოციალური ადაპტაცია. ისინი გვიან და რთულად ითვისებენ სოციალურ ჩვევებს: როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახში, საზოგადოებაში, საზოგადოებრივ ადგილებში (მაღაზია, ტრანსპორტი, კაფე). ასეთ ბავშვებს თავის ასაკთან შედარებით მოუმწიფებელი სოციალური უნარები აქვთ.
  • ბავშვები ემოციურადაც მოუმწიფებელნი არიან. მათ შეუძლიათ უკიდურესად საპირისპირო ემოციების გამოხატვა, იმპულსურები არიან და უჭირთ ემოციების კონტროლი. ამავე დროს ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან გარემოს დამოკიდებულებისადმი და მწვავედ რეაგირებენ, თუ ვერ გრძნობენ კეთილგანწყობას, სითბოს და ემოციურ მხარდაჭერას. გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვის სოციალიზაციას ოჯახის და საზოგადოების დიდი ძალისხმევა სჭირდება.

რა მიზეზები იწვევს გონებრივი ჩამორჩენილობას?

გონებრივ ჩამორჩენილობას მრავალი მიზეზი შეიძლება იწვევდეს. გამოყოფენ პრენატალურ (მუცლდყოფნის პერიოდის), პერინატალურ (მშობიარობის) და პოსტნატალურ (დაბადების შემდგომ) ფაქტორებს.

პრენატალური ფაქტორებია:

გენეტიკური:

შეძენილი:

  • ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი,
  • დედის ინფექციები
  • ციტომეგალოვირუსი, ლისტერიოზი,
  • დედის ჯანმრთელობის სხვა მდგომრეობები
  • დედის ინტოქსიკაცია წამლებით

ემბრიონალური განვითარების ადრეული ცვლილებები:

  • კონგენიტალური ანომალიები
  • ნერვული მილის განვითარების დეფექტები.

პერინატალური ფაქტორებია:

  • მწვავე პლაცენტარული უკამრისობა
  • რთული მშობიარობა
  • ასფიქსია
  • ნაყოფის ქრონიკული ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა).

    ნეონატალური ფაქტორებია:

  • ჰიპოქსიურ-იშემიური ენცეფალოპათია
  • ინტრაკრანიალური ჰემორაგია
  • რესპირატორული დარღვევები
  • ქალა-ტვინის სამშობიარო ტრავმები
  • ინფექციები: მენინგიტი, ენცეფალიტი.

    პოსტნატალური ფაქტორები:

  • ქალა-ტვინის დაზიანება
  • ინფექციები (ჰერპესი, სოკოვანი, პარაზიტული ინფექციები), მენინგიტი, ენცეფალიტი
  • ტოქსიკურ-მეტაბოლური დარღვევები
  • გულყრითი სინდრომები (ვესტის სინდრომი, ლენოქს-გასტოს სინდრომი)
  • გარემოს ქრონიკული დეპრივაცია (ცუდი პირობები, ძალადობა და შეურაცხყოფა, იზოლირება).

რამდენად ხშირია გონებრივი ჩამორჩენილობა?

სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებით გვხვდება საერთო პოპულაციის 2-3%. ხშირად გვხვდება აუტიზმთან, ბავშვთა ცერებრულ დამბლსთან, ეპილეფსიასთან კომბინაციაში. შემთხვევათა 80% აღნინიშნება იოლი გონებრივი ჩამორჩენილობა; 12% - საშუალო, 7% - ძლიერი, ხოლო 1% კი მძიმე.

რა არის ძირითადი პრობლემები გონებრივი ჩამორჩენილობის დროს?

გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვის განვითარებას თავისი კანონზომიერება აქვს, რომელიც ძლიერ განსხვავდება საშუალო ბავშვის განვითარების ჩვეული მიმდინარეობისგან. უკვე ჩვილობის ასაკიდან ასეთი ბავშვი ძალიან გნსხვავდება თანატოლებისაგან.

  • მთავარი სირთულე, რასაც მშობლები აწყდებიან გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვის აღზრდისას არის ის, რომ მას დიდი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება ყოველდღიური ჩვევების, თუ ახალი ინფორმაციის ასათვისებლად. იმაში, რასაც სხვა ბავშვები თითქოსდა ბუნებრივად ითვისებენ (ჭამა, ჩაცმა, ტუალეტით სარგებლობა, ფერების, ფორმების, სიდიდის გარჩევა) გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვს სპეციალური პირობები და სწავლება ესაჭიროება.
  • მეორე სირთულე, რომელიც ხელს უშლის გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვის განვითარებას არის ჩვევის ან ინფორმაციის განზოგადების სიძნელე. ასეთი ბავშვისათვის, ერთ კონკრეტულ სიტუაციაში ათვისებული ჩვევის ან მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენება დიდი პრობლემაა. მას უჭირს დაინახოს მსგავსება სხვადასხვა სიტუაციას შორის. ამიტომ, მას სჭირდება თვალსაჩინოდ და პრაქტიკულ განხორციელებაში ნახოს, თუ როგორ ხდება ერთი ჩვევის ან კონკრეტული ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება.
  • იმის გამო, რომ ბავშვის აბსტრაქტული აზროვნების განვითარება ძლიერ ჩამორჩება, მას უჭირს ზოგადი მიმართების გაგება, მიზეზ-შედეგობრივი მიმართების წვდომა, პრობლემის გაგება, შინაარსიდან აზრის გამოტანა. ეს ბავშვის აღზრდაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
  • შემთხვევათა 25-50% გვხვდება ქცევის და ემოციური დარღვევები; 12-15% - მხედველობის პრობლემები; 8-20% - სმენის პობლემები; 15-30% - ეპილეფსია; ყოველ 100.000-ზე 20-ს კი აღენიშნება სერიოზული თვითდამაზიანებელი და საშიში ქცევა.

როგორ დავეხმაროთ გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვს?

ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზის დასმაში წამყვანი როლი განვითარების პედიატრს, ბავშვის ნევროპათოლოგოს და კლინიკურ ფსიქოლოგს ეკუთვნით.

დიაგნოსტიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სხვადასხვა სპეციალისტების მიერ შეფასებას, ანუ მულტიდისციპლინარულ შეფასებას.

როგორც წესი, ოჯახისათვის მეტად მძიმეა ბავშვის დიაგნოზის გაგება. იმ აზრთან შეგუება, რომ ბავშვის მდგომარეობა ქრონიკული ხასიათისაა და მას არ ექნება ისეთი მომავალი, როგორც ეს ოჯახს წარმოუდგენია, ძალიან რთულია და მძიმე განცდებთან რის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა არც ისე უიმედოა, როგორც ჩვენ გვგონია ხოლმე. ბავშვის შესაძლებლობების შესატყვისი აღზრდის და სწავლის პირობებში, მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვი და შემდეგ მოზრდილი მშვენივრად არის ხოლმე შეგუებული მის სოციალურ გარემოს და ხშირად გასაკვირად საინტერესო უნარებს ამჟღავნებს.

რას ნიშნავს შესატყვისი აღზრდა და სწავლება გონებრივი ჩამორჩენილობის დროს?

  • პირველი და მნიშვნელოვანი, რაც აუცილებელი, რომ დროულად გაკეთდეს, არის ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხის დადგენა. ეს გულისხმობს არა მხოლოდ იმის ცოდნას, თუ რისი გაკეთება არ შეუძლია ბავშვს, რისი დეფიციტი აქვს და რას ვერ ახერხებს, არამედ იმის ცოდნაც, თუ რა შეუძლია, რა მოსწონს, რაზე რეაგირებს, როგორ იყენებს დახმარებას?
  • გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზის დასმა დღეს ხდება ორი ნიშნით: ინტელექტის ტესტის მაჩვენებლით და ადაპტაციური ფუნქციონირების ხარისხის მაჩვენებლით. ინტელექტის გაზომვა ხდება IQ ტესტებით, ანუ ინტელქტუალური კოეფიციენტის საზომი ტესტებით. ისინი შეიცავენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს. ტესტის მაჩვენებლები სტანდარტიზებულია ბავშვების ასაკის, კულტურის, ერთი ქვეყნის ფარგლებში რეგიონების და მშობელთა განათლების და სოციალურ-ეკონომიური სტატუსის მიხედვით. ინტელექტის ტესტებით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რა უნარები გააჩნია ბავშვს მისი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებთან მიმართებაში. თუმცა, აუცილებელია ტესტის მაჩვენებლების მეტად ფრთხილი ინტერპრეტაცია, რომელიც მხოლოდ გამოცდილ ფსიქოლოგს შეუძლია. IQ (ინტელექტუალური კოეფიციენტი) გამოიხატება რიცხვებში. ტესტი ისეა აგებული, რომ საშუალო ქულა 100. 80-119 შორის ქულები- საშუალო, ყველაზე გავრცელებული მაჩვენებლებია. 70-79 ქულები მოსაზღვრე მდგომარეობაა, ხოლო 70-ს ქვემოთ ქულები გონებრივი ჩამორჩენილობის მაჩვენებელია. ამავე დროს, ინტელექტის ტესტში დაბალი მაჩვენებლები შეიძლება სხვა ფაქტორებმაც განაპირობოს; მაგალითად, ოჯახურმა მდგომარეობამ, ტესტის მასალის სხვა კულტურაზე პირდაპირმა გადატანამ (ტესტი ამერიკულ კულტურაში არის შექმნილი) და დიდ პოპულაციაზე მისი სტანდარტიზაციის და ადაპტაციის უგულვებელყოფამ, არასწორმა ტესტირებამ, ფსიქოლოგის არასაკმარისმა კვალიფიკაციამ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ტესტის მაჩვენებლების პროფესიულად კვალიფიციური ინტერპრეტაცია. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ გონებრივი ჩამორჩენილობის შეფასება მხოლოდ IQ ტესტებით არ არის საკმარისი და ბევრ გაუგებრობას იწვევს ხოლმე. მაგ. თუ ორ ბავშვს ერთნაირი IQ მაჩვენებელი აქვს, იგულისხმება მათი ერთნაირი სწავლების პოტენციალი, რაც რეალობას არ შეესაბამება. ერთნაირი გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხის და ინტელექტუალური კოეფიციენტის მქონე პირებს სხვადასხვა შესაძლებლობები და შეგუების სხვადსხვა ხარისხი გააჩნიათ, რასაც IQ ტესტი ვერ აჩვენებს. ამიტომ, აუცილებელია ბავშვის თუ მოზრდილის ადაპტაციური ფუნქციონირების ხარისხის შეფასება. ეს ტერმინი გულისხმობს ყველა იმ უნარს, რაც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის საჭირო: თვითმომსახურების, სწავლის, შრომითი, სოციალური, სახლის მოვლის ჩვევები. აუცილებელია ბავშვის სოციალური გამოცდილების და სოციალური ჩვევების გათვალისწინება. ყველაზე გავრცელებულია ABC (Adaptive Behavior Scales), რომლის საშულებითაც ხდება პიროვნების ფუნქციონირების შეფასება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მაგ. თვითმომსახურების, საზოგადოებრივ ადგილებში ქცევის, ფულის გამოყენების, სახლის მოვლის, ახლობლებთან და უცხოებთან ურთიერთობის და ა.შ. ჩვევების შეფასება. შესაბამისად, გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხის განსაზღვრა ხდება არა მხოლოდ ინტელქტუალური კოეფიციენტის გათვალისწინებით, არამედ იმ დახმარების ხარისხის შეფასებით, რომელიც ინდივიდს ესაჭიროება დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გარემოსთან ადეკვატური ურთიერთობისათვის.
  • უკვე ჩვილობის ასაკიდან აუცილებელია ბავშვისათვის სპეციალური განვითარების პროგრამის შედგენა (დასავლეთში ცნობილია ადრეული ინტერვენციის პროგრამის სახით). გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვი მრავალჯერადი გამეორების და ხანგრძლივი სწავლების შემდეგ აღწევს იმას, რასაც სხვა ბავშვები უმტკივნეულოდ ეუფლებიან. ამიტომ არის აუცილებელი უკვე ჩვილობის ასაკიდან ბავშვისათვის სპეციალური განვითარების მასტიმულირებელი პირობების შექმნა. ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველდღიური ჩვევების მარტივი ელემენტების ათვისება, ერთი და იგივე ჩვევის სხვადასხვა სიტუაციაში დაუფლება. აუცილებელი იმის გათვალისწინება, რომ გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვი ჩვეული გზით ვერ სწავლობს. მის მიერ შეთვისებული ცოდნის და ჩვევების მოცულობა ბევრად უფრო ნაკლებია მისი ასაკის ჩვეულებრივი განვითარების საშუალო ბავშვებთან შედარებით. მაგრამ, ის რასაც ბავშვი ითვისებს და სწავლობს, მას საგრძნობლად ცვლის, ხდის მას ბევრად უფრო აქტიურს და დამოუკიდებელს. აუცილებელია ბავშვს ადრეული ასაკიდან უტარდებოდეს ფიზიკური თერაპია, ჩვევების თერაპია - სენსომოტორული ინტეგრაციის თერაპია, მეტყველების თერაპია, რაც ბავშვის განვითარების სტიმულაციისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
  • აუცილებელია ჩვენი მოთხოვნები და მოლოდინები ბავშვის შესაძლებლობებს მივუსადაგოთ. გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვის აღზრდა ნიშნავს იმ პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენას და  განვითარებას, რაც კონკრეტულ ბავშვს გააჩნია, ბავშვის ინდივიდუალობის გათვალისწინებას. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი მიზანია არა ბავშვის შეცვლა, ჩვენი წარმოდგენის და სურვილის მიხედვით მისდამი მოთხოვნების წაყენება, არამედ ბავშვისათვის მისაწვდომი გზებით იმ უნარების ამოქმედება, რომელიც მას გააჩნია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყურადღება საკუთარი ინტერსებიდან და მოთხოვნილებებიდან ბავშვის მოთხოვნილებებზე და ინტერესებზე გადავიტანოთ. არაადეკვატური აღზრდის პირობებში (ბავშვის მიმართ შეუსაბამოდ მაღალი ან შეუსაბამოდ დაბალი მოთხოვნები), ბავშვს იმ უნარების განვითარების და გამომჟღავნების შესაძლებლობაც არა აქვს, რაც მას გააჩნია. მაგალითად, ყველ მშობელს უნდა, რომ მისმა შვილმა წერა-კითხვა მაინც იცოდეს. გონებრივი ჩამორჩენილობის მძიმე ხარისხის დროს სიმბოლური ჩვევების (წერა, კითხვა, თვლა) ვერ ხერხდება. მშობლები უიმედობას ეძლევიან, მათი მოლოდინები არ გამართლდა და ბავშვის განათლების მცდელობაც დასრულდა. მაგრამ გნათლება ფართო ცნებაა, იგი არა მხოლოდ წერა-კითხვის და თვლის სწავლას, ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამდე გარკვეული უნარ-ჩვევების ათვისებას (ყოველდღიური, თავის მოვლის, სოციალური, შრომითი ჩვევები), გარემოსთან კომუნიკაციას, ადამიანებთან ურთიერთობას. რაც უფრო ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში  მიიღებს ბავშვი პრაქტიკულ გამოცდილებას, მით უფრო მიზანშეწონილი და ადეკვატური ხდება მისი ქცევა.
  • აუცილებელია გარდამავალი ასაკიდან მოზარდის შრომითი საქმიანობისათვის მომზადება. იოლი და საშუალო ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობის შემთხვევაში მოზარდები წარმატებით ეუფლებიან სხვადასხვა ხელობას და პროფესიას. ეს მეტად მნიშვნელოვანია მათი ემოციურ-მოტივაციური სფეროს განვითარებისათვის, პიროვნული ზრდისათვის, დამოუკიდებლობისათვის.
  • საზოგადიებაში უნდა არსებობდეს კარგი ინფრასტრუქტურა გონებრივი ცამორჩენილობის მქონე ბავშვების მომსახურების მიზნით. უნდა იყოს სპეციალური საბავშვო ბაღები, დამხმარე სკოლებში, სპეციალურ სასწავლო პროგრამასთან ერთად უნდა იყოს ფსიქიკური განვითარების სტიმულირების პროგრამები. უმდა არსებობდეს ფსიქო-სოციალური სამსახურები ასეთი ბავშვებისა და მათი ოჯხების დახმარებისათვის. უნდა არსებობდეს ასეთი მოზარდებისას და შემდეგ მოზრდილებისათვის პროფესიული ორიენტაციის, დასაქმების და ხელობის სწავლების ცენტრები.

შეიძლება თუ არა გონებრივი ჩამორჩენილობის განკურნება?

გონებრივი ჩამორჩენილობა მთელი ცხოვრების განმავლობაში ახლავს თან ადამიანს. ეს დაავადება კი არ არის, არამედ განვითარების დარღვევაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზებით ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით არის გამოწვეული.

თუ ზემოთხსებული კითხვა საბოლოო და სრულ გამოჯანმრთელებას გულისხმობს, მაშინ პასუხი უარყოფითი იქნება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სპეციალური მკურნალობით ბავშვის მდგომარეობის შეცვლა შეუძლებელია.

გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვს ესაჭიროება როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე ქცევითი, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სამკურნალო-პედაგოგიური ღონისძიებები.

სხვადასხვა სომატური პრობლემების გამო, რომელიც გონებრივი ჩამორჩენილობის სხვადასხვა ფორმას ახლავს თან, ბავშვებს ესაჭიროებათ სიმპტომატური სამედიცინო მკურნალობა შესაბამის სპეცილისტებთან.

რადგანაც გონებრივი ჩამორჩენილობის დროს, თავის ტვინის ფუნქციონირება განსახვავებულია ჩვეულებრივი, საშუალო ბავშვის თავის ტვინის ფუნქციონირებისა და განვითარებისაგან, ბავშვებს ხშირად ენიშნებათ მკურნალობა ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობის გაუმჯობესების მიზნით.

რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?

გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოზი მშობლებისათვის მძიმე გადასატანია. არც ისე ადვილია შეეგუო იმ ფაქტს, რომ ვერ იამაყებ შენი შვილის წარმატებებით, რომ ის ვერ შეძლებს თქვენი ოცნებების რეალიზაციას, რომ დიაგნოზი სამუდამოა.

ამ დროს, მწუხარება, უსუსურობის და დანაშაულის განცდა, პრობლემის სრული იგნორირება, აღშფოთება, დეპრესია, შოკი, გაბრაზება, უნდობლობა, უიმედობა ბუნებრივი მდგომარეობებია.
ბავშვის ადეკვატური აღზრდისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია:

  • გაუმკლავდეთ საკუთარ განცდებს და გრძნობებს
  • თვალი გაუსწოროთ რეალობას
  • მიიღოთ საკუთარი შვილი ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ იყოს.

ეს სამი დებულება სათქმელადაა ადვილი, თორემ ოჯახისათვის მათი განხორციელება საკმაოდ რთულია და გარკვეულ პერიოდს მოითხოვს.

  • სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეცვლით რეალურ მოცემულობას და ვერც თქვენს ბავშვს. იგი ასეთი დაიბადა და ეს არავის ბრალი არ არის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის, ისევე როგორც თქვენ ღვთის ხატად შექმნილი უკვდავი სულია, ისეთივე ადამიანია როგორც სხვები. მხოლოდ მისი ფსიქიკური განვითარება ძლიერ განსხვავებულია, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვანაირი მუშაობის გამო.
  • მოლოდინები კი არ არის რეალობა, არამედ ის, თუ როგორია თქვენი ბავშვი, რა შესაძლებლობები გააჩნია. ნუ შეხედავთ მას ისე, თითქოს მას არაფერი შეუძლია და მის სწავლებას აზრი არა აქვს. მშობლები ხშირად იმის ჩამოთვლას იწყებენ, თუ რას ვერ აკეთებს ბავშვი, რა არა აქვს განვითარებული. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რისი უნარი აქვს ბავშვს, რა ინტერესები აქვს, რა უხარია და რა წყინს.
  • ნუ შეგრცხვებათ იმისი, რომ ოჯახში გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი გყავთ. თუ თქვენ გრცხვენიათ იმისა, რომ ბავშვი არ გავს სხვა ბავშვებს, გეშინიათ ზედმეტი კითხვები არ დაგისვან ნაცნობებმა, არ დასცინონ ბავშვს სხვა ბავშვებმა, ცხადია მიმართავთ მისი იზოლაციის სტრატეგიას. ამით თქვენ იცავთ მას და საკუთარ თავს მოსალოდნელი უსიამოვნებებისაგან. მაგრამ შედეგი სავალალოა - თქვენი ოჯახიც იზოლაციაში ექცევა, თქვენ შეზღუდულად ურთიერთობთ გარემოსთან და ბავშვის განვითარების სტიმულირებისათვის არახელსაყრელი პირობები იქმნება. ბავშვს არა აქვს სტუმრად სიარულის, ეზოში თამაშის, სეირნობის, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, საზოგადოებრივ ადგილებში ქცევის გამოცდილება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ გარემოსთან შეგუება, სხვადასხვა სიტუაციაში შთაბაჭდილებების და გამოცდილების მიღება.
  • უსიამოვნო ინციდენტები - ბავშვების დაცინვა, უცნობების ზედმეტი ცნობისმოყვარეობა, უტაქტო გამოხდომები- თავიდან აცილების უტყუარი ხერხია შეძლებისდაგვარი მოკლე და მშვიდი განმარტება თქვენი ბავშვის მდგომარეობის შესახებ. თქვენ ყოველგვარი სირცხვილის გრძნობის გარეშე შეგიძლიათ უფროსებს უთხრათ, რომ ბავშვს ფსიქიკური განვითარებაში ჩამორჩენა აქვს და მას თავისებური მიდგომა ესაჭიროება.
  • მიუხედავად იმისა, რომ გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვს სხვა ბავშვებთან შედარებით მშობლების მხრიდან უფრო დიდი ყურადღება, დრო და ძალისხმევა სჭირდება, ნუ ეცდებით მის მაგივრად გააკეთოთ ყველაფერი. მართალია, ბავშვის ჩვევების შემუშავებას დიდი დრო, მოთმინება და ძალისხმევა სჭირდება, ბავშვის დამოუკიდებლობისათვის ჯობს დიდი დრო და ენერგია დახარჯოთ. როდესაც დრო არაფერზე გყოფნით, ცხადია ჯობს თქვენ აჭამოთ, ჩააცვათ, მოუაროთ, ასე უფრო მეტი დრო დაგეზოგებათ. მაგრამ ასეთ ზრუნვაში, ბავშვს ის უნარებიც არ განუვითარდება, რაც მას პოტენციურად მოცემული აქვს და აბსოლუტურად უსუსური იქნება.
  • არ იფიქროთ, რომ რადგან ბავშვი უსუსური და თქვენზე ძლიერ დამოკიდებულია, მისთვის ყველაფერი შეიძლება. ეცადეთ არ შეგიპყროთ მისდამი სიბრალულის გადამეტებულმა გრძნობამ, რომელიც ძლიერ შეგიშლით ხელს მის აღზრდაში. ნებისმიერ ბავშვს ესაჭიროება დისციპლინა და იმის ცოდნა, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ამ მხრივ არც გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვია გამონაკლისი. იგი უფრო ხანგრძლივად და მრავალჯერადი გამეორების საფუძველზე სწავლობს. მშობლები კი ბავშვის პირველი მასწავლებლები არიან. როდესაც ბავშვი რაიმეს აშავებს აუცილებელია მისცეთ შენიშვნა გარკვევით, მშვიდი ტონით და რამდენჯერმე გაუმეოროთ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ამავე დროს, აუცილებელია წაახალისოთ და შეაქოთ, თუ ის სასურველ ქცევას ახორციელებს. თუ ბავშვი მისი ჯანმრთელობისთვის საშიშ მოქმედებას ახორციელებს, ან აპირებს, მაშინ აუციელებელია მისი საფრთხისგან ფიზიკური მოცილება. მოკიდეთ ხელი, მოაცილეთ საფრთხეს და მაშინვე, აუცილებლად რამდენჯერმე, მკაცრი ტონით გაუმეორეთ, რომ ამის კეთება არ შეიძლება. თუ ბავშვი ისტერიკას იმართებს საკუთარი სურვილის მისაღწევად, ეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ თვალყური ადევნეთ, რომ რაიმე არ დაიშავოს. ნუ დაუშვებთ, რომ ისტერიკა გახდეს თქვენით მანიპულირების საშუალება.
  • კატეგორიულად მოერიდეთ ბავშვის ფიზიკურ დასჯას-ცემას, ჩარტყმას, მუჯლუგუნებს, ჩქმეტას. ძალადობა მას უკეთ მოქცევას ვერ ასწავლის და აგრესიული ქცევის შესანიშნავ მაგალითს აძლევს.

როგორ ვასწავლოთ გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვს?

რადგან გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვი ისე არ ვითარდება, როგორც ჩვეულებრივი საშუალო ბავშვი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ვერაფერს ვასწავლით. გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვს სპეციალური პროგრამით სწავლება ესაჭიროება. ბავშვი უკეთ სწავლობს და ითვისებს ჩვევებს, თუ:

  • პრაქტიკულად, მოქმედებაში აჩვენებთ, რას ითხოვთ მისგან. ბავშვმა უნდა გიყუროთ რას აკეთებთ და როგორ. ყოველ თქვენს მოქმედებას თან უნდა ახლდეს სიტყვიერი განმარტება მშვიდი ტონით და მკაფიო გამოთქმით.
  • მოქმედებას დაყოფთ პატარ-პატარა, თანმიმდევრულ ნაბიჯებად. მაგ. პერანგის ჩაცმა ბევრი ოპერაციისაგან შედგება: გაარჩიო რომელია წინა და უკანა, იპოვო თავის ადგილი, ჩამოიცვა თავზე, ჩამოწიო, მერე იპოვო სახელო და გაუყარო ხელი, შემდეგ იპოვო მეორე სახელო და გაუყარო ხელი და ა.შ. პირველად თქვენ ბავშვთან ერთად ახორციელებთ ყოველ ამ ოპერაციას და ასწავლით ცალ-ცალკე. მაგ. იწყებთ პერანგის წინა-უკანა მხარის გარჩევით და ასწავლით სად უნდა იყოს პერანგის იარლიყი. მოქმედებას თან ყოველთვის ახლავს სიტყვიერი მითითება, თუ რას აკეთებთ. შემდეგ ეტაპზე ნელ-ნელა ამცირებთ თქვენი დახმარების ხარისხს - ჯერ აკეთებინებთ საჭირო მოძრაობებს, შემდეგ წაახალისებთ, რომ თვითონ გაკეთოს თქვენი დახმარებით. გახსოვდეთ, რომ ყოველი ოპერაციის წარმატებული განხორციელება ან დამოუკიდებელი მცდელობა, აუცილებლად უნდა იქნეს აღნიშნული სიტყვით (მაგ. “კარგია”, “ყოჩაღ”) და ჟესტით (მაგ. მხარზე ან ზურგზე ხელის მოთათუნება  და ღიმილი). ასეთი წესით აითვისებს ბავშვი ჩაცმას, ჭამას, ტუალეტს, დაბანას. კონსულტაციას იმაში, თუ როგორ ასწავლოთ ბავშვს თვითმომსახურების ჩვვევები გაგიწევთ ფსიქოლოგი და ჩვევების თერაპევტი.
  • ეცადეთ ბავშვის ინტერესის და მოტივაციის ამაღლებას. ბავშვი ბევრად უფრო კარგად ითვისებს ცოდნას, თუ ეს მის ინტერესს იწვევს, მოსწონს. აუცილებლად წაახალისეთ ბავშვი, როდესაც ის წარმატებით აკეთებს რაიმეს. ეცადეთ კომენტარი არ გაუკეთოთ მის წარუმატებლობას. თქვენ შეგიძლიათ წაახალისოთ მოქმედების გასამეორებლად: “მოდი, კიდევ ერთხელ ვცადოთ”, “აბა კიდევ, ვიცი, ახლა გამოგივა”.
  • გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვს ათვისებული ჩვევების და გარკვეული ცოდნის შემთხვევაშიც ესაჭიროება შეხსენება და მიმართულების მიცემა. ნუ დააბრალებთ, რომ უპასუხიმგებლოა. მას გარედან სჭირდება ხოლმე სტიმული და კარნახი. შეხსენება ზოგადი ხასიათის არ უნდა იყოს, როგორც ეს სხვა ბავშვებთან ხდება. მაგ. “აალაგე საწოლი”. ინსტრუქცია უფრო დაწვრილებით ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. მაგ. “დროა საწოლი აალაგო. ჯერ გადმოიღე საბანი, მერე ახსენი ზეწარი” “. . . მერე რას ვაკეთებთ”?
  • გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვის სწავლებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს გამეორებას: ჯობს, ერთი და იგივე დროს და ბევრჯერ. ეს გამეორება ძალით არ უნდა ხდებოდეს. ბავშვს უნდა აინტერესებდეს, რას აკეთებს და უხაროდეს, რომ რაღაც წარმატებას მიაღწია. ჩვევების განსამტკიცებლად გამეორების პროცესში ბავშვები დროის აღმნიშვნელი სიტყვების გაგებასაც ეუფლებიან: გუშინ, დღეს, ცოტა ხანში.
  • აუცილებელია ერთ სიტუაციაში ათვისებული ჩვევის გენერალიზება. მაგ. ჭამა სახლში, კაფეში, სტუმრად და ა.შ. ამიტომ არის სასარგებლო ბავშვის სხვადასხვა სიტუაციაში ყოფნა, რადგან თვალსაჩინო, კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვი უფრო ადვილად ითვისებს ჩვევებს და ახერხებს გამოცდილების განზოგადებას.
  • ეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია საკითხის გარშემო. ექიმი, ფსიქოლოგი, პედაგოგი-დეფექტოლოგი გაგიწევთ კონსულტაციას და მიგითითებთ ლიტერატურას. რაც უფრო მეტი იცით გონებრივი ჩამორჩენილობის შესახებ, მით უფრო კარგად გესმით თქვენი შვილის და უფრო კარგად უმკლავდებით საკუთარ თავსაც და პრობლემებსაც.

როგორია ჩემი შვილის მომავალი?

თუ როგორ ისწავლის, იმუშავებს და იცხოვრებს გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პიროვნება, ერთი ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობის დროსაც კი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ძნელი განსაჭვრეტია. ყოველი ბავშვი უნიკალურია, მათ განსხვავებული ხასიათი, ნიჭები და შესაძლებლობები აქვთ. ბავშვის მომავალი ბევრად არის დამოკიდებული არა მხოლოდ გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხზე, არამედ ოჯახურ სიტუაციაზე, ბავშვისათვის შესატყვის სწავლა-აღზრდის ხარისხზე, პრობლემის მიმართ სოციალური გარემოს დამოკიდებულებაზე.

გონებრივი ჩამორჩენილობის სხვადასხვა ხარისხის მიხედვით მშობლებს განსხვავებული მოლოდინები უნდა ჰქონდეთ ბავშვის მომავლის მიმართ, მათი განვითარების ზოგადი კანონზომიერებიდან გამომდინარე. იოლი გონებრივი ჩამორჩენილობის შემთხვევაში (IQ=50-69), ბავშვი და შემდეგ მოზარდი დამოუკიდებლად ურთიერთობს გარემოსთან, კარგად აქვს თვითმომსახურების, სოციალური, სასწავლო ჩვევები ათვისებული. შეუძლია მიაღწიოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-7 კლასის დონეს. შეუძლია წარმატებით იმუშაოს საშემსრულებლო სამუშაოებზე, დაეუფლოს პროფესიას, იმუშაოს დამოუკიდებლად, ზედამხედველის გარეშე. შეუძლია დამოუკიდებელი ცხოვრება.

საშუალო ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებს (IQ=30-49), შეუძლიათ მიაღწიონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 2-4 კლასის დონეს. მათ სპეციალური სწავლება ესაჭიროებათ სხვადასხვა ჩვევების ასათვისებლად. მათ შეუძლიათ სხვადასხვა ხელობის ათვისება, მუშაობა სამსახურში, ან სპეციალურ სახელოსნოებში დახმარების და სპეციალური ტრენინგის შედეგად. სპეციალური სწავლების შედეგად, ნაწილობრივ დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა და ცხოვრება; გარკვეულ სფეროებში საჭიროებენ დახმარებას და ზედამხედველობას.
ძლიერი ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობის შემთხვევაში (IQ= <30-ზე), ბავშვის მეტყველება და კომუნიკაციური ჩვევები ძალიან ღარიბია, წერა-კითხვის ათვისება არ არის მისაწვდომი. მაგრამ, ბავშვები სპეციალური სწავლების შედეგად ითვისებენ თვითმომსახურების და სოციალურ ჩვევებს. მოზრდილობის ასაკში შეუძლიათ მარტივი, მაგრამ რუტინული სამუშაოს შესრულება სპეციალური მომზადების შემდეგ, ზედამხედველობის ქვეშ.

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას