ქალა-ტვინის ტრავმა

რა არის ქალა-ტვინის ტრავმა?
რითი ხასიათდება ქალა-ტვინის ტრავმა?
რა მიზეზი იწვევს ქალა-ტვინის ტრავმას?
რა სიხშირით გვხვდება ქალა-ტვინის ტრავმა?
რა ძირითადი პრობლემები გვხვდება ქალა-ტვინის ტრავმის დროს?
როგორ შეიძლება დავეხმაროთ ქალა-ტვინის ტრავმის მქონე ბავშვებს?
შეიძლება თუ არა ქალა-ტვინის ტრავმის განკურნება?
რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?
როგორ ვასწავლოთ ქალა-ტვინის ტრავმის მქონე ბავშვს?


რა არის ქალა-ტვინის ტრავმა?

ქალა-ტვინის ტრავმა არის გარე ფიზიკური ძალით გამოწვეული თავის ტვინის შეძენილი დაზიანება, რაც არახელსაყრელ გავლენას ახდენს პიროვნების შემეცნებით, კომუნიკაციურ, თუ ემოციურ-მოტივაციურ სფეროზე. ტერმინი ქალა-ტვინის ტრავმა მოიცავს თავის ქალის ღია ან დახურული დაზიანებით გამოწვეულ, ერთი ან რამდენიმე სფეროს გაუარესებას: მეტყველების, მეხსიერების, ყურადღების, აბსტრაქტული აზროვნების, სენსორული, პერცეპტული და მოტორული უნარების, სომატური ფუნქციების, სოციალური ქცევის.

ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად შეიძლება დაზიანდეს თავის ქალა, ტვინის ქსოვილი ან სისხლძარღვოვანი სისტემა. შეიძლება მოხდეს თავის ქალის გატეხვა, კონტუზია, ჰემატომა, ტვინის შეშუპება, ქალასშიდა წნევის მომატება, ინტრაცერებრული ჰემორაგია (სისხლის ჩაქცევა). ქალა-ტვინის ტრავმის ხარისხი სხვადასხვაა და დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და დარღვევების სირთულეზე. გამოყოფენ მსუბუქ, ტრივიალურ ტრავმებს, საშუალო ხარისხის, მძიმე და ძალიან მძიმე ტრავმებს. განასხვავეებენ ქალა-ტვინის ტრავმის ღია და დახურულ ფორმებს. დახურული თავის ტრავმები უფრო გავრცელებული ფორმაა და ისეთი დაზიანებაა, რომლესაც თან არ ახლავს თავის ქალის ძვლების მოტეხილობა ან ტვინის მაგარი გარსის დაზიანება. დახურულ ტრავმებში გამოყოფენ: ტვინის შერყევას (ცომოტიო ცერებრი), კონტუზიებს და ტვინის კომპრესიას. ღია ტრავმას თან ახლავს თავის ქალის ძვლების მოტეხილობა.

ტრავმის შემდგომი გამოჯანსაღების პერიოდი შეიძლება დაიყოს მწვავე, ქვემწვავე და ხანგრძლივ პერიოდებად. ყოველი პერიოდისათვის არ არსებობს განსაზღვრული დროითი მონკვეთები. იგი დამოკიდებულია ასაკზე, ტრავმის ხარისხზე. თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მწვავე პერიოდი რამდენიმე თვემდე შეიძლება გაგრძლედეს, ქვემწვავე პერიოდი- 3-6 თვიდან 1 წლამდე, ხოლო ხანგრძლივი პერიოდი 1 წლის შემდეგ იწყება. მსუბუქი დაზიანების დროს ასეთი პერიოდების გამოყოფა არ ხდება. ქალ-ტვინის ტრავმას ხშირად “მდუმარე ეპიდემიას” უწოდებენ, ვინაიდან ქალა-ტვინის დაზიანების შემდეგ ბავშვს დიდხანს შეიძლება არ გამოუვლინდეს სიმპტომები. ქალა-ტვინის ტრავმის სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების ხარისხზე და ლოკალიზაციაზე.

გამოყოფენ პერინატალურ (მშობირობის პერიოდის) ტრავმულ დაზიანებას. მშობიარობის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გაივლის ნყოფი სამშობიარო არხს და როგორ გამოვა გარეთ. ტრავმის რისკი იზრდება ისეთი ფაქტორების გავლენით, როგორიცაა არაელასტიური სამშობიარო არხი, ძალიან დიდი ნაყოფი ან პატარა ზომის საშო, ნაყოფის არასწორი მდებარეობა.

რითი ხასიათდება ქალა-ტვინის ტრავმა?

ქალა-ტვინის ტრავმის გავლენა ბავშვის განვითარებაზე დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და ტრავმის ხარისხზე. რაც უფრო ადრეულია ბავშვის ასაკი და ძლიერია დაზიანების ხარისხი, მით უფრო გამოხატულია მისი გავლენა ბავშვის განვითარებაზე. ტრავმის შედეგად ბავშვმა შეიძლება გონება დაკარგოს (კომატოზური მდგომარეობა), ან შეიძლება ჰქონდეს პოსტტრავმული ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), დროსა და გარემოში დეზორიენტაცია. ბავშვებს, რომელთაც ქალა-ტვინის ტრავმა გადაიტანეს შეიძლება პრობლემათა მთელი კომპლექსი აღმოუცენდეთ:

  • ფიზიკური გაუარესება: თავის ტკივილები, კუნთთა ტონუსის ცვლილებები, სახეულის ერთი, ან ორივე მხარის პარეზი ან დამბლა, წონასწორობის, სიარულის დარღვევები, გულყრები, ნატიფი - მოტორული კოორდინაციის გაუარესება, მხედველობითი, სმენითი ან სხვა სახის სენსორული გაუარესება.
  • შემეცნებითი სფეროს გაუარესება: ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების დარღვევები, ყურადღების კონტროლის გაუარესება, აზროვნების პროცესის შენელება, აღქმის, მეტყველების, კითხვის, წერის, მოქმედების დაგეგმვის გაუარესება.
  • ფსიქოსოციალური, ქცევითი, ემოციური დარღვევები: სწრაფი დაღლა, გუნება-განწყობის მერყეობა, შფოთვა, იმპულსურიბა, ემოციური კონტროლის სისუსტე, დაბალი თვითშეფასება, დეპრესია, აპათია.

ყოველ სფეროში დარღვევა განსხვავებული ხარისხით ვლინდება. მათი სიმძიმე დამოკიდებულია დაზიანების ბუნებაზე, ხარისხზე, ბავშვის ასაკზე, კომის ხარისხზე მისი არსებობის შემთხვევაში. კომის სიღრმე და ხანგრძლივობა განსაზღვრავს ტვინის დაზიანების ხარისხს.

რა მიზეზი იწვევს ქალა-ტვინის ტრავმას?

თავის ტვინის ტრავმის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია სატრანსპორტო უბედური შემთხვევები, ფიზიკური ძალადობის, ჩხუბის შემთხვევები, სამშობიარო ტრავმები, ვარჯიშის დროს მომხდარი დაზიანება, ბავშვის დაცემა, ჩამოვარდნა.

რა სიხშირით გვხვდება ქალა-ტვინის ტრავმა?

აშშ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ყოველწლიურად 1 მლნ. ბავშვი იღებს ქალა-ტვინის ტრავმას და აქედან ჰოსპიტალიზაციას ითხოვს 165000 შემთხვევა. დახურულ ტრავმებზე მოდის ქალა-ტვინის ტრავმის შემთხვევათა 83.5%. თავის ტვინის იოლი დაზიანება უფრო ხშირია, ვიდრე მძიმე; იოლი ტრავმის შემთხვევაში არც მიმართავენ სამედიცინო სამსახურს. მსუბუქი დაზიანება გვხვდება 19 წლამდე შემთხვევათა 89% და 1 წლამდე შემთხვევათა 76%. დაზიანების სიხშირე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. ასაკობრივი თვალსაზრისით ქალა-ტვინის ტრავმები ყველაზე ხშირია 1-დან 12 წლამდე- 87%. აქედან 7-12 წლის ბავშვებზე მოდის 48%. მიზეზის თვლსაზრისით, ყველაზე ხშირია ბავშვების სხვადასხვა სიმაღლიდან ვარდნა, შემდეგ სატრანპორტო შემთხვევები (საავტომობილო, მოტოციკლეტის, ველოსიპედის), შემდეგ მოდის ფეხით მოსიარულეთა უბედური შემთხვევები.

რა ძირითადი პრობლემები გვხვდება ქალა-ტვინის ტრავმის დროს?

ქალა-ტვინის ტრავმის შედეგები ბავშვებში რთულდება იმ ფაქტორით, რომ მათი ცენტრალური ნერვული სისტემა არ არის სრულად ჩამოყალიბებული და განაგრძობს მომწიფებასა და განვითარებას მათი ზრდის განმავლობაში. ამიტომ, შესაძლებელია ქალა-ტვინის ტრავმის სიმპტომები გამოჩნდეს არა უშუალოდ დაზიანების შემდეგ, არამედ მოგვიანებით, როდესაც მოდის ტრავმის შედეგად დაზიანებული სისტემების მომწიფების და აქტივობის დრო.

ბავშვებს პრობლემები ყველაზე ხშირად შეიძლება გამოუვლინდეთ შემდეგ სფეროებში:

  • ინტელექტუალური უნარების დაქვეითება მნიშვნელოვან კავშირშია კომის და პოსტტრავმული ამნეზიის ხანგრძლივობასთან. უმცროსი ასაკის ბავშვებში (2-8წ) ინტელექტუალური უნარების დეფიციტი უფრო მძაფრია, ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვებში (9-18წ). მსუბუქი და საშუალო ხარისხის ტრავმების მქონე ბავშვებში ინტელექტუალური უნარები უმჯობესდება ასაკთან ერთად.
  • ტრავმის შემდეგ ყველაზე ხშირია მეხსიერების და ყურადღების პრობლემები. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს პრობლემები ხანმოკლე მხედველობით და სმენით-მეტყველებით მეხსიერებაში, ყურადღების კონცენტრაციასა და გადანაცვლებაში.
  • მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური აფაზიის (მეტყველების მოშლის) სინდრომი ბავშვებში იშვიათია, ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ ხშირად ვლინდება მეტყველების სხვადასხვა სახის პათოლოგია, განსაკუთრებით პერინატალური ტრავმების შემდეგ. ასეთი ბავშვი გვიან იწყებს ლუღლუღს, ლაპარაკს, დამახინჯებით მეტყველებს, აქვს სიტყვების მცირე მარაგი, უჭირს წინადადებაში აზრის ფორმულირება, საგნების სახელდება, მიმართული მეტყველების გაგება.
  • თავის ტვინის ლოკალური დაზიანებისას ხშირია მხედველობით-სივრცითი ფუნქციების განვითარების დეფიციტის ან დარღვევის ნიშნები: ბავშვს პრობლემები აქვს ხატვაში, კოპირებაში, სივრცითი მიმართებების გარჩევაში, სივრცით ორიენტაციაში, საკუთარი სხეულის მხარეების ორიენტაციაში, კონსტრუქციების აგებაში.
  • ყველა ხარისხის ქალა-ტვინის ტრავმების მქონე ბავშვებს აღენიშნებათ სენსომოტორული უნარების გარდამავალი თუ მდგრადი დეფიციტი: სისწრაფე, თითების მოქნილობა, თანმიმდევრული და შეთანხმებული მოძრაობები, ხელების ნატიფი მოძრაობები, შეხებით საგნების ცნობა, ფორმების გარჩევა.
  • საშუალო და მძიმე ხარისხის ტრავმების შემთხვევაში ხშირია ქცევითი პრობლემები. ეს შეიძლება იყოს იმპულსურობა, არასტაბილური ემოციური მდგომარეობა, პოსტტრავმული სტრესის სინდრომი, განსაკუთრებით მძიმე კატასტროფების შემდეგ.

როგორ შეიძლება დავეხმაროთ ქალა-ტვინის ტრავმის მქონე ბავშვებს?

  • იოლი ქალა-ტვინის ტრავმის შემთხვევაში ექიმს ხშირად არ მიმართავენ. ბავშვებში იოლი ტრავმის უშუალო შედეგები ცხადად არ ჩანს ხოლმე. მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილის, სწრაფი დაღლის ჩივილები, ჩვეულებრივზე მეტად აგზნებული ჩანდეს, დაუქვეითდეს სკოლის მოსწრება. ოჯახისა და მასწავლებლისათვის ძალიან რთულია სწავლაში აღმოცენებული პრობლემები დაუკავშირონ რამდენინე თვის წინ მომხდარ შემთხვევას. ამ დროს ბავშვი აღიქმება როგორც ცელქი, ნეგატიური, გაზარმაცებული. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვის ნევროპათოლოგის კონსულტაცია.
  • ბავშვები ქალა-ტვინის საშუალო და მძიმე ხარისხის ტრავმით მოითხოვენ ჰოსპიტალიზაციას. მათ ესაჭიროებათ გადაუდებელი სასწრაფო დახმრება, ინტენსიური მკურნალობა მწვავე პერიოდში და სპეციალური სამდეცინო დაკვირვება.
  • ქალა-ტვინის საშუალო ხარისხის ტრავმის მქონე ბავშვებს ესაჭიროებათ აქტიური რეაბილიტაციის პერიოდი, ხოლო მძიმე ხარისხის შემთხვევაში მრავალმხრივი ხანგრძლივი რეაბილიტაცია. ტრავმის შემდგომი აღდგენის პროცესში მონაწილეობდნენ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და გარემოს ფაქტორები. მძიმე დაზიანების შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია ფიზიკური ფაქტორები, შესაბამისად პირველი ამოცანაა გადაუდებელი და ინტენსიური სამედიცინო დახმარება, ბავშვის ფიზიკური მდგომარეობის შეფასება დინამიკაში, სამედიცინო მეთვალყურეობა მწვავე და ქვემწვავე პერიოდებში; შემდგომ დგება ფსიქოლოგიური და სოციალური გარემოს პრობლემები, განსაკუთრებით მაშინ, როცა კოგნიტური და მოტორული დეფიციტი შესამჩნევია. აუცილებელია ოჯახის და საჭირო სპეციალისტების (ექიმის, ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, პედაგოგის) ერთობლივი მუშაობა.
  • იოლი და საშუალო ხარისხის შემთხვევაში არსებითი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური და გარემოს სოციალური ფაქტორები: დაღლილობა, სწრაფი გამოფიტვა, შფოთვა, ემოციური არამდგრადობა, ქცევის პრობლემები, სწავლის პრობლემები, სასწავლო გარემოსთან, ეზოს, სკოლის ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემები.
  • დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის დღის რეჟიმის შემუშავებას, რომელიც მკაცრად იქნება დაცული; მისი მიზანია ბავშვის ჩვეული აქტივობის და დატვირთვის დონის თანდათანობით მიღწევა, დატვირთვის დოზის და დავალებათა სირთულის ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდით. დღის რეჟიმის შემუშავებაში აუცილებელია ექიმის და ფსიქოლოგის კონსულტაცია. მთავარია, ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინება და ოჯახის წევრების მისდამი ადეკვატური დამოკიდებულება.

შეიძლება თუ არა ქალა-ტვინის ტრავმის განკურნება?

სრული გამოჯანმრთელება დამოკიდებულია ტრავმის ხარისხზე. იოლი ტრავმის შემთხვევაში ბავშვი ხშირად სპეციალური მკურნალობის გარეშეც გამოჯანმრთელდება. საშუალო ხარისხის ტრავმას ესაჭიროება მკურნალობა და ექიმის მეთვალყურეობა მწვავე და პოსტმწვავე პერიოდში. ბავშვი ხშირად სრულიად გამოჯანმრთელდება სპეციალური სარეაბილიტაციო დახმარების გარეშეც. რაც შეეხება მძიმე და ძალიან მძიმე ტრავმებს, ამ შემთხვევაში აუცილებელია ინტენსიური სამედიცინო მკურნალობა და ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. გამოჯანმრთელების პროგნოზი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ძალიან ინდივიდუალურია.

ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე და პოსტ-მწვავე პერიოდში ხდება ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და თუ საჭიროა (ჰემატომის შემთხვევაში) ქირურგიული ჩარევა. პოსტმწვავე პერიოდში გამომდინარე ბავშვის მდგომარეობიდან შეიძლება საჭირო იყოს მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია მეტყველების პრობლემების შემთხვევაში.

ტრავმის სიმძიმის მიხედვით გამოჯანსაღების ხანგრძლივ პერიოდში ბავშვს შეიძლება დასჭირდეს სპეციალური ნეიროსარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება. ტრავმით გამოწვეული სწავლის და ქცევის პრობლემების დაძლევის მიზნით აუცილებელი ხდება სპეციალური სასწავლო პროგრამის შემუშავება, რიგ შემთხვევაში კი ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობა.

ტრავმის შემდგომ ხანგრძლივ პერიოდშიც ზოგიერთ ბავშვს ესაჭიროება წამლების მიღება გულყრების კონტროლის, ყურადღების კონცენტრაციის გაზრდის, შფოთვის შემცირების მიზნით. ამიტომ, ამ პერიოდშიც აუცილებელია ნევროპათოლოგის და ნეიროფსიქოლოგის კონსულტაციები.

რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?

  • მიიღეთ პროფილქტიკური ზომები. ბავშვთა ქალა-ტვინის ტრავმატიზაციის აცილების მიზნით მეტად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა ბავშვების ტრანსპორტირებისას (მანქანაში სპეციალური ქამრები, სპეციალური დასაჯდომები ჩვილი ბავშვებისათვის); უცილებელია ბავშვებისათვის დამცველი ქუდების ან ჩაფხუტის შეძენა, თუ ისინი სპორტის ისეთ სახეობას მისდევენ, როგორიცაა ველოსპორტი, ცხენოსნობა, ბოქსი. აუცილებელია ბავშვებისათვის ქუჩაში მოძრაობის წესების გაცნობა და კიდევ უფრო უკეთესი, მაგალითის მიცემა. არ დატოვოთ მცირეწლოვანი ბავშვები ქუჩაში და ეზოში მეთვალყურეობის გარეშე.
  • მაშინვე მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ ბავშვს ჰქონდა ცნობიერების დაკარგვის თუნდაც ძალიან ხანმოკლე ეპიზოდი. აუცილებლად ეჩვენეთ ექიმს, თუ ბავშვს აქვს: თავის ტკივილები, გულის რევა, არაბუნებრივად გაფრთოებული გუგები, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე ან უცნაური შეგრძნებები სხეულის რომელიმე ნაწილში, მხედველობის პრობლემები, იმის გახსენების სირთულე, რაც მოხდა უშუალოდ ტრავმის წინ, ან შემდეგ.
  • პერინატალური ტრავმების შემთხვევაში ბავშვი მუდმივად უნდა იყოს ნევროპათოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და მას აუცილებლად ესაჭიროება ადრეული ინტერვენციის პროგრამა. ეს ნიშნავს ჩვილობის ასაკიდანვე ბავშვის განვითარების სტიმულაციის მიზნით სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას: ფიზიკური თერაპია, სენსო-მოტორული ინტეგრაციის სტიმულირება, მეტყველების თერაპია, ფსიქოლოგიური დახმარება. ბავშვისთვის მეტად სასარგებლოა, თუ აღნიშნული მულტიდისციპლინარული დახმარების გაწევა საბავშვო ბაღში მოხდება.
  • სამედიცინო თვალსაზრისით ქალა-ტვინის ტრავმის სრული აღდგენის შემდეგ ბავშვს შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი პრობლემები შემეცნებით სფეროში, რომელთაც შეიძლება დიდხანსაც იარსებონ. მოითხოვეთ ბავშვის ნეიროფსიქოლოგიური შეფასება მისი სირთულეების იდენტიფიკაციის და კორექციის მიზნით.
  • ნუ დაუმალავთ სკოლას ბავშვის მდგომარეობას. თუ ბავშვის ქალა-ტვინის ტრავმა მოითხოვს ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას და რეაბილიტაციის პროცესს, აუცილებელია სკოლასთან კოორდინაცია. ტრავმიდან თუნდაც ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შემეცნებითი უნარების დეფიციტი, პირველ რიგში სასწავლო პროცესში გამოვლინდება. ამიტომ, მასწავლებლები საქმის კურსში უნდა იყვნენ ბავშვბის მიერ გადატანილი ტრავმის შესახებ, რათა ადეკვატურად შეაფასონ ბავშვის შესაძლებლობები და მოთხოვნებიც მათ შეუსაბამონ. კარგად ინფორმირებულ მასწავლებელს დახმარების გაწევა შეუძლია ბავშვის ქცევის თუ აკდემიური სირთულეების დაძლევაში. ეს შეამცირებს ბავშვის შფოთვას, სტრესს და ააცილებს მას დამატებით სირთულეებს სწავლაში.
  • ბავშვის მიმართ შეიმუშავეთ მისი მდგომარეობის შესატყვისი მოლოდინები.
  • სამედიცინო ხასიათის შეკითხვებით ბავშვის სიმპტომების და პროგნოზის შესახებ მიმართეთ ბავშვთა ნევროპათოლოგს;
  • კითხვებით ტრავმის შესაძლო ეფექტების შესახებ სწავლაზე, ქცევაზე და აღდგენის შესაძლებლობებზე მიმართეთ ნეიროფსიქოლოგს, დეფექტოლოგს.

როგორ ვასწავლოთ ქალა-ტვინის ტრავმის მქონე ბავშვს?

ხშირად მასწავლებლებს არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია ქალა-ტვინის ტრავმა გადატანილი ბავშვების შესაძლებლობების შესახებ. სკოლა ტრავმის შემდგომი აღდგენითი პროცესის გაგრძელებაა, ხოლო აღდგენა უკვე საავადმყოფოში იწყება. ზოგიერთი ბავშვი ტრავმის შემდეგ სწრაფად აღიდგენს ჯანმრთელობას; ხშირად აღდგენის პროცესი თვეები და რამდენიმე წელიც კი გრძელდება. ძალიან მძიმე შემთხვევებში კი სრული გამოჯანმრთელება ვერ ხერხდება და გარკვეული დარღვევები ქრონიკულ ხასიათს ატარებენ.

დარღვეული ფსიქიკური ფუნქციების აღდგენის პროგნოზირება ძალიან რთულია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფსიქიკური ფუნციების აღდგენა დამოკიდებულია როგორც ტრავმის სიმძიმეზე და ასაკზე, ასევე დაზიანებამდე ბავშვის გონებრივი უნარების განვითარების დონეზე, ოჯახურ გარემოზე.

გამოჯანმრთელების შემდეგ, სკოლაში წასვლის წინ მიზანიშეწონილია ნეიროფსიქოლოგისა და მეტყველების თერაპევტის მიერ ბავშვის კონსულტირება. მათი დაკვირვების და გამოკვლევის შედეგები სასარგებლო ინფორმაციაა მასწავლებლისათვის ბავშვის უნარ-შესაძლებლობების თაობაზე. თუ ბავშვი ინდივიდუალურ პროგრამას საჭიროებს, მისი შემუშავებაც აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს.

როდესაც ბავშვი ტრავმის შემდეგ სკოლაში ბრუნდება, მისი მდგომარეობა განსხვავდება ტრავმამდელი მდგომარეობისაგან. ზოგჯერ სულ მცირე, თითქმის შეუმჩნეველმა დეფიციტმა მეტყველებაში თუ მხედველობით-სივრცით ფუნქციებში შეიძლება სწავლის პრობლემები შექმნას. სირთულეები სწავლაში და სასწავლო სიტუაციასთან ხელახლა შეგუებაში ხშირად ემოციურ და ფსიქოსოციალურ პრობლემებს ქმნიან. ამიტომ, არის მნიშვნელოვანი სასკოლო მოთხოვნების და მოლოდინების ბავშვის შესაძლებლობებთან და მოთხოვნილებებთან მისადაგება. ტრავმის შემდეგ ბავშვისათვის განსაკუთრებით ძნელია ყურადღების დიდი ხნით კონცენტრაცია, სწრაფად იფიტება და გაკვეთილის ბოლოს ვეღარ ითვისებს მასალას. მას დიდი დრო სჭირდება დავალების შესასრულებლად, უჭირს გადართვა; ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ხანმოკლე მეხსიერების პრობლემები, რის გამოც ავიწყდება დღის განმავლობაში მომხდარი ამბები, ბევრჯერ სჭირდება მასალის გამეორება. უფრო მძიმე ტრავმის შემდეგ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მეტყველების პრობლემები.

ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომ ბავშვის სწავლის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი:

  • მარტივი ინსტრუქციები
  • გაკვეთილის მომზადების პერიოდის რამდენიმე დროის მონაკვეთად დაყოფა შესვენებებით
  • ახალი დავალების მიცემისას ხატოვანი ილუსტრაციით უზრუნველყოფა
  • დასწავლილი მასალის ხშირი განმეორება
  • მეხსიერების გაუმჯობესების მიზნით დამახსოვრების სტრატეგიების დასასწავლი სპეციალური სავარჯიშოები
  • ბავშვის შეცდომების იგნორირება, რადგან მუდმივი შენიშვნები ამცირებენ ბავშვის თვითშეფასებას
  • დადებითი განმტკიცება დავალების წარმატებით შესრულებისას
  • დავალების წარმატებით შესრულების მიზნით ბავშვისათვის მისაწვდომი პირობების შექმნა - მასალის გამარტივება, კარნახის საფეხურები.

ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი შეიძლება კლასში დაბრუნდეს და ჩაერთოს საერთო სასწავლო პროცესში, შესაძლებელია კლასში ინდივიდუალური პროგრამით მეცადინეობდეს, შეიძლება სახლში სწავლობდეს ინდივიდუალური პროგრამით. პერინატალური ტრავმის მქონე ბავშვებს ჩვილობის ასაკიდან ესაჭიროებათ სპეციალური განვითარების პროგრამები, სპეციალურ ბაღში სიარული, რაც ბევრად ამცირებს მათ სასკოლო პრობლემებს.

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას