ზურგის ტვინის თიაქარი

რა არის ზურგის ტვინის თიაქარი?
რა თვისებებით ხასიათდება ზურგის ტვინის თიაქარი?
რა იწვევს ზურგის ტვინის თიაქარს?
რამდენად ხშირია ზურგის ტვინის თიაქარი?
რა ძირითადი პრობლემები გვხვდება ზურგის ტვინის თიაქრის დროს?
როგორია ზურგის ტვინის თიაქრის მკურნალობა და როგორ არის შესაძლებელი დახმარება?
რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?


რა არის ზურგის ტვინის თიაქარი?

ზურგის ტვინის თიაქარი მიეკუთვნება ნერვული მილის დეფექტებს. იგი წარმოადგენს ზურგის ტვინის გარსების, ფესვების ან თვით ზურგის ტვინის ნივთიერების გამობურცვას ხვრელში, რომელიც წარმოიქმნება ხერხემლის მალების თანდაყოლილი შეუხორცებლობით. Spina Bifida ნიშნავს: სპინა - ზურგი, ბიფიდა - ორად გახლეჩა.

გამოყოფენ ზურგის ტვინის შემდეგ ფორმებს:

  • ოკულტა- ნაკლებად სიმპტომტური ფორმაა და მცირე დეფექტში გამოიხატება. რამოდენიმე მალას შორის მცირე დაშორებაა და ზურგის ტვინი და ნერვები ხშირად არა არის დაზიანებული.
  • მენინგოცელე- ხერხემლის დეფექტში ხდება ზურგის ტვინის გარსების გამობურცვა. ამ დროს ზურგის ტვინის გარსების კისტა ხერხემლის ღია ნაწილიდან გამოდის.
  • მიელომენინგოცელე- ხერხემლის ღია ადგილში ხდება ზურგის ტვინის გარსების და სექციის გამობურცვა. ეს თიაქრის მძიმე ფორმაა.
  • მიელოცისტოცელე- ხერხემლის დეფექტში ხდება არა მარტო ზურგის ტვინის, არამედ ზურგის ტვინისაც, მკვეთრად გაფართოებული ცენტრალური არხით. მიეკუთვნება მძიმე ფორმას.

რა თვისებებით ხასიათდება ზურგის ტვინის თიაქარი?

ზურგის ტვინის თიაქარი შეიძლება ხერხემლის სხვადასხვა დონეზე მდებარეობდეს, სხვადასხვა სიდიდის და სახის იყოს. ამის მიხედვით გამოვლენილი სიმპტომები ვარირებს უმნიშვნელოდან მძიმე დარღვევებამდე.

ბავშვებს, რომელთაც ზურგის ტვნის თიაქრის მძიმე ფორმა აქვთ, შეიძლება ჰქონდეთ დამბლები კიდურებში, კუჭ-ნაწლავის და გამოყოფის ორგანოების ფუნქციონირების მოშლა. დამბლის სიმძიმე დამოკიდებულია ხერხემალში თიაქრის მდებარეობაზე. ხშირად კისტა მდებარეობს გავა-წელის მალების მიდამოში; ასეთ შემთხვევაში ბავშვებს შეუძლით დამხმარე საშუალებებით  სიარული. თუ ხერხემლის ზედა სექციებია დაზიანებული, მაშინ ვითარდება ქვედა კიდურების სრული დამბლა და საჭიროა ეტლის გამოყენება, ხშირია შარდის ბუშტის კონტროლის და დეფეკაციის დარღვევა სპინქტერების დაზიანების გამო.

ზურგის ტვინის თიაქრის მქონე ბვშვები გონებრივად ნორმალურად ვითარდებიან, არა აქვთ  პრობლემები ინტელექტუალურ განვითრებაში. მაგრამ მძიმე თიაქრის შემთხვევაში ისინი ინვალიდებად რჩებიან, თუმცა აქტიურ ინვალიდებად. მათ შეუძლიათ ზედა კიდურების სრულყოფილი ხმარება, ტანის მოძრაობა, გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ ინვალიდური ეტლით. ხშირად ესაჭიროებათ სპეციალური მზრუნველობა შარდის ბუშტის და დეფეკაციის პრობლემების გამო.

რა იწვევს ზურგის ტვინის თიაქარს?

ზურგის ტვინის თიაქრის განვითარების მიზეზია ემბრიონალურ პერიოდში ზურგის ტვინის ხერხემლის არხის ჩამოყალიბების დარღვევა. მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვის ზურგის ტვინი პირველ ხანებში ჯერ ღია და დაუცველია, 29 დღის შემდეგ იგი იხურება. როგორც წესი ემბრიონალური განვითარების დარღვევა ხდება ორსულობის პერიოდის პირველ ტრიმესტრში. დაავადება არ გადაეცემა მემკვიდრეობით, თუმცა უკანასკნელ ხანებში მიმდინარეობს იმ გენთა ძიება, რომლებიც განსაზღვრავენ ნერვული მილის დეფექტებისადმი მიდრეკილებას. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ერთი ასეთი გენის მუტაცია განსაზღვრავს ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის წარმოებას და ამაღლებს ზურგის ტვინის თიაქრის მქონე ბავშვის დაბადების რისკს.

რამდენად ხშირია ზურგის ტვინის თიაქარი?

სხვადასხავ ქვეყნის მონაცემებით ყოველ 1000 ბავშვში 1 ზურგის ტვინის თიაქრით იბადება. ერთნაირი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში.

რა ძირითადი პრობლემები გვხვდება ზურგის ტვინის თიაქრის დროს?

ზურგის ტვინის მძიმე თიაქრის შემთხვევაში ბავშვებს და შემდეგ მოზრდილებს აქვთ გადაადგილების პრობლემა. მათ ესაჭიროებათ სპეციალური ინვალიდური ეტლი, სპეციალური მოწყობილობა ან დაცვა გამოყოფის ფუნქციის კონტროლის დარღვევის გამო. ბავშვის ფსიქიკური განვითარება ნორმალურია, თუმცა მას უმოძრაობის გამო გარემოდან აქტიური სტიმულაცია ესაჭიროება. გარემოს მოუწყობლობის გამო, როდესაც ეტლით გადაადგილება არ არის მისაწვდომი, ოჯახს და ბავშვს დიდი სირთულეები ექმნებათ. ამ დროს დიდი საშიშროებაა ბავშვის იზოლაცია, რაც მის ფსიქიკურ განვითარებაზე ცუდად მოქმედებს. პრობლემაა ბავშვის დაბალი თვითშეფასება, უძლურების განცდა, ემოციური არამდგრადობა.

შედარებით იოლ შემთხვევებში შეიძლება პრობლემა იყოს:

  • გადაადგილება- საჭიროა დამხმარე საშუალებები;
  • შარდის ბუშტის კონტროლი, დეფეკაციის კონტროლი;
  • ემოციური პრობლემები: დაბალი თვითშეფასება, საკუთარი თავის მიუღებლობა, ზედმეტი მგრძნობიარობა, პასიურობა.

 

როგორია ზურგის ტვინის თიაქრის მკურნალობა და როგორ არის შესაძლებელი დახმარება?

მენინგოცელე შეიძლება განიკურნოს ქირურგიული ჩარევის შედეგად, ისე, რომ არ განვითარდეს დამბლები და სხვა სიმპტომები. შემდგომში ბავშვების ფიზიკური განვითარება ნორმალურია.
ზურგის ტვინის თიაქრის მძიმე ფორმებისას- მიელომენინგოცელე და მიელოცისტოცელე, ბავშვი ოპერირებულ უნდა იქნას დაბადებიდან 24-28 საათის განმავლობაში. დროული ქირურგიული ჩარევა მინიმუმამდე ამცირებს დამატებითი ტრავმისა და ინფექციის შედეგად გამოწვეულ დაზიანებებს. თუკი დაზიანებულია ზურგის ტვინი, ეს დაზიანება არ ქრება. კვლევები და სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ გადაუდებელი ოპერაციის შედეგად, თიაქრის მძიმე ფორმის მქონე ბავშვთა 70%-ს შეუძლიათ სიარული დამხმარე საშულებებით, ხოლო დანარჩენს კი ესაჭიროება ინვალიდური ეტლი..

უკეთესია, თუ წინასწარ მოხდება პროფილქტიკა ზურგის ტვინის თიაქრით ბავშვის დაბადების ალბათობის შემცირების მიზნით. ცნობილია, რომ ხერხემლის თიაქრის განვითარებაზე გავლენას ახდენს დედის დიეტა B ვიტამინის ნაკლებობით. ფოლიუმის მჟავის, B ვიტამინის მიღება ამცირებს ზურგის ტვინის თიაქრის და ნევული მილის სხვა დეფექტების აღმოცენების რისკს 70%-მდე. ქალებს, ვინც აპირებს ბავშვის გაჩენას, დაფეხმძიმებამდე და ფეხმძიმობის პერიოდში უნდა მიიღონ 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა ყოველდღიურად.. ამ მიზნით რეკომენდირებულია მულტივიტმინები, რომელიც B ვიტამინს შეიცავს, აგრეთვე B ვიტამინით მდიდარი საკვები დიეტა. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ დიდი რაოდენობით B ვირტამინის მიღება ექიმის რეკომენდაციის გრეშე დაუშვებელია.

ზურგის ტვინის თიაქრის მძიმე ხარისხის მქონე პირების დახმარება პირველ რიგში საზოგადოებრივ, სოციალურ ხასიათს უნდა ატარებდეს. მეტად მნიშვნელოვანი პრობლემაა გარემოს დიზაინი, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებრივ ადგილს უფრო მისაწვდომს გახდის ინვალიდური ეტლით გადაადგილებისას. ამაზეა დამოკიდებული ზურგის ტვინის მძიმე თიაქრის მქონე პირების სოციალური აქტივობა და მათი პიროვნული სრულფასოვნება.

რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?

  • ბავშვის ინვალიდიზაციის შემთხვევაში ნუ ჩაიქნევთ ხელს მასზე. პირველ რიგში მიხედეთ საკუთარ გრძნობებს და ეცადეთ გაუმკლავდეთ მათ. რთულია, მაგრამ შესაძლებელია რეალური მდგომრეობის მიღება. თქვენი დამოკიდებულება ბავშვის დეფექტისადმი, თქვენი ემოციური და სულიერი მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებას, მის თვითაღქმას.
  • ეცადეთ ბავშვი არ იყოს იზოლირებული. ხშირად ასეირნეთ; ხელი შეუწყეთ მის ტოლებთან ურთიერთობას ეზოში. ეცადეთ ატაროთ სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრ ყოფით პრობლემასთან არის დაკავშირებული.
  • შეურჩიეთ კარგი ეტლი, კარგი სასიარულო მოწყობილობა.
  • თუ ვერ ატარებთ სკოლაში, ამეცადინეთ ინდივიდუალური პროგრამით სახლში მასწავლებლების მოწვევით.
  • ასეთი ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარენი არიან, უყვართ ოცნება, მდიდარი ფანტაზია აქვთ. დაეხმარეთ მათ ახალი ინფორამციის მიღებაში, მიეცით საკუთარი ინტერესების დაკმყოფილების საშუალება.
  • იზრუნეთ ბავშვისათვის კარგი განათლების მიცემაზე, ეს მისი დამოუკიდებლობის შესანიშნავი საშულაება იქნება.
  • ეცადეთ მიაჩვიოთ დამოუკიდებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ცხადია მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ნუ გაუკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც თვითონ შეუძლია. ყოველთვის წაახალისეთ და აღნიშნეთ, რომ მან დამოუკიდებლად შეძლო საქმის გაკეთება.
 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას