ბავშვთა ცერებრული დამბლა

რა არის ბავშვთა ცერებრული დამბლა?
რითი ხასიათდება ბავშვთა ცერებრული დამბლა?
რა იწვევს ბავშვთა ცერებრული დამბლას?
რა სიხშირით გვხვდება ბავშვთა ცერებრული დამბლა?
რა ძირითადი პრობლემებია ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს?
როგორ არის შესაძლებელი ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების დახმარება?
იკურნება თუ არა ბავშვთა ცერებრული დამბლა?
რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?
რა მომავალი აქვს ჩემს ბავშვს?


რა არის ბავშვთა ცერებრული დამბლა?

ბავშვთა ცერებრული დამბლა სინდრომების ჯგუფია, რომლებიც აღმოცენდება ბავშვის თავის ტვინის დაზიანების შედეგად მუცლადყოფნის პერიოდში, პერინატალურად (მშობიარობის პერიოდში) და პოსტნატალურად (დაბადებიდან პირველ თვეებში). იგი ვლინდება ბავშვის მოტორული განვითარების დარღვევებში: კუნთთა ტონუსის და მოძრაობის კოორდინციის დარღვევებში. ცერებრული დამბლის სურათი დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანებაზე ნაყოფის და ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

კუნთების ტონუსი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი - დაძაბული, დაჭიმული (სპასტიკა), ან ძალიან დაბალი, მოშვებული. კიდურებში შეიძლება ორივეს ერთად ჰქონდეს ადგილი. კუნთური ტომუსის საშუალებით ჩვენ სხეულს შეგვიძლია მივცეთ გარკვეული მდგომარეობა, შევინარჩუნოთ სხვადასხვა პოზა, მაგ. ჯდომის, დგომის, წოლის დროს. კუნთური ტონუსის სწორი გადანაწილება მოძრავ კიდურებში და სხეულში გვეხმარება მოძრაობაში. მაგ. იმისათვის რომ ხელმა მოხრისას მოქნილი და უწყვეტი მოძრაობა შეასრულოს, უნდა მოხდეს ზოგიერთი კუნთის მოდუნება, ზოგის კი-შეკუმშვა. ცერებრული დამბლის მქონე ბვშვებს არ შეუძლიათ ცვალონ საკუთარი კუნთური ტონუსი ისე, რომ მოქნილი, თანმიმდევრული მოძრაობა შეასრულონ. მათი მოძრაობები მოუქნელი, უხეში და წყვეტილია. მოძრაობის კოორდინაცია კი გვეხმარება ერთდროულად სხვადასხვა კიდურებში შეთანხმებული მოძრაობა ვაწარმოოთ. ცერებრული დამბლის დროს კი ასეთი კოორდინაციაც დარღვეულია.

მოძრობის დარღვევები მრავალფეროვანია და მათი სხვადასხვა  გამოვლინების მიხედვით ასხვავებენ ბავშვთა ცერებრული დამბლის სხვადასხვა ფორმებს. განსხვავებულია სიმპტომების გამოხატვის ხარისხიც- იოლი გამოვლინებიდან ძალინ მძიმე დარღვევებამდე.
კუნთთა ტონუსის დარღვევების მიხედვით გამოყოფენ:

  • სპასტიური ფორმა - კუნთთა ტონუსი ძალიან მღალია, კუნთები დაჭიმულია. ბავშვს უჭირს პოზის შეცვლა, ერთი პოზიციიდან მეორეში გადასვლა, ნებითი მოძრაობის შესრულება. მაღალი ტონუსი განაპირობებს კონტრაქტურების წარმოქმნას, ზოგ შემთხვევაში ფეხების გადაჯვარედინებას, ტერფის შიგნით შეტრიალებას.
  • ატონურ-ასტატიური ფორმა - “რბილი” ფორმა, როდესაც გამოხატულია კუნთთა ტონუსის ძლირი დაქვეითება, კუნთების მოდუნება. ბავშვს უჭირს თავის დაჭერა, დიდხანს ჯდომა, დგომა, სიარული, ბავშვის სხეული მოშვებულია.
  • ათეტოიდური ფორმა - ამ დროს კუნთთა ტონუსი მერყეობს სუსტსა და ძლიერს შორის, ადგილი აქვს სპაზმებს, კუნთთა ტონუსის აწევის შეტევებს, დაქვეითებული ტონუსის ფონზე. ამის გამო ბვშვებს აღენიშნებათ უნებლიე მოძრაობები - ჰიპერკინეზები, რომელთაც ვერ აკონტროლებენ: კიდურებში, სახის კუნთების, კისრის. ბავშვის ნებითი მოტორული აქტივობა გართულებულია, უჭირს სხვადასხვა პოზის მიღება და შენარჩუნება, ელემენტარული მოქმედების შესულება.
  • ნათხემის ფორმა - ხასიათდება მოძრაობის კოორდინციის დარღვევით, წონასწორობის დრღვევებით, კუნთთა დაძაბულობას ან მოდუნებასთან ერთად.
    იმისდა მიხედვით, თუ რომელ კიდურებია დაზიანებული, ან სიმპტომები რომელ მხარეს ლინდება, ასხვავებენ:
  • სპასტიურ დიპლეგიას (ლიტლის სინდრომი), რომელიც ყველაზე ხშირი ფორმაა. მისთვის დამახასიათებელია მოტორული დარღვევები ოთხივე კიდურში, მაგრამ უფრო ძლიერად ქვედა კიდურებში. დი - ნიშნავს ორს, ხოლო პლეგია - დამბლას. ვლინდება უკვე პირველივე თვეებში.

  • სპასტიური ჰემიპლეგია - ჰემი ნიშნავს ნახევარს, პლეგია - დამბლას. იგი ხასიათდება მოტორული დარღვევებით სხეულის რომელიმე მხარეს, ამ დროს ფეხები ნაკლებად ზიანდება, ვიდრე ხელები.

  • ორმაგი ჰემიპლეგია - ცერებრული დამბლის ფორმაა, როდესაც მოტორული დარღვევები ოთხივე კიდურში ვლინდება, მაგრამ უფრო გამოხატულია ხელებში, ვიდრე ფეხებში.

  • ტეტრაპლეგია - როდესაც ოთხივე კიდურში ძლიერ გამოხატულია მოტორული დარღვევები, რაც ძალიან ამძიმებს ბავშვის მდგომრეობას.

რითი ხასიათდება ბავშვთა ცერებრული დამბლა?

  • ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს შეფერხებული და დარღვეული აქვთ ყველა მოტორული ფუნქციის ჩემოყალიბება: თავის დაჭერა, დგომის, ჯდომის, სიარულის ჩვევები, მანიპულაციური მოქმედებები ხელებით, მხედველობით-მოტორული კოორდინაცია. მოტორული ფუნქციის განვითარების დარღვევის ხარისხის მიხედვით განისაზღვრება დაავადების ფორმა და სიმძიმე. ცენტრალური ნევული სისტემის დაზიანების შედეგად ბვშვთა ცერებრული დამბლის დროს იღვევა ნებითი მოძრაობისათვის აუცილებელი სხვადასხვა კუნთების შეთანხმებული მუშაობა, რაც იწვევს სხეულის, კიდურების პათოლოგიური პოზების ჩამოყალიბებას და გაფიქსირებას. ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი არასწორი პოზები:
  1. თავი მაღლა აწეულია და უკან გადაწეული, ხელები და ფეხები დაჭიმულია და გაშლილი, ხერხემალი გაშლილია. ასეთი პოზის გამო ბავშვებს უჭირთ ზურგზე დაწოლილი მდგომარეობიდან დაჯდნენ, ხელს უშლის დგომას, სიარულს და საგნობრივი მოქმედების განითარებას ხელებში.
  2. თავი მოტრიალებულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელ-ფეხი გაშლილია, მარცხენა – მოხრილი, ან პირიქით. ამის გამო, ბავშვს არ შეუძლია იმ ხელის მოხრა, რომლისკენაც თავია მიტრიალებული და უფერხდება მხედველობით-მოტორული კოორდინაციის (თვალის და ხელის შეთანხმებული მოძრაობის) ჩამოყალიბება.
  3. თავი ჩაქინდრულია, ხელები და ფეხები - მოხრილი. ეს აგრეთვე ხელს უშლის დგომის, სიარულის და საგნობრივი მოქმედებების ჩამოყალიბებას.
    არასწორი პოზები ხელს უშლის მოძრაობების შესრულებას და მოტორული ჩვევების ჩამოყალიბებას ბავშვებში.
  • ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს დარღვეულია არა მარტო ნებითი მოძრაობების შესრულება, არამედ შესუსტებულია მოძრაობათა შეგრძნებაც, რის გამოც სხეულის და მისი ნაწილების მოძრაობის შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებაც გართულებულია. ხშირია ტაქტილური აღქმის დეფიციტი- ბავშვებს უჭირთ ხელის მოსინჯვით საგნების და მათი თვისებების ცნობა.
  • ხშირია ხელის და თვლაის შეთანხმებული მოძრაობის დარღვევა არასწორი პოზების გამო. ბავშვს უჭირს თვალი მიაყოლოს საკუთარ ან სხვის მოძრაობას. ეს აფერხებს საგნების მოხმარების ჩვევების ჩამოყალიბებას და შემდგომში სასწავლო ჩვევების (კითხვა, წერა) ათვისებას.
  • ბავშვები სწრაფად იფიტებიან. მათ უჭირთ ხანგრძლივად გარკვეული საქმიანობის შესრულება ან თამაში. დაღლის შემთხვევაში ეწყებათ მოუსვენრობა, უნებლიე მოძრაობები.
  • ხშირია მეტყველების დარღვევები, რაც გამოიხატება ბგერების და სიტყვების გამოთქმის გაძნელებაში. სახის, ტუჩების და ენის კუნთების ტონუსის დეფექტის გამო მათი მოძრაობა ძლიერ შეზღუდულია. ამასთან ერთად, არასწორი სუნთქვაც აძლიერებს ბგერათწარმოქმნის პროცესის დარღვევას. ასეთი სახის მეტყველების დარღვევა, ანუ დიზართრია დამოკიდებულია სამეტყველო კუნთების კონტროლის და კოორდინციის დაზიანების ხარისხზე. ბავშვის მეტყველება შეიძლება იყოს ნელი, ძნელად გასარჩევი, ხმა შეცვლილი, თითქოს ცხვირში ლაპარაკობენ. მეტყველება წყვეტილია, ხმის მოდულაცია - ცვალებადი. მეტყველების პრობლემები რთულდება, თუ ბავშვს სმენაც დაქვეითებული აქვს ერთ ან ორივე ყურში. ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების 20% სმენის სიმახვილე დაქვეითებული აქვს ერთ ან ორივე ყურში, რაც ართულებს მეტყველების განვითარებას-ბგერების სწორად გაგებას და წარმოთქმას. ხშირია ყლაპვის გაძნელება, ღეჭვის, კბეჩის მოძრაობების შესულების გაძნელება. ასეთ ბავშვებს აქვთ წოვის სირთულე ჩვილობაში, რის გამოც ვერ იღებენ საკმარის საკვებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა აჭამოს დედამ ბავშვს.
  • ბავშვებს ხშირად მხედველობით-სივრცითი წარმოდგენების და სხეულის სქემის განვითარების შეფერხება აქვთ. რადგნაც მოტორული ფუნქციების დარღვევის გამო ბავშვი აქტიური არ არის, დამოუკიდებლად ვერ ახერხებს საგნების მოსინჯვას, პირში ჩადებას, ცოცვას, ხოხვას, მისი სენსორული და მოტორული განვითარება ძლიერ ფერხდება. მას უჭირს მანძილების და მხარების გარჩევა.
  • ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების 20% აქვთ ხოლმე კრუნჩხვითი გულყრები თავის ტვინის დაზიანებულ უბნებში ნეირონების პათოლოგიური აქტივობის გამო. ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სახის გულყრები, უფრო ხშირად იდი გენერალიზებული კრუნჩხვითი გულყრები: გონების დაკარგვით, სხეულის ნაწილების დაჭიმვით და შემდეგ რიტმული მოძრობებით, შეიძლება უნებლიე შარდვით, რაც რამდენიმე წუთს გრძელდება.

რა იწვევს ბავშვთა ცერებრული დამბლას?

ბავშვთა ცერებული დამბლის მიზეზი არის თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების დაზიანება მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობისას თუ დაბადების შემდგომ ადრეულ პერიოდში. პათოლოგიური პროცესი ჩნდება თავის ტვინის ჩამოყლიბების სხვადასხვა სტადიებზე და მისი შემდგომი განვითარება ფერხდება, რაც პირველ რიგში გავლენას ახდენს მოტორული ფუნქციების განვითარებაზე. პათოლოგიური პროცესისი მიმდინარეობა დამთავრებულია და ადგილი აქვს თავის ტვინის დაზიანების ნარჩენ (რეზიდუალურ) მოვლენებს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როდის მოხდა თავის ტვინის დაზიანება. ნაყოფის თავის ტვინის პათოლოგიის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • პლაცენტის პთოლოგია
  • დედის მიერ გადატნილი ინფექცია
  • ნაყოფის ქრონიკული ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა)
  • სხვდასხვა ქიმიური ნივთიერებით ან მედიკამენტებით ინტოქსიკაცია
  • მუცლდყოფნის ინფექციები: იტომეგალია, ლისტერიოზი, ტოქსოპლაზმოზი.

მშობიარობის პერიოდში თავის ტვინის დაზიანების ფაქტორი ყველაზე ხშირად სამშობიარო ტრავმაა. ბავშვის ტვინი შეიძლება დაზიანდეს მძIმე მშობიაორბის დროს, მაშების დადების ან ვაკუუმ-ექსტრაქტორის გამოყენებისას, ნაყოფის ასფიქსიის, სწრაფი და ნაადრევი მშობიარობის დროს.

დაბადების შემდგომ პერიოდში ბავშვთა ცერებული დამბლის წარმოშობის მიზეზები უპირატესად ინფექციური ხასიათისაა, უფრო იშვიათად-ტრავმული.

რა სიხშირით გვხვდება ბავშვთა ცერებრული დამბლა?

სხვადასხვა მონაცემებით, ყოველ 1000 ახალშობილზე იბადება 3-5 ბავშვი სხვადსახვა ხარისხის ცერებული დამბლით. მამაკაცებში და ქალებში ერთნაირი სიხშირით გვხვდება.

რა ძირითადი პრობლემებია ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს?

  • მთავარი პრობლემა ბავშვის მოტორული ფუნქციების განვითარების დარღვევაა, რაც ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისათვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის. ჩვილი ბავშვი გარემოს მოძრაობებით და შეგრძნებებით შეიცნობს. იგი გარემოს და საგნებს სხვადასხვა მოძრაობებით, საკუთარი სხეულის გადაადგილებით და სხვადასხვა შეგრძნებებით სწავლობს. ჩვილ ბავშვს უკვე 4 თვის ასაკისათვის თავისუფლად შეუძლია თავის მდგომრეობის კონტროლი და მისი თავისუფალი მობრუნება სივრცეში. 4-6 თვის ასაკში ბავშვი ჯდომას სწავლობს, 6-8 თვის ასაკში სწავლობს აქტიურ ცოცვას, ხოლო 8-12 თვის ასაკში კი ფეხზე დგება და შეუძლია ჯდომის პოზის შენარჩუნება. 12-18 თვის ასაკში ბავშვი სიარულს იწყებს, წონასწორობის შესანარჩუნებლად აქტიურად იყენებს ხელებს. მოტორული აქტივობის განვითარებასთან ერთად ბვშვს შესაძლებლობა ეძლევა აქტიურად შეისწვლოს გარემო- მიცოცდეს, ხელი მოკიდოს, პირში ჩაიდოს, მოსინჯოს. ბავშვთა ცერებრული დამბლის მქონე ბავშვი ასეთ აქტიურობას მოკლებულია. იმის გამო, რომ მას თავის, კისრის, ზურგის არასწორი პოზიციები აქვს, დროულად ვერ იჭერს თავს, ვერ ჯდება, ვერ იცვლის პოზას, ვერ ცოცავს და ვერ დგება დამოუკიდებლად, უჭირს საგნების ხელში დაჭერა და მოსინჯვა.
  • მოტორული ფუნქციის დაზიანების ხარისხის მიხედვით ბავშვებს უჭირთ თვითმომსახურების ჩვევების ათვისება და დამოუკიდებელი განხორციელება.
  • სკოლის ასაკის პერიოდში პრობლემაა დამოუკიდებელი გადაადგილება, გარემოს შესაფერისი მოწყობა გადაადგილების შესამსუბუქებლად,  ფანქრის და კალმისტრის ხმარება, გაკვეთილზე დიდხანს ყოფნის გაძნელება. ყოველი მათგანი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
  • მეტყველების მოტორული და არტიკულატორული მხარის დარღვევები, რაც მათ მეტყველებას ნაკლებად გასაგებს და უსიამოვნოს ხდის.
  • იმის გამო, რომ ბავშვს უჭირს დამოუკიდებელი მოძრაობა, პასიურია, ვერ თამაშობს სხვა ბავშვებთან, გარემო პირობების შეუსატყვისობის გამო ვერ დაყავთ საბავშვო ბაღში და სკოლაში, ბავშვი იზოლირებულია. ეს კი აფერხებს სოციალური ჩვევების ჩამოყალიბებას, მისი ემოციური დფეროს განვითარებას.
  • ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ემოციური სფეროს პრობლემები. ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებში ხშირია სხვადასხვა სახის შიშები, ემოციური არამდგრადობა, გუნების სწრაფი ცვლილება. ამას ემატება საკუთარეი უსუსურობის და გარიყულობის განცდა, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ ემოციურ მდგომარეობას.
  • მნიშვნელოვანია მოზრდილის პროფესიული ორიენტაცია და რთული მოტორული დარღვევების შემთხვევაში მისი მაქსიმალური დამოუკიდებლობის მიღწევა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როგორ არის შესაძლებელი ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების დახმარება?

  • ბავშვის დახმარება დაბადებიდან პირველივე თვეებიდან იწყება, მას შემდეგ, როდესაც გამოვლინდება მისი მოტორული ფუნქციებუს დეფიციტი. სამედიცინო დახმარება გულისხმობს მედიკამენტურ მკურნალობას და ფიზიკურ თერაპიას- სპეციალურ ფიზიკურ სავარჯიშოებს ბავშვის მოტორული ფუნქციის დეფექტების გათვალისწინებით. ფიზიკური თერაპევტი დედას ასწავლის, თუ როგორ პოზაში უნდა აჭამოს ბავშვს, რა უნდა გააკეთოს მისი წოვის რეფლექსის გასაძლიერებლად. ფიზიკური თერაპიის საშუალებით ცდილობენ ბავშვს არ გუფიქსირდეს სხეულის, თავის, კიდურების არასწორი პოზები. ბავშვს ასწავლიან ჯდომას, დგომას, სიარულს, კიბეზე ასვლა-ჩასვლას, მძიმე შემთხვევაში ეტლის გამოყენებას. იყენებენ სავარჯიშოების სპეციალურ სისტემას, რომელიც ბავშვს უმსუბუქებს კიდურების და ტანის დაძაბულობას, ხელს უწყობს მოძრაობათა კოორდინაციას, არასწორი პოზის კორეგირებას. არსებობს ბობატების სისტემა, პროგრამა MOVE.
  • დიდი დახმარებაა ჩვევების (ოკუპაციური) თერაპია, რომლის მიზანია ბავშვისათვის ყოველდღიური თვითმომსახურების ჩვევების, საგნების გამოყენების ჩვევების ათვისება. ადრეული ასაკიდან ბავშვებს სპეციალური სავარჯიშოების სისტემით ასწავლიან საგნების ხმარებას, ჩაცმას, ჭამას, ფანქრის, მაკრატლის ხმარებას, დაბანას, კბილების გახეხვას; საგნების, ფერების, ფორმების, ტექსტურის გარჩევას. ამ თერაპიის მიზანია ბავშვის მაქსიმალური სენსომოტორული სტიმულაცია.
  • მეტყველების პრობლემების შემთხვევაში დიდი დახმარების გაწევა შეუძლია მეტყველების თერაპევტს (ლოგოპედი). იგი ეხმარება ბავშვს სამეტყველო აპარატის სპეციალური მასაჟებით, სავარჯიშოებით, ასწავლის სუნთქვის რეგულაციას, ახალი სიტყვების გამოყენებას, წინადადების აგებას, აუმჯობესებს მათი მოსმენის უნარს.
  • რეკრეაციული თერაპია აგრეთვე მნიშვნელოვანი დახმარებაა ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის. ამ თერაპიის მიზანია, ბავშვის  ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა უნარების განვითარება და ამით სიამოვნების მიღება. ბავშვებს, მათი მოტორული შესაძლებლობებიდან გამომდინარე ასწავლიან ცხენზე სიარულს (რაიდთერაპია), ცურვას, ხატვას, ძერწვას, ხელსაქმეს, მცენარეების მოვლას და ა.შ. სეთი თერაპია ემსახურება პირველ რიგში ბავშვის ფსიქიკური განვითარებისათვის ხელშეწყობას - როგორც შემეცნებითი, ასევე ემოციური სფეროსი; იზოლაციის და გარიყულობის, უმაქნისობის გრძნობის შემცირებას. ბავშვი რადიკალურად იცვლება, როდესაც ხედავს, რომ თვითონ შეუძლია ისეთი რამის გაკეთება, რასაც ადრე ვერ ახერხებდა.
  • მეტად მნიშვნელოვანი დახმარებაა გარემოს სპეციალური დიზაინი, რაც ასეთ ბავშვებს და შემდეგ მოზრდილებს უადვილებს დამოუკიდებლ აქტივობას. ეს არის ავეჯის, ჭურჭლის, ეტლის სპეციალური დიზაინი, ოთახების, კიბეების, ტუალეტის სპეციალური დიზაინი, რაც განსაკუთრებით უადვილებს მოქმედებას და აქტივობას მძიმე მოტორული დარღვევების მქონე პირებს. უკანასკნელ პერიოდში აშშ-ში იქმნება სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც ძალიან მძიმე მოტორული დარღვევების მქონე ბავშვებსაც კი დგომის, ჯდომის და სიარულის შესაძლებლობას აძლევს.

ბავშვთა ცერებრული დამბლის მქონე პირებისათვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სპეციალისტების ერთდროული, მულტიდისციპლინარული დახმარება, კერძოდ:

  • მედიკამენტური დახმარება
  • მეტყველების თერაპია
  • ფიზიკური თერაპია
  • ჩვევების თერაპია
  • რეკრეაციული თერაპია
  • დამხმარე ტექნიკური საშუალებების გამოყენება
  • ოჯახის სოციალურ-ფსიქოლოგიური დახმარება.

იკურნება თუ არა ბავშვთა ცერებრული დამბლა?

არა, არ იკურნება. ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ექნება მოძრაობის პრობლემები, რომელიც სხვადასხვა ხარისხით შეიძლება იყოს გამოხატული: იოლი, საშუალო, მძიმე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკურნალობას აზრი არა აქვს. ბავშვთა ცერებრულ დამბლას როგორც წესი კომპლექსურად მკურნალობენ რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან. ეს არის მედიკამენტური თერაპია, სპეციალური სავარჯიშოების სისტემა (ბობატების მეთოდი), სპეციალური სავარჯიშოების სისტემა ტექნიკური უზრუნველყოფით (მოვე), სკაფანდრების მეთოდი, მასაჟები, რაიდთერაპია (ცხენოსნობა). ყოველი თერაპიის მიზანია ბავშვის მოტორული სისტემის დეფექტების კორექცია.

რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?

  • რა თქმა უნდა, რთულია შეეგუოთ იმ აზრს, რომ თქვენი შვილის სრული განკურნება შეუძლებელია. თუმცა სჯობს ეს თავიდანვე იცოდეთ და ილუზიები და მცდარი მოლოდინები არ გქონდეთ. ამავე დროს, გახსოვდეთ, რომ კომპლექსურ თერაპიას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია თქვენი ბავშვისათვის. ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის მოძრაობის შესაძლებლობებზე, ანუ იმაზე, თუ როგორია მისი მოტორული ფუნქციების დარღვევის ხარისხი. ბავშვის თერაპიის და სწავლების სტრატეგიის დაგეგმვაც ამის გათვალისწინებით ხდება.
  • ცხადია ბავშვის მულტიდისციპლინარული მკურნალობა ძალიან სასარგებლოა მისი განვითარებისათვის, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს თქვენს პასიურობას. მხოლოდ სპეციალისტებს ნუ მიანდობთ თქვენი ბავშვის განვითარების სტიმულაციას. ჩვილობის ასაკში, პირველ რიგში აუცილებელია ბავშვის სწორი კვების დაუფლება. ექიმი და ფიზიკური თერაპევტი გასწავლით მთელ რიგ მანიპულაციებს ბავშვის ჭმევის პროცესის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე იმ პოზებს, რომელშიც ჯობს ბავშვის დაჭერა. აუცილებელია ბავშვის ძილ-ღვიძილის რეჟიმის მოგვარება. ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს სუსტი ცენტრალური ნერვული სისტემის გამო შეიძლება ჰქონდეთ ძილის პრობლემები. მშობლებმა ზედმიწევნით მტკიცედ უნდა დაიცვან ბავშვის ძილის და სიფხიზლის რეჟიმი ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე.
  • დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის საწოლს. ის უნდა იყოს კომფორტული და მოხერხებული. იგი ისე უნდა იდგეს, რომ კარები ბავშვის წინ იყოს, ხოლო კედელი იმ მხარის საწინააღმდეგოდ, საითკენაც ბავშვს თავის მოტრიალება შეუძლია. კონკრეტული მანიპულაციების შერჩევაში დაგეხმარებათ ფიზიკური თერაპევტი, ის გასწავლით თუ როგორი პოზა ჯობს ჰქონდეს ბავშვს ძილის დროს. მაგ. დღისით, ხანმოკლე ძილის პერიოდში სასარგებლო პოზაა ბავშვის მუცელზე დაწვენა. თუ კუნთების მოხრითი დაძაბულობა მაღალია და ბავშვი ამ პოზაში ვერ ჩერდება, მაშინ სასარგებლოა მისი ხელების თავს ზემოთ და წინ აწევა და მკერდის ქვეშ მაგარი მომცრო ბალიშის ამოდება. ზოგჯერ შეიძლება სასარგებლო იყოს ბავშვის გვერდზე დაწვენა.
  • სიფხიზლის დროს ბავშვი 20 წთ-ზე მეტ ხანს არ უნდა იყოს ერთი და იგივე მდგომარეობაში. ფიზიკური თერაპევტი ექიმთან ერთად დაგეხმარებიან ბავშვისათვის სასურველი პოზების შერჩევაში ბავშვის ჭამის, ჩაცმის, ბანაობის და თამაშის დროს. თქვენ უნდა თვალყური ადევნოთ იმას, თუ როგორ წევს, თუ ზის ბავშვი; ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვი სწორად გეჯდეთ კალთაში, ფიზიკური თერაპევტი გასწავლით ბავშვის კალთაში ჯდომის სპეციალურ პოზებს. ბავშვის მოტორული განვითარებისათვის მეტად ეფექტურია, თუ თქვენ ზედმიწევნით და რეგულარულად შეასრულებთ ფიზიკური თერაპევტის ინსტრუქციებს და ბავშვის მასთან მხოლოდ 1 საათის ვარჯიშით არ შემოიფარგლებით.
  • აუცილებელია ბავშვთან რეგულარული თამაში. ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს არა აქვთ ინიციატივა, ამიტომ თქვენ უნდა იყოთ აქტიური. ჩვილობის ასაკში თქვენ უნდა ჩაუდოთ ბავშვს ხელში სათამაშო, მოასინჯინოთ (ხელით, პირით), დაუსახელოთ. სკოლამდელ ასაკში ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა კუბიკებით, მოზაიკით, ლოტოთი, კონტრუქტორებით თამაში.
  • ყოველნაირად ეცადეთ ბავშვის შეგრძნებების, განსაკუთრებით კუნთ-მყესოვანი და მოძრაობის შეგრძნებების, შეხების შეგრძნებების სტიმულირებას. განსაკუთრებით სასარგებლოა ბუნებრივი საშუალებები. ბავშვისათვის კარგია წყლით თამაში, ქვიშაში გართობა, კენჭებით და გირჩებით თამაში, კენჭებზე და უსწორმასწორო ზედაპირზე სიარული, ბალახში გორაობა და ცოცვა. შეძლებისდაგვარად ეცადეთ ბავშვი ხშირად გაიყვნოთ ბუნების წიაღში. ეს ბევრად შეუწყობს ხელს მის სენსომოტორულ, და შესაბამისად, გონებრივ განვითარებას.

რა მომავალი აქვს ჩემს ბავშვს?

ბავშვთა ცერებული დამბლის მქონე ადამიანები ჩვეულებრივ დამოუკიდებლობის გარკვეულ ხარისხს აღწევენ, სწავლობენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში. დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხი დამოკიდებულია მოტორული დარღვევების სიმძიმეზე. ბავშვებს შეიძლება არ ჰქონდეთ სწავლის პრობლემები, მაგრამ სკოლაში სიარული, კლასში ჯდომა, კალმისტრის ხელში დაჭერა დიდ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. ყველაზე დიდი პრობლემა ბავშვთა ცერებრული დამბლის საშუალო და ძლიერი ხარისხის მქონე პირებისათვის არის გადაადგილების პრობლემა, რაც ართულებს მათი საზოგადოებრივ ადგილებში სიარულის შესაძლებლობას.

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს, ისევე როგორც სხვა ბავშვებს ინდივიდუალური უნარები, ინტერესები და ნიჭები აქვთ. მოზარდობის ასაკში ისინი საკუთარი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეიძლება სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლონ, განსაკუთრებით ისეთებს, რომელზეც მათი მოტორული შეზღუდულობა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

პროფესიის დაუფლებასა და სწავლაში მნიშვნელოვანი პრობლემაა საზოგადოებრივი ადგილების აბოლუტური მოუწყობლობა. ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს, მისთვის საკმაოდ რთული ამოცნაა ქუჩაში დამოუკიდებლად მოძრაობა, ტრანსპორტით სარგებლობა და მაღალ სართულზე ასვლა. ჩვენი საზოგდოებრივი ადგილები არ არის მორგებული იმ პირებზე, რომელთა ფიზიკური და მოტორული შესაძლებლობები შეზღუდულია. ბავშვთა ცერებრული დამბლის მქონე ადამიანი სრული ინვალიდობისათვის და იზოლაციისათვის არის განწირული, იმიტომ რომ კარგი ეტლი არა აქვს, ლიფტი არ მუშაობს, ეტლისათვის სპეციალური ბილიკები არ არსებობს, ხოლო შენობებში კი - დამხმარე მოაჯირები.

იმ ბავშვებისათვის, რომელთაც გონებრივი განვითარების ან სწავლის პრობლემები აქვთ, აუცილებელია მათი ფსიქიკური განვითარების ფსიქოლოგიური შეფასება, სპეციალური პროგრამები და სპეციალური განათლება, მათი პოტენციური უნარების განვითარების მიზნით.

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას