მეტყველების დარღვევები

რა არის მეტყველების დარღვევა?
რითი ხასიათდება მეტყველების დარღვევები?


რა არის მეტყველების დარღვევა?

ბავშვობის ასაკში მეტყველების მრავალფეროვანი დარღვევები გვხვდება, რომელთაც განსხვავებული ბუნება და მიზეზები აქვთ. ყველა შემთხვევაში დარღვეულია ბავშვის გარემოსთან ენის საშუალებით კომუნიკაცია.

გამოყოფენ მეტყველების დარღვევების შემდეგ  კატეგორიებს:

  • ხმის დარღვევები, დისფონია
  • სუნთქვის კოორდინაციის დარღვევები, დისრიტმია
  • ბგერების მკაფიოდ გამოთქმის დარღვევა, დიზართრია
  • სენსორული დეფიციტის შედეგად აღმოცენებული მეტყველების დარღვევები (სმენის სხვადასხვა ხარისხით დაქვეითება)
  • სხვა დაავადებების და მდგომარეობების თანმხლები მეტყველების დარღვევები (დაუნის სინდრომის, გონებრივი ჩამორჩენილობის, ფსიქიატრიული დაავადებების და ა.შ.)
  • მეტყველების შეძენილი დარღვევები, აფაზია
  • მეტყველების განვითარების სპეციფიკური დარღვევები, დისფაზია

მეტყველების შერეული დარღვევები, მოიცავენ ზემოთ ჩამოთვლილ 2-3 კატეგორიას.

მნიშვნელოვანია განვასხვავოთ მეტყველების დარღვევის ორი დიდი ჯგუფი: განვითარების, ანუ სპეციფიკური და შეძენილი.

მეტყველების სპეციფიკური დარღვევები  მეტყველების დარღვევათა ჰეტეროგენული ჯგუფია, როგორც მეტყველების პრობლემების ხასიათის, ასევე სიმპტომების გამოვლენის ხარისხის მიხედვით. ბავშვს აქვს მეტყველების განვითარების, ანუ სპეციფიკური დარღვევა, თუ:

  • გააჩნია მეტყვლების გამოხატული დარღვევა
  • აუდიოლოგიური შემოწმებით აქვს ნორმალური სმენა
  • აქვს ნორმალური არავერბალური ინტელექტი
  • არ აღენიშნება გამოხატული ნევროლოგიური სიმპტომები (შეიძლება ჰქონდეს იოლი ნევროლოგიური ნიშნები)
  • არა აქვს ქრომოსომული დაავადება, ან ისეთი დაავადებები გადატანილი, რომლებიც ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევენ (დაუნის სინდრომი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, მენინგიტი, ენცეფალიტი, ქალა-ტვინის ტრავმა)
  • არა აქვს პერიფერიული ფუნქციური და სტრუქტურული სახის ორალურ-მოტორული ანომალიები
  • არა აქვს ფსიქიატრიული, ქცევითი თუ ემოციური დარღვევების ნიშნები
  • ისტორიაში არ აღენიშნება შეურაცხყოფა და სასტიკად მოპყრობა
  • ნორმალური სამეტყველო გარემო
  • ისტორიაში არ აღენიშნება მეტყველების შეძენილი დარღვევა (მეტყველების გაუარესება, დაქვეითება).

მეტყველების განვითარების სპეციფიკურ დარღვევებს აღნიშნავენ ტერმინით დისფაზია, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე- ტერმინით ალალია. ამ შემთხვევაში ბავშვის მეტყველების განვითარება მნიშვნელოვნად ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას. განასხვავებენ:

  • ექსპრესიული მეტყველების დარღვევას, რაც გულისხმობს აზრის სიტყვებში ჩამოყალიბების, არტიკულაციის, გამოთქმის პრობლემებს;
  • იმპრესიული მეტყველების დარღვევას, რაც გულისხმობს სხვისი მიმართული მეტყველების გაგების პრობლემებს.
  • მეტყველების შერეული დარღვევა, რაც გულისხმობს როგორც ექსპრესიული, ასევე იმპრესიული მეტყველების პრობლემებს.

ყველა შემთხვევაში დარღვევებს შეიძლება ადგილი ჰქონდეთ მეტყველების ფონოლოგიურ, გრამატიკულ, სემანტიკურ, პრაგმატიკულ დონეზე.

მეტყველების შეძენილ დარღვევას აფაზიას უწოდებენ. ამ შემთხვევაში, ბავშვის მეტყველება ნორმალურად ვითარდება, მაგრამ თავის ტვინის დაზიანების გამო ხდება იმპრესიული ან ექსპრДსიული მეტყველების დარღვევა. მეტყველების დარღვევა შეძენილია, თუ:

  • ადგილი აქვს მეტყველების ნორმალურ განვითარებას გარკვეულ პერიოდამდე
  • ადგილი ჰქონდა თავის ტვინის დაზიანებას ქალა-ტვინის ტრავმის, ნეიროინფექციის შედეგად, ეპილეფსიური აქტივობის კერების შედეგად
  • ადგილი აქვს მეტყველების სისტემურ დარღვევას, როგორც ექსპრესიული, ასევე იმპრესიული მეტყველების
  • ადგილი აქვს აფაზიის სპონტანურ აღდგენას ან სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამის შედეგად მეტყველების აღდგენას.

 

რითი ხასიათდება მეტყველების დარღვევები?

 

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას