ჰიდროცეფალია

რა არის ჰიდროცეფალია?
რა ახასიათებს ჰიდროცეფალიას?
რა არის თანდაყოლილი წყალმანკის მიზეზი?
რა სიხშირით გვხვდება ჰიდროცეფალია?
რა არის ჰიდროცეფალიის ძირითადი პრობლემა?
შეიძლება თუ არა ჰიდროცეფალიის მქონე ბავშვის დახმარება?
იკურნება თუ არა ჰიდროცეფალია?


რა არის ჰიდროცეფალია?

ეს არის დაავადება, წყალმანკი, როდესაც თვის ქალაში მატულობს თავზურგ-ტვინის სითხე (ლიქვორი). ახალდაბადებულ ბავშვს 20-25 მლ სითხე აქვს თავის ქალის სუბარაქნოიდულ( რბილი გარსის) სივრცეში და 40 –45 მლ – ზურგის ტვინის რბილი გარსის სივრცეში. ჰიდროცეფალიის დროს ლიქვორის როდენობა 1-2 ლიტრამდე აღწევს, მძიმე შემთხვევაში კი- შეიძლება 10 ლიტრამდეც აღწევდეს.

ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.

ლიქვორის მომატება რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს, რის გამოც ანსხვავებენ ჰიდროცეფალიის სხვადასხვა სახეს:

  • ჰიპერსეკრეტორული ჰიდროცეფალია - ლიქვორის პროდუქციის პროგრესული ზრდა
  • პრეზორბციული ჰიდროცეფალია- ლიქვორის შეწოვის პროცესის დარღვევა.

გარდა ამისა არჩევენ ჰიდროცეფალიის ღია და დახურულ ფორმებს:

  • ღია (შემაერთებელი) წყალმანკი ხასიათდება ყველა პარკუჭის გაფართოებით, ლიქვორის მომატებით როგორც პარკუჭებში, ასევე ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში;
  • დახურული (ოკლუზიური) წყალმანკი ხასიათდება ლიქვორის მდინარების მოშლით პარკუჭოვანი სისტემის შიგნით; ხდება ლიქვორული სისტემის ბლოკირება;

გარეთა და შიგნითა წყალმანკს არჩევენ თავზურგ-ტვინის სითხის ჭარბი რაოდენობის ლოკალიზაციის მიხედვით:

  • გარეთა ჰიდროცეფალიის დროს სითხე გროვდება სუბარაქნოიდულ სივრცეში;
  • შიგნითა ჰიდროცეფალიის დროს სითხე გროვდება პარკუჭებში.

ღია წყალმანკი შეიძლება იყოს როგორც გარეთა, ასევე შიგნითა. დახურული კი- მხოლოდ გარეთა.

ჰიდროცეფალიის დროს ხდება ტვინის პარკუჭების გაფართოება, ტვინის ნივთიერების გათხელება- ამ დროს თეთრი ნივთიერება უფრო ზიანდება, ვიდრე რუხი.

მიმდინარეობის მიხედვით ასხვავებენ მწვავე ჰიდროცეფალიას და ქრონიკულს, კომპენსირებულს, სუბკომპენსირებულს და დეკომპენსირებულს.

  • კომპენსირებული წყალმანკის დროს არ გვხვდება კლინიკური გამოვლინება და ბავშვი ნორმალურად ვითარდება;
  • სუბკომპენსირებული წყალმანკის დროს კომპენსაცია ნაწილობრივ ხდება იოლად და ზომიერად გამოხტული კლინიკური ნიშნებით
  • დეკომპენსაციის შემთხვევა ძლიერად გამოხატული კლინიკური ნიშნებით ხასიათდება და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.

შეძენილი ჰიდროცეფალიის დროს ადგილი არა აქვს თავს ქალის მოცულობის ზრდას ან დეფორმაციას. რაც უფრო ნაკლებად არის შეცვლილი თავის ქალა, მით უფრო ძლიერია ჰიპერტენზია (ქალას შიდა წნევა), თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა. წყალმანკის ამ ფორმისათვის არ არის დამახიასიათებელი ფსიქიკური განვითარების პრობლემები. შეძენილი წყალმანკის ფორმები იგივეა რაც თანდაყოლილი წყალმანკის დროს. ამ შემთხვევაშიც ანსხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. შეძენილი წყალმანკის დროს მწვავე პერიოდი უკუგანვითარებას განიცდის, ზოგჯერ კი ქრონიკულში გადადის და სტაბილური ხასიათი აქვს. ეს ხშირად ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ ხდება.

რა ახასიათებს ჰიდროცეფალიას?

თანადაყოლილ ჰიდროცეფალიას ახასიათებს თავის ქალის ზომის ზრდა და მისი ფორმის შეცვლა. ხშირად თავის ქალის ზომა უკვე დაბადებისას არის დიდი და მძიმე მშობიარობის მიზეზი ხდება. ახალდაბადებულის თავის ქალის გარშემოწელილობა 34 სმ-ს ნაცვლად არის 50-70 სმ, ზოგჯერ კი 100 სმ-ც კი. თუ თანდაყოლილი ჰიდროცეფალიისას ბვშვი თავის ქალის ნორმალური ზომით იბადება, ხდება ქალის ნაკერების და ყიფლიბანდის დაცილება, მატულობს ნევროლოგიური სიმპტომები, მაღალია ქალას შიდა წნევა. იცვლება ბავშვის თავის ფორმა: განსაკუთრებით არის გამობურცული და გაფართოებული შუბლის და თხემის მიდამოები. დიდ თავის ქალასთან კონტრასტულია ბავშვის პატარა სახე, რომლესაც სამკუთხედის ფორმა აქვს. გამოხატულია სისხლძარღვოვანი ქსელი საფეთქლის, შუბლის და ქუთუთოების მიდამოში. ნევროლოგიური სიმპტომატიკა შეიძლება მრავალფეროვანი იყოს და დამოკიდებულია ჰიდროცეფალიის გამოვლენის ხარისხზე.

დახურული (ოკლუზიური) ჰიდროცეფალიისათვის დამხასიათებელია მოვლითი შეტევები მკვეთრი თავის ტკივილით, პირღებინებით, თავის იძულებითი მდებარეობით, ვეგეტატიური მოშლილობებით. წყალმანკის მქონე ბავშვები თავს გვიან იჭერენ, გვიან ჯდებიან, დგებიან და იწყებენ სიარულს. თავი სიმძიმის გამო დაკიდული აქვთ, ტანი კი მოხრილი.
ჰიდროცეფალია არ ნიშნავს მხოლოდ თავის დიდ ზომას. ზოგჯერ თავის დიდი მოცულობა ოჯახისათვის დამახასიათებელი მემკვიდრეობითი ნიშანია ჰიდროცეფალიის გარეშე. ამიტომ საჭიროა კლინიკური გამოკვლევა. ითვლება, რომ თუ თავის მოცულობა 10 სმ-ზე მეტით არ აღემატება ნორმას, ბავშვებს ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში პრობლემები არ შეექმნებათ დროული მკურნალობის შედეგად.

ზომიერი და ძლიერი ჰიდროცეფალიის შემთხვევაში ბავშვებს აღენიშნებათ ფსიქიკური განვითარების შენელება, შეფერხება, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა. გვიანდება მეტყველების გნვითარება. ბავშვებს როგორც წესი აქვთ არაჩვეულებრივი მექანიკური მეხსიერება. აღენიშნებათ არასტაბილური ემოციური სფერო და გამოირჩევიან მაღალი შთაგონებადობით.

კომპენსირებული ჰიდროცეფალიის დროს ბავშვი კარგად და უპრობლემოდ ვითარდება.

რა არის თანდაყოლილი წყალმანკის მიზეზი?

ჰიდროცეფალია შეიძლება გამოიწვიოს მუცლადყოფნის პერიოდში სხვადასხვა დაზიანებამ: დედის ინფექციური დაავადება, ტოქსოპლაზმოზი, დედის ვირუსული დავადებები, რომლებიც შეიძლება ნაკლებად გამოხატული იყოს, ციტომეგალოვირუსი. ნერვული მილის განვითარების დეფექტების გამო, რის შედეგადაც ირღვევა კომუნიკაცია პარკუჭოვან სისტემასა და სუბარაქნოიდულ სივრცეს შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მუცლადყოფნის პერიოდის პირველ ნახევარში ნერვული სისტემის დაზიანებას და დედის დაავადებებს ფეხმძიმობის მეორე ნახევარში. თანდაყოლილი ჰიდროცეფალიის 30%-ის მიზეზია თავის ტვინის სილვიის წყალსადენის თანდაყოლილი შევიწროება, 4%-ში კი მაჟანდის და ლუშკას ხვრელების განვითარების დეფექტები.

რა სიხშირით გვხვდება ჰიდროცეფალია?

ყოველ 1000 ახალშობილზე გვხვდება ჰიდროცეფალიის 1-4 შემთხვევა, ერთნაირი სიხშირით გოგონებსა და ბიჭებში.

რა არის ჰიდროცეფალიის ძირითადი პრობლემა?

დეკომპენსირებული და სუბკომპენსირებული ჰიდროცეფალიის შემთხვევაში აუცილებელია დროული მკურნალობა ჰიდროცეფალიის მიზეზების გათვალისწინებით. პროგრესირებადი ჰიდროცეფალიის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით აუცილებელია, რადგან ბავშვის სიცოცხლე შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს. ძირითადი პრობლემა არის ნევროლოგიური სიმპტომების გართულება, ტვინის ნივთიერების დაზიანების, ქალასშიდა წნევის ძლიერი მომატების, ტვინის შეშუპების გამო.

ზომიერად გამოხატული ჰიდროცეფალიის შემთხვევაში პრობლემაა ბავშვის ფსიქიკური განვითარების შეფერხება: მეტყველების, მხედველობით-სივრცითი ფუნქციების, სენსო-მოტორული ფუნქციების განვითარების პრობლემები. სკოლაში ჰიდროცეფალიის მქონე ბავშვს შეიძლება ჰქონდეს სწავლის პრობლემები.

შეიძლება თუ არა ჰიდროცეფალიის მქონე ბავშვის დახმარება?

შეიძლება და აუცილებელია პირველ რიგში სამედიცინო დახმარება.

შემდეგ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური დახმარება, თუ ბავშვს პრობლემები აქვს განვითარებაში და სწავლაში. აუცილებელია ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე სასწავლო პროგრამის შემუშავება. უფრო იოლ შემთხვევაში საკმარისია დღის რეჟიმის სწორი დაცვა, რადგან ასეთი ბავშვები სწრაფად იფიტებიან. აუცილებელია ბავშვების შესაძლებლობების გათვალისწინება სასწავლო მოთხოვნების ჩამოყალიბებისას.

იკურნება თუ არა ჰიდროცეფალია?

კომპენსირებულ ჰიდროცეფალიას არ ესაჭიროება მკურნალობა, საკმარისია მხოლოდ პერიოდული სამედიცინო კონტროლი.

ჰიდროცეფალიას ხარისხის და ფორმის მიხედვით მკურნალობენ მედიკამენტოზურად და ქირურგიული წესით, შუნტირება.

იოლი და ზომიერი ჰიდროცეფალიის შემთხვევაში დადებითი დინამიკისათვის საკმარისია მედიკამენტოზური მკურნალობა და ექიმის პერიოდული კონტროლი.

მძიმე ჰიდროცეფალიის, ან ისეთი წყალმანკის დროს, რომელსაც არა აქვს დადებითი დინამიკა და მკურნლობის მიუხედავად პროგრესირებს, აუცილებელია ქირურგიული ოპერაცია და შუნტირება. განსაკუთრებით წარმატებულია ოპერაცია ჰიდროცეფალიის დახურული ფორმების დროს, როდესაც ხდება კომუნიკაციის დეფექტის მოცილება პარკუჭებს შორის ან პარკუჭებსა და სუბარაქნოიდულ სივრცეს შორის. წყალმანკის ღია ფორმის შემთხვევაში მიზანშეწონილია შუნტირება- ლიქვორის პროდუქციის მუდმივი გამოტანა გარეთ მილის საშუალებით. ოპერაციის შემდეგ ტვინის ნივთიერებას დაზიანება აღარ ემუქრება და ბავშვი ნორმალურად ვითარდება. მას ესაჭიროება პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა და კონტროლი. ამდენად, დროული ოპერაციის შედეგად ლიქვორის დინამიკა რეგულირდება და ბავშვის თავის ტვინს განვითარებისათვის ნორმლური პირობები ექმნება.

მკურნალობის შედეგად ხდება ან სრული განკურნება, ან სტაბილური მდგომარეობის მიღწევა.

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას