ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი

რა არის ტიკი?
რა არის ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი?
რითი ხასიათდება ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი?
რა იწვევს ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომს?
რამდენად ხშირია ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი?
რა ძირითადი პრობლემებია ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის დროს?
როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მქონე პირებს?
როგორია ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მკურნალობა? განკურნებადი არის თუ არა?
რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?
როგორ ვასწავლოთ ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მქონე ბავშვს?


 

 

 

რა არის ტიკი?

ტიკი სხვადასხვა ჯგუფის კუნთების სწრაფი უნებლიე მოძრაობაა, რომელიც ადამიანისაგან უნებურად აღმოცენდება სხეულის სხვადსხვა ნაწილში.

სკოლამდელი ასაკის ბავშვების 25% სხვადასხვა პერიოდში აღენიშნებათ ტიკები. ნერვული სისტემის იოლი აგზნებადობის, ემოციურად ძალიან მგრძნობიარე ბავშვებს სხვადასხვა სტრესულ სიტუაციაზე რეაგირებისას ხშირად ეწყებათ უნებლიე მოძრაობები, ტიკები - თვალების ხამხამი, მხრების აჩეჩვა, კისრის მოძრაობები და ა.შ. ბავშვების უმრავლესობა შემდგომ გამოდის ამ მდგომარეობიდან და ტიკები უკვალოდ ქრება. ზოგ შემთხვევაში კი უნებლიე მოძრაობები დიდხანს გრძელდება და შემაწუხებელი ხდება ბავშვისა და ოჯახისათვის.

 

რა არის ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი?

ეს არის დაავადება, რომელიც ხასიათდება მოტორული და ვოკალური ტიკებით და ქრონიკული ხასიათი აქვს. იგი არ არის გადამდები და არც სიცოცხლისათვის საშიში. დაავადება მუდმივ ხასიათს ატარებს პერიოდული შემსუბუქებით. ძალიან იშვიათია მონაცემები სრული გამოჯანმრთელების შესახებ. ხშირია მონაცემები იმის შესახებ, რომ მოზრდილობის ასაკში სიმპტომები სუსტდება.

ძირითადი მახასიათებლებია:

  • მრავალჯერადი მოტორული და ვოკალური ტიკები დაავადების მიმდინარეობის სხვადასხვა დროს.
  • ტიკები დღეში ბევრჯერ აღმოცენდება (ჩვეულებრივ შეტევის სახით) ყოველ დღე, ან გარკვეული პერიოდულობით; შესვენების ხანგრძლივობა შეიძლება 1 წელი და მეტიც იყოს.
  • დასაწყისი 21 წლამდე.
  • ტიკების რაოდენობა, სიხშირე, ხასიათი და სიმძიმე მუდმივი არ არის  და დროთაგანმავლობაში იცვლება.
  • დავადება არ არის გამოწვეული ცენტრალური ნერვული სისტემის ინტოქსიკაციით, ინფექციით.

დაავადებას ეწოდა ფრანგი ნევროლოგის ჟ. დე ლა ტურეტის სახელი, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს პირველად აღწერა ეს დაავადება და დაახასიათა როგორც ავადმყოფობა.

დავადების სიმპტომების დასაწყისი მერყეობს 2-დან 15 წლამდე, ყველაზე ხშირად დაფიქსირებულია 7 წლის ასაკი. 11 წლისათვის პაციენტთა 96% უკვე აქვთ მოცემული სინდრომისათვის დამახასიათებელი ყველა გამოხატული სიმპტომი.

რითი ხასიათდება ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი?

  • სინდრომს ახასიათებს მარტივი და კომპლექსური მოტორული ტიკები.
    მარტივი მოტორული ტიკები - კუნთების უეცარი, ხანმოკლე მოძრაობები - თვალის ხამხამი, სახის კუნთების მოძრაობები, გრიმასები, მხრების მოძრაობები.
    კომპლექსური მოტორული ტიკები - უფრო ნელი უნებლიე მოძრაობებია და რთულ მოქმედებებს შეიცავენ. მაგ. საგნების ხელით მოსინჯვა, სხვადასხვა სახის ჟესტები, ფეხების ბაკუნი, უკუღმა სიარული, სირბილის მაგვარი მოძრაობები, ცეკვითი მოძრაობები, ხტუნვა, ფეხების და ხელების ქნევა. კოპროპრაქსია-უხამსი ჟესტები.
  • სინდრომისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია მარტივი და რთული ვოკალური ტიკები.

მარტივი ვოკალური ტიკებია: უეცარი, გაურკვეველი ხმები, ჩახველება, სრუტუნი, ბურტყუნი.

რთულ ვოკლურ ტიკებს გარშემომყოფნი როგორც წესი განზრახულ მოქმედებად და უზრდელ ქცევად მიიჩნევენ. ეს არის სიტყვების და  მთელი ფრაზების უცაბედი, უნებლიე წამოყვირება; კოპროლალია- სოციალურად მიუღებელი, უხამსი სიტყვების და გამოთქმების უნებლიე წამოყვირება.

  • პაციენტთა 20-დან 45% დამახასიათებელია სხვისი სიტყვების და ხმების იმიტაცია, გამეორება (ექოლალია), 10-დან 35% გვხვდება ექოპრაქსია - სხვათა მოძრაობების გამეორება და იმიტაცია, 10%-ში კი გვხვდება პალილალია - სიტყვის ბოლო ასოების ან წინადადების ბოლო სიტყვის გამეორება.
  • ცხოვრების განმავლობაში უნებლიე მოძრაობების ხასიათი იცვლება - ძველი ტიკები შეიძლება გაქრეს, გაჩნდეს ახალი ტიკები. ადრე ფიქრობდნენ, რომ ტიკები ძილის დროს ქრება, თუმცა დღეს თვლიან, რომ ეს ასე არ არის.
  • სინდრომის უჩვეულო მახასიათებელია ის, რომ ადამიანს დიდი ძალისხმევის შედეგად შეუძლია ტიკების კონტროლი დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როგორც წესი ასეთი შეკავების პერიოდს მოსდევს ტიკების გაორმაგებული შეტევები.
  • ტიკები ქრონიკული ხასიათისაა, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გაქრენ- ერთი დღით, კვირით, წლით, შემდეგ კი ახალი ძალით იჩენენ თავს.
  • ყველა სახის ტიკი ამ სინდრომის დროს ძლიერდება და მწვავდება შფოთვის, სტრესის, დაღლილობის, უძილობის, ალკოჰოლის ჭარბი მიღების დროს.
  • გარეგნულად რთული მოტორული და ვოკალური ტიკების მქონე ადამიანი აღიქმება როგორც მოუსვენარი, ფუსფუსა, შფოთიანი, ხანდახან როგორც უზრდელი, უხამსი, მასხარა, ოინბაზი. ის, რომ ზოგიერთ სიტუაციაში ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტიკი ქრება, გარშემომყოფები ასკვნიან, რომ ეს ბავშვის ნებისყოფაზეა დამოკიდებული, შესაბამისად რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ბავშვი თამაშობს ან თავხედობს და არასერიოზულად იქცევა.
  • ჟ. დე ლა ტურეტის სინდრომს ხშირად თან ახლავს ჰიპერაქტიულობა-ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ზოგჯერ კი ქცევის დარღვევები.
  • ამ სინდრომის მქონე ადამიანები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი. ეს ნაწილობრივ შეიძლება იმით აიხსნას, რომ ჟ. დე ლა ტურეტის სინდრომის მქონე ადამინებს ქრონიკულად აქვთ სოციალურად მიუღებელი გამოვლინებები, რომელთაც ვერ აკონტროლებენ და რომელთაგანაც განთავისუფლების იმედი არა აქვთ. ბავშვებში ხშირია მაღალი შფოთვა, შიშები, ენურეზი.
  • აღმოჩენილია მნიშვნელოვანი კავშირი ჟ. დე ლა ტურეტის სინდრომსა და აკვიატების ნევროზს შორის. მართალი ამ სინდრომის მქონე ბავშვებს შეიაძლება ნაკლებად ჰქონდეთ გამოხატული აკვიატებული აზრები და ქცევები, მაგრამ ხშირია რითმომანია (თვლა), სიმეტრიაზე ზრუნვა, მოწესრიგების მუდმივი სურვილი, ყველაფრის აკვიატებული შემოწმება, სხვადასხვა რიტუალები.
  • ჟ. დე ლა ტურეტის სინდრომი არ ახდენს გავლენას ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. ისინი არ განსხვავდებიან თანტოლებისაგან გონებრივი განვითარებით. ამავე დროს, მათ შეიძლება ჰქონდეთ პრობლემები მხედველობით-სივრცით ფუნქციებში (სივრვითი მიმართებების ცნობა, სივრცითი ორიენტაცია, მხედველობით-სივრცითი ინფორმაციის გადამუშავება), ნატიფი მოტორული მოქმედებების შესრულებაში, ახასიათბდეთ გაფანტულობა, იმპულსურობა. ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ემოციური სტრესორებისადმი.

 

რა იწვევს ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომს?

დღეისათვის ცნობილია, რომ სინდრომის საფუძველი ნეირობიოლოგიური ხასიათისაა. შეუმჩნეველი თუ შესამჩნევი ცვლილებებია უპირატესად თავის ტვინის შემდეგ სტრუქტურებში: ნუშისებური ბირთვი, სარტყლის ხვეული და ბაზალური განგლიები (ქერქქვეშა სტრუქტურები). ამ ცვლილებებს საფუძვლად უდევს ცენტრალური ნერვული სისტემის ნეიროტრანსმიტერული აგენტების, განსაკუთრებით დოფამინის ცვლის დარღვევა.

არსებობს სინდრომის გენეტიკური მიზეზების ჰიპოთეზაც. დღეისათვის, ოჯახური ისტორიების ანალიზის საფუძვლეზე არსებობს ვარაუდი დაავადების აუტოსომურ-დომინანტური გზით გადაცემის შესახებ. თუმცა ეს ჰიპოთეზა დამტკიცებული არ არის.

სხვადასხვა გამოკვლევების მიხედვით ჟ. დე ლა ტურეტის მქონე პირების ნათესავებში ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, აკვიატების ნევროზი, პანიკური დარღვევები.

რამდენად ხშირია ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი?

სინდრომი გვხვდება ყველა კულტურაში. სხვადასხვა ქვეყნების მონაცემების მიხედვით გავრცელების სიხშირეა 1 : 2500 მოსახლეზე. ყოველი 4 შემთხვევიდან 3 - მამაკაცია. ქალებში აღნიშნული სინდრომი იშვიათად გვხვდება.

რა ძირითადი პრობლემებია ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის დროს?

  • ტიკების განმეორებითი ხასიათი, მათი დროში შესუსტება-გაძლიერება და ხშირად სოციალურად მიუღებელი ხასიათი ბევრ გაუგებრობას წარმოშობს.
  • ძირითადი პრობლემა მაინც აღნიშნული სინდრომის სწორ, ადეკვატურ გაგებაშია მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან. უკონტროლო ტიკები ბავშვს ცხოვრებას ურთულებს. უფროსები თვლიან, რომ იგი ჯიუტია, უზრდელი და მასხარა. ტოლებმა კი შეიძლება დასცინონ. ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს ბავშვის პიროვნების, მისი ემოციური სფეროს ჩამოყალიბებაზე.
  • პრობლემაა ბავშვის მიერ საკუთარი თავის აღქმაც. ბავშვი ადარებს თავს სხვებს და რწმუნდება, რომ ძალიან განსხვავებულია ტოლებისაგან. ხშირად უსუსურობის და შფოთვის განცდა იპყრობს, რადგან მისდაუნებურად საზოგადოებაში შეიძლება მიუღებელი, არაადეკვატური მოქმედება განახორციელოს.
  • დეპრესიული ფონი, ბავშვის იზოლცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემებია ამ სინდრომის დროს.
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრობლემები ორი სახისაა:
  1. გაკვეთილზე აქტივობას და ბავშვის პროდუქტულობას შეიძლება ხელი შეუშალოს ყურადღების კონცენტრაციის მერყეობამ და გამოფიტვამ.
  2. ბავშვს მხედველობით-სივრცითი უნარების დეფიციტის გამო შეიძლება ჰქონდეს წერის, კითხვის ან არითმეტიკული ოპერაციების შესრულების სიძნელეები. ბავშვი შეიძლება საჭიროებდეს უფრო მეტ დროს და სპეციალურ მიდგომას ამ ჩვევების ასათვისებლად.

 

როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მქონე პირებს?

პირველ რიგში აუცილებელი სინდრომის სწორი დიაგნოსტირება, რაც არც ისე ადვილია. ჩვეულებრივ პირველი ტიკები 6 წლისათვის ჩნდება (და ყოველთვის 11-13 წლამდე ვლინდება). ეს მარტივი მოტორული ტიკებია. მოგვიანებით გამოვლინდება ვოკალური ტიკები და უფრო კომპლექსური ხასიათის ტიკები, რომლებიც მარტივ მოტორულ ტიკებს ცვლიან. ამიტომ დიაგნოზის დასმა ხანგრძლივი პროცესია. ტიკების პირველი აღმოცენებისთანავე ეს დიაგნოზი არ ისმება, რადგანაც მცირეწლოვან ბავშვებს ხშირად ახასიათებთ მარტივი მოტორული ტიკები, რომლებიც დროთა განმავლობაში ქრება. ძალიან მნიშვენლოვანია დიფერენციალური სამედიცინო დიაგნოზი, რათა ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი განსხვავდეს მაგ. მიოკლონური ეპილეფსიის, კუნთთა მადეფორმირებელი დისტონიისაგან. ამდენად მნიშვნელოვანია მრავალჯერადი სამედიცინო გამოკვლევა.

  • ბავშვისათვის დიდი დახმარებაა ოჯხის და მასწავლებლების კონსულტაცია და დაავადების შესახებ სწორი წარმოდგენის შექმნა, რათა მათ ბავშვეზე მცდარი შეხედულება არ ჩამოუყალიბდეთ. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს სწავლაში სირთულეები აქვს, აუცილებელია ბავშვის ინდივიდუალური დახმარება, გნსაკუთრებით მისი მხედველობით-სივრცითი და მხედველობით-მოტორული პრობლემების მოგვარება.
  • თუ ბავშვს ქცევის დარღვევა ან ემოციური პრობლემები აქვს აუცილებელია მისი ფსიქოლოგთან კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიური დახმარების ორგანიზება სპეციალური ფსიქოლოგიური პროგრამის სახით.

როგორია ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მკურნალობა? განკურნებადი არის თუ არა?

ჟ. დე ლა ტურეტის სინდრომი ქრონიკული დაავადებაა და მისი სრული განკურნება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ამ სინდრომის მკურნალობის ორი სტრატეგია არსებობს: მედიკამენტოზური და სოციალურ-ფსიქოლოგიური. მკურნალობის სტრატეგია დამოკიდებულია დავადების სიმძიმეზე, ანუ სიმპტომების გამოვლენის ხარისხზე და გართულებებზე. ჩვეულებრივ, სინდრომის მკურნალობა შეიცავს პირდაპირ მკურნალობას და თანმხლების პრობლემების მკურნლობას.

სინდრომის სუსტი გამოხატულობისას ძირითადი აქცენტი კეთდება დიაგნოსტიკაზე, ოჯახის ინფორმირებაზე და განათლებაზე დაავადების საკითხებთან დაკავშირებით, ბავშვის გათვიცნობიერებაზე საკუთარი მდგომრეობის შესახებ. მედიკამენტოზურ მკურნალობას ამ დროს არ მიმართავენ, საკმარისია რამდენიმე კონსულტაცია ექიმთან და ფსიქოლოგთან.

საშუალო და ძლიერი ხარისხის ჟ. დე ლა ტურეტის სინდრომის დროს, რომელსაც შეიძლება ახლდეს ჰიპერაქტიულობა და ყურადღების დეფიციტი, აკვიატებული მდგომრეობები, ემოციური რეგულაციის პრობლემები, აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობის და ფსიქოლოგიური დახმარების კომბინაცია. მედიკამენტოზური მკურნალობისას ექიმი ნიშნავს წამლებს ტიკების სიმპტომებისათვის, დეპრესიის სიმპტომებისათვის თუ აკვიატებული მდგომარეობების სიმპტომებისათვის. გასათვალისწინებელია ჟ. დე ლა ტურეტის მქონე პირების მაღალი მგრძნობიარობა ნეიროლეპტიკური წამლების და მათი გვერდითი ეფექტების მიმართ, ამიტომ მათ ძალიან მცირე დოზებში ნიშნავენ. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი წამლების დანიშვნა, რომლებიც ტიკებისთვის დანიშნული წამლების გვერდით ეფექტებს გაანეიტრალებენ.

მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად მიზანშეწონილია ბავშვის და ოჯახის ფსიქოლოგიური კონსულტირება, ბავშვის ფსიქოლოგიური დახმარება, ქცევითი თერაპიის, კოგნიტური რეაბილიტაციის თუ სხვა ფსიქოკორექციული მეთოდების გამოყენებით.

რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?

  • შეისწავლეთ რაც შეიძლება მეტი ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის შესახებ. როგორც მშობელმა, თქვენ უნდა დაიცვათ საკუთარი ბავშვი. ამ სინდრომის მქონე ბავშვის დაცვა კი უნდა დაავადების სწორი გაგებით დაიწყოს.
  • დაუკვირდით საკუთარ ბავშვს: როგორი მოძრაობები აქვს, რა უსწრებს წინ ამ მოძრაობებს, აქვს თუ არა თანმხლები გამოვლინებები, ახდენს თუ არა გავლენას მის ქცევაზე. რამდენად ხშირია და ერთნაირია თუ არა ეს მოძრაობები, დროში ცვალებადია თუ არა. როდის ხდება ტიკების გაძლიერება და შემსუბუქება? თქვენი დაკვირვებები დაგეხმარებათ ბავშვის გაგებაში, იმაში, თუ რა საშუალებებს უნდა მიმართოთ ბვშვის აღზრდისას.
  • ბავშვს სახლში შეუქმენით სწვლისა და თამაშის პირობები. ნუ ეცდებით ბავშვის ძლიერ დატვირთვას და თქვენი მოთხოვნები მის შესაძლებლობებს შეუსაბამეთ. ნუ მოთხოვთ იყოს საუკეთესო სკოლაში. ეცადეთ მუდმივად დაიცვათ ბავშვის დღის რეჟიმი, განსაკუთრებით, მისი დროზე ძილი, შეზღუდული დრო ტელევიზორთან.
  • ნუ მისცემთ ბავშვს შენიშვნებს მისი მოძრაობების გამო. მუდმივი შენიშვნები თრგუნავენ მას. იგი ცდილობს შეიკავოს თავისი მოძრაობები, რაღაც პერიოდი ახერხებს კიდეც ამას, მაგრამ შემდეგ უნებლიე მოძრაობები მთელი ძალით იჩენენ თავს. ბავშვს დანაშაულის გრძნობა აქვს, რადგან მშობლების მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს. მას უვითარდება დაბალი თვითშეფასება და შეიძლება ჰქონდეს დაქვეითებული გუნებ-განწყობა.
  • არ მისცეთ ბავშვს იმის საშუალება, რომ სიმპტომები თქვენი მანიპულაციისათვის გამოიყენოს, მათი საშუალებით მოახერხოს სასურველის მიღწევა ან საკუთარი ქცევის გამართლება. მის ყოველ ასეთ მცდელობს მტკიცე იგნორირება უნდა გაუკეთოთ, რაც არ უნდა ძნელი იყოს ეს თქვენთვის. ბავშვის ქცევის რეგულაცია შესაძლებელია მხოლოდ მყარი ქცევითი მოლოდინებით, მისი ქცევის თანმგრძნობი, მაგრამ ობიექტური შეფასებით. ბავშვმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ არ იქცევა სწორად და თქვენ რას მოელით მისგან.
  • დაამყარეთ კონტაქტი ბავშვის სკოლის პერსონალთან. მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი შვილის მასწვლებლებს ბავშვის მდგომარეობის შესახებ. აუხსენით მათ, თუ რა მოქმედებებში ვლინდება ჟილ დე ლ ტურეტის სინდრომი, რათა მასწავლებელმა მცდარი ინტერპრეტაცია არ მისცეს ბავშვის ქცევას. მასწავლებლის ინფორმირებულობა სინდრომის თავისებურებების შესახებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლასის ბავშვისადმი დამოკიდებულების რეგულირებაში, ბავშვის მიმართ ადეკვატური სტრატეგიის შემუშავებაში.

როგორ ვასწავლოთ ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მქონე ბავშვს?

მრავალფეროვანი მოტორული და ვოკალური ტიკების გამო ბავშვები ძალიან უცნაურად გამოიყურებიან. მათ შეუძლიათ ტიკების გარკვეული პერიოდით კონტროლი, მაგრამ მთელი მათი ენერგია და ყურადღება ამაზე მიდის, რის გამოც გაკვეთილში ნაკლებად არიან ჩართულნი.

ჟ. დე ლა ტურეტის სინდრომის მქონე ბავშვებს მათი თანტოლებივით სხვადასხვა ნიჭები და ინტერესები აქვთ, მათი ინტელექტუალური განვითარება ასაკს შეესაბამება. მიუხედავად ამისა, სკოლაში სწავლისას ამ სინდრომის მქონე ბვშვები სირთულეებს აწყდებიან; მათი გათვალისწინება აუცილებელია ბავშვების წარმატებით სწავლა აღზრდისათვის. ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ:

  • შემეცნებითი პრობლემა, რაც გამოიხატება ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითებაში, მხედველობით-სივრცითი ინფორმაციის გადამუშავების პრობლემებში.
  • სოციალური პრობლემა, რომელიც ბვშვის პიროვნულ-ემოციური სფეროს ჩამოყლიბებასთან არის დაკავშირებული. უფროსები და კლასელები ვერ იგებენ ბავშვის მდგომარეობას. მასწავლებლები ბავშვს უზრდელად და მასხარად თვლიან, ბავშვები კი დასცინიან. ეს ხშირად იწვევს ბავშვის იზოლაციას, დეპრესიულ ფონს, აგრესიულ ქცევას.

აღნიშნული სირთულეების დაძლევა შესაძლებელია, თუ ბავშვს გაკვეთილზე საშუალება ექნება აიღოს შესვენების უფლება, უფრო მეტი დრო მიეცეს დავალების შესრულებისას. სახლში საშინაო დავალებები მომზადებისას უფრო მიზანშეწონილია დროის მცირე მონაკვეთებად დაყოფა: მაგ. ერთ დავალებაში რამდენიმე მაგლითის გაკეთება, შემდეგ დასვენება.

მასწავლებლის მხადაჭერას, კლასთან სპეციალურ მუშაობას დაცინვის და გაუგებრობების პროფილაქტიკის მიზნით, მის მიერ სინდრომის თავისებურებათა ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სასკოლო წარმატებაში და სკოლისადმი დადებითი გნწყობის შემუშავებაში.

თუ ბავშვს აღენიშნება მხედველობით-სივრცითი ფუნქციების დეფიციტი და ამის გამო უჭირს წერა-კითხვის ათვისება, მას ესაჭიროება სპეციალური პროგრამა, რომელი მისი სუსტი და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით იქნება შედგენილი.

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას