დისლექსია

რა არის დისლექსია?
რითი ხასიათდება დისლექსია?
რა არის დისლექსიის მიზეზი?
როგორია დისლექსიის სიხშირე?
რა ძირითადი პრობლემები გვხვდება დისლექსიის დროს?
როგორ დავეხმაროთ დისლექსიის მქონე ბავშვს?
შეიძლება თუ არა დისლექსიის განკურნება?
რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?
როგორი მომავალი აქვს ჩემს ბავშვს?
როგორ ვასწავლოთ დისლექსიის მქონე ბავშვს?


რა არის დისლექსია?

დისლექსია ბერძნული სიტყვაა: dis ნიშნავს მცირეს, lexis ნიშნავს სიტყვებს. დისლექსია ვიწრო მნიშვნელობით კითხვის უნარის დაქვეითებაა, ფართო მნიშვნელობით კი - მეტყველებით გაშუალებული სწავლის უნარის დაქვეითებას ნიშნავს, რომელიც ხასიათდება კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით. დისლექსია არ არის დაავადება. იგი გულისხმობს განსხვავებულ ფსიქიკურ შესაძლებლობებს და დასწავლის განსხვავებულ კანონზომიერებას. დისლექსია არ არის დაბალი ინტელექტის შედეგი. იგი არც ქცევით, მოტივაციურ ან სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. დისლექსიის მქონე ბავშვებს სმენაც და მხედველობაც წესრიგში აქვთ. ისინი დიდ ნიჭს ავლენენ ისეთ სფეროებში სადაც საჭიროა ვიზუალური, სივრცითი და მოტორული ინტეგრაცია. ბევრ მათგანს შემოქმედებითი აზროვნება ახასიათებს. დისლექსიის დროს მნიშვნელოვანი განსვლაა დასწავლის პოტენციალსა და სასკოლო მიღწევებს შორის. მსოფლიო ნევროლოგთა ფედერაციამ (1968) განვითარების დისლექსია განმარტა, როგორც დარღვევა, რომელიც ვლინდება კითხვის სწავლის სირთულეებში, მიუხედავად ადეკვატური ინტელექტისა, სოციო-ეკონომიკური და კულტურული კეთილდღეობისა. იგი გამოწვეულია ძირითადი კოგნიტური უუნარობით, რომელიც ხშირად კონსტიტუციური ხასიათისასაა.

დისლექსიის მქონე ბავშვების ჯგუფი მრავალფეროვანია.

გამოყოფენ დისლექსიის შემდეგ სახეებს:

  1. გენეტიკური, ანუ მემკვიდრეობითი დისლექსია: იგი დამახსიათებელია ოჯახებისათვის, სადაც ნათესავებს მსგავსი პრობლემები აქვთ და თაობებს გადაეცემა.

  2. განვითარების დისლექსია-კონგენიტალური, დაბადებიდან არსებული და განვითარების პროცესში გამოვლენილი, მაგრამ არა მემკვიდრეობითი.
    ორივე ტიპის დისლექსია მიეკუთვნება პირველად, ანუ სპეციფიკურ დისლექსიას- კითხვის უნარის დაქვეითებას.

  3. შეძენილი დისლექსია- მოგვიანებით ჩნდება რაიმე ფიზიკური მდგომარეობის ან დაზიანების გამო-ტრავმები, ჰიპოქსია. ეს არის სიმპტომატური დისლექსია.

  4. ემოციური დისლექსია-წინავერბალურ საფეხურზე აღმოცენებული ტრავმა იწვევს სპეციფიკური სმენითი ბლოკის ჩამოყალიბებას.

პირველად დისლექსიებშიც ქვეტიპებს გამოყოფენ, თუმცა კლასიფიკაციის საფუძველი შეიძლება განსხვავებული იყოს:

  • დისფონეტიკური კითხვის უნარის დაქვეითება- ასოსა და ბგერას შორის მიმართების გაგების სიძნელე.

  • დისეიდეტური კითხვის უნარის დაქვეითება- სიტყვის მთლიანობაში აღქმის და წაკითხვის დარღვევა.

  • დისფონეტიკურ-დისეიდეტური კითხვის უნარის დაქვეითება- როგორც ასოსა და ბგერას შორის მიმართების გაგების და იდენტიფიკაციის, ასევე მთლიანი სიტყვის წაკითხვის პრობლემა.

  • L ტიპის დისლექსია - კითხვისას დარღვეულია მარცხენა ნახევარსფეროსათვის დამახასიათებელი სტრატეგიები.

  • P ტიპის დისლექსია - კითხვისას დარღვეულია მარჯვენა ნახევარსფეროსათვის დამახასიათებელი სტრატეგიები.
    ეს დაყოფა ეყრდნობა თავის ტვინის ფუნქციური სიმეტრიის მოდელს; ამა თუ იმ ფსიქკიური ფუნქციის უზრუნველყოფაში თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო მონაწილეობს, მაგრამ ამავე დროს, ყოველ მათგანს უპირატესობა აქვს ფსიქიკური ფუნქციის, ამ შემთხვევაში კითხვის რომელიმე კონკრეტული მხარის უზრუნველყოფაში. დისლექსიის დიაგნოზი ისმება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის კითხვის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია საშუალო დონეზე და არ შეესაბამება ბავშვის ზოგად ინტელექტუალურ განვითარებას.

რითი ხასიათდება დისლექსია?

ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ბავშვს შეიძლება არ აღმოაჩნდეს ყველა მახასიათებელი, ან მხოლოდ ზოგიერთი ჰქონდეს. ყველაზე გავრცელებული მახასიათებლებია:

  • უჭირთ სიტყვაში ბგერების, მათი თანმიმდევრობის, მარცვლების თანმიმდევრობის აღქმა;
  • უჭირთ რიცხვში ციფრების და სიტყვებში ასოების თანმიმდევრობის აღქმა;
  • უჭირთ კითხვა;
  • უჭირთ წერა;
  • უჭირთ წაკითხულის გაგება;
  • ურევენ სივრცის და დროის მიმართებებს;
  • უჭირთ არითმეტიკული ოპერაციების წარმოება, რაც დაკავშირებულია მოქმედების თანმიმდევრობის და სივრცითი მიმართებების ანალიზის პრობლემებთან;
  • ურევენ მარჯვენა-მარცხენას;
  • სიტყვის დამარცვლის სიძნელე;
  • უჭირთ აზრების წერილობით გამოხატვა;
  • მოსმენილი მეტყველების არასწორი გაგება;

დისლექსიის ხარისხი განსხვავებული შეიძლება იყოს. პროგნოზი დამოკიდებულია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების სპეციფიკაზე და ჩარევის შესაბამისობაზე.

კითხვის დარღვევების მიხედვით:

  • L(ლინგვისტური) - დისლექსიის მქონე ბავშვები სწრაფად კითხულობენ, მაგრამ არააკურატულად. ბევრი უზუსტობები აქვთ, ტოვებენ ასოებს, ამოკლებენ სიტყვებს, ტოვებენ ან ამახინჯებენ სიტყვებს. ითვლება, რომ ამ დროს ბავშვის კითხვისას უფრო აქტიურია მარცხენა ნახევარსფერო.
  • P(პერცეპტული) – დისლექსიის მქონე ბავშვი უფრო ნელა კითხულობს, მაგრამ უფრო ზუსტად. სიტყვებს კითხულობენ ფრაგმენტულად, მარცვალ-მარცვალ, იმეორებენ სიტყვებს, თუმცა სწორად კითხულობენ, მაგრამ აკლიათ მოქნილობა. ითვლება, რომ ამ დროს უპირატესად აქტიურია მარჯვენა ნახევარსფერო.
  • პრობლემები  კითხვაში, წერაში და სასკოლო მიღწევებში ბავშვის განვითარებისთვის არასასურველ სხვა მეორად პრობლემებს იწვევენ რომელთა გათვალისწინება აუცილებელია დისლექსის შეფასებისას.
  • დისლექსიის მქონე ბავშვები  ძალიან მგრძნობიარენი არიან შენიშვნებისა და კრიტიკის მიმართ, ხშირად ბავშვი ტირილს იწყებს, როცა რაიმეს ვერ კითხულობს ან წერაში ეშლება რაიმე. მათ მრავალი უარყოფითი გამოცდილება აქვთ, რაც გავლენას ახდენს ემოციური სფეროს განვითარებაზე და პიროვნების ჩამოყალიბებაზე.
  • იმის გამო, რომ მასწავლებლები და მშობლები ნაკლებად გათვიცნობიერებულნი არიან დისლქსიის მახასიათებლებში და ასეთი ბავშვების დახმარების სტრატეგიებში, ბავშვები ხშირად განიცდიან დამცირებას, დაცინვას, იგნორირებას, შენიშვნებს და უხეშ მოპყრობას. ყოველივე ეს დამთრგუნველად და შეურცხმყოფელად მოქმედებს ბავშვეზე და იწვევს: დეპრესიულ სიმპტომებს, გულჩათხრობილობას, დაბალ თვითშეფასებას, დაურწმუნებლობას, ქცევის პრობლემებს, რაც შეიძლება გამოიხატოს სკოლის პერსონალის მიმართ დაუმორჩილებლობაში, ასოციალურ ქცევაში, აგრესიულ რეაქციებში.
  • არასწორი მკურნალობის და შეუფერებელი სასწავლო პროგრამის შედეგი ის არის, რომ ბავშვებს უჩნდებათ სასწავლო სიტუაციის, სკოლის პერსონალის შიში, ზიზღი, ხშირია სკოლაზე უარის თქმა, იზოლაცია და მარტოობის განცდა, ემოციური გაუწონასწორებლობა, ფსიქოსომატური ტკივილები, რომელთაც შეიძლება სერიოზული ხასიათი მიიღონ.

რა არის დისლექსიის მიზეზი?

ასახელებენ სხვადასხვა მიზეზებს:

  • გენეტიკური ხასიათი, რაც ოჯახის ისტორიას გულისხმობს. გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ დისლექსიის მქონე პირების  ნათესავებს ჰქონდათ მსგავსი დარრვევები ან პრობლემები. ითვლლება, რომ მემკვიდრეობითი ფაქტორები დისლექსიის 60%-მდე შემთხვევაში გვხვდება.
  • ცაციობა და ალერგიული დაავადებები, რომლებიც ხშირად არის კავშირში კითხვის პრობლემებთან.
  • თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრიის დისბალანსი, რაც კითხვის პროცესის განხორციელებისას იწვევს მარჯვენა და მარცხენა ჰემოსფეროს ერთობლივი ფუნქციონირების დეფიციტს. ჩვეულებრივ კითხვის სწავლის საწყის პერიოდში დომინირებს მარჯვენა ჰემისფერო: ასოების აღქმა, გარჩევა, მათი სივრცითი ნიშნების ანალიზი; შემდგომში კი უპირატესობას იღებს მარცხენა ჰემისფერო: ასოების და სიტყვების ბგერითი, ფონოლოგიური ნიშნების გარჩევა. დისლექსიის დროს ირღვევა მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს სტრატეგიების გამოყენება.
  • ნეიროგანვითარების დეფიციტი, რაც გულისხმობს ბავშვის თავის ტვინის იმ ქერქული ზონების ან მათ შრორის კავშირების დეფიციტს, რომელიც უზრუნველყოფს კითხვისათვის აუცილებელ ვიზუალურ(ასო)-ფონოლოგიური(ბგერა) ასოციაციების ჩამოყალიბებას, მათ სინთეზებს.
  • თვალის მოძრაობის, მზერის მოქნილი კონტროლის დეფიციტი, რომელიც ინფორმაციის დეკოდირებას უშლის ხელს.

როგორია დისლექსიის სიხშირე?

სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით სკოლის ასაკის ბავშვების 3-6% აქვთ კითხვის პრობლემები. დისლექსია გვხვდება ყველა კულტურაში და სოციალურ ჯგუფში. არის მონაცემები იმის შესახებ, რომ მამაკაცებში დისლექსია უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში.

რა ძირითადი პრობლემები გვხვდება დისლექსიის დროს?

მთავარი პრობლემაა კითხვის ათვისების დაქვეითება.

  • ბავშვს უჭირს სიტყვების ფონოლოგიური ანალიზი, დამარცვლა
  • გაძნელებულია სიმბოლოებსა და ბგერებს შორის მიმართების დამყარება
  • ბავშვს აქვს ფონოლოგიური ინფორმაციის შენახვის დეფიციტი, რაც ხელს უშლის ასოების, სიტყვების გახმოვანებას, გამოთქმას
  • აქვს ასოების ერთ სიტყვაში გაერთიანების პრობლემა
  • უჭირს სიტყვის ფონემატური ანალიზი (მაგ. არის თუ არა ასო კ სიტყვაში სოკო)
  • კითხვის დროს დარღვეულია რიტმი და სუნთქვა
  • შეიძლება ადგილი ჰქონდეს თვალის მოქნილი მოძრაობების დიეფიციტს, რაც სიტყვის ჰორიზონტალური აღქმისათვის არის საჭირო
  • სკოლაში წარუმატებლობა იწვევს ქცევის და ემოციური სფეროს პრობლემებს, რაც კიდევ უფრო ართულებს აკადემიური ჩვევების დაუფლებას

როგორ დავეხმაროთ დისლექსიის მქონე ბავშვს?

  • ბავშვის პირველი და მნიშვნელოვანი დახმარებაა მისი დიაგნოსტირება. აუცილებელია გამოკვლეულ იქნას და დადგინდეს ის მიზეზები, რის გამოც ბავშვის აკადემიური მოსწრება ჩამორჩება თანატოლებს. დისლექსიის შესაფასებლად აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახის ისტორია, ზოგადი ინტელექტის დონე, ემოციური სფერო, ბავშვის შემეცნებითი ფუნქციების მდგომარეობა, განსაკუთრებით უნდა შეფასდეს კითხვა, წერა, იმპრესიული და ექსპრესიული მეტყველება. ბავშვს აფასებენ ბავშვთა ნევროპათოლოგი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, პედაგოგი.
  • შემდეგი ნაბიჯია ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით მისი კითხვის ან წერის პრობლემების დაძლევის მიზნით ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შექმნა
  • თუ დიაგნოსტიკა დროულია, პირველივე კლასში, მაშინ ბავშვისთვის მეტად მნიშვნელოვანია სენსომოტორული ინტეგრაციის თერაპია, რაც გავლენას ახდენს და ზოგადად აკორეგირებს ბავშვის სენსომოტორული ინტეგრაციის დეფიციტს. როგორც წესი, დისლექსიის და სწავლის სხვა პრობლემების მქონე ბავშვებს აღენიშნებათ სენსომოტორული ინტეგრაციის დეფიციტი, რომელიც არ ვლინდება სამედიცინო გამოკვლევაში.
  • აუცილებელია ოჯახის და სკოლის თანამშრომლობა და ერთიანი სტრატეგია. ასეთ ბავშვებს ძლიერი მხარდაჭერა ესაჭიროებათ მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან. კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის პირობებში დისლექსიის მქონე ბავშვები თავს დაცულად გრძნობენ, არ სძულთ სასწავლო პროცესი და ხალისით ასრულებენ დავალებებს

შეიძლება თუ არა დისლექსიის განკურნება?

დისლექსიის მკურნალობა წამლებით არ ხდება. არსებობს დისლექსიის სხვადასხვა ხარისხი, შესაბამისად პროგნოზი დამოკიდებულია როგორც ბავშვის შესაძლებლობებზე, ასევე სიტუაციაზე - სწავლების ადეკვატურ პირობებზე და ბავშვისადმი დამოკიდებულებაზე. ეფექტური და დროული დახმარების შემთხვევაში ბავშვები გადალახავენ კითხვის და მართლწერის პრობლემებს, თუმცა გარკვეულ პროცენტში კითხვის პრობლემა მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.

დისლექსიის მქონე ადამიანს სჭირდება სპეციალური პროგრამა კითხვისა და მართლწერის სწავლებისათვის, რადგან ის ჩვეული გზით ვერ ითვისებს ამ აკადემიურ ჩვევებს.

რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?

  • თუ სკოლაში მიყვანის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი ბავშვი სწავლაში ჩამორჩება, მთელ თავისუფალ დროს ანდომებს ასოების სწავლას, დამარცვლას და სიტყვების წაიკითხვას, აუცილებლად მიმართეთ შეფასებისათვის ბავშვის ფსიქოლოგს. აუცილებელია ბავშვის უნარ-შესაძლებლობების გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს ის მიზეზები, რაც ხელს უშლის ბავშვს კითხვის თუ წერის ჩვევების დაუფლებაში. ამავე დროს, ფასდება ის უნარები, რომლებიც ბავშვს კარგად აქვს განვითარებული და დაეხმარება მას სირთულეების გადალახვაში.
  • ეცადეთ მიაღწიოთ იმას, რომ თქვენი ბავშვი ინდივიდუალური პროგრამით სწავლობდეს. როგორც წესი მშობლიური ენის სწავლების სპეციალურ პროგრამას ბავშვის ასაკობრივი და პრობლემების თავისებურებების გათვალისწინებით ადგენენ მასწავლებელი, ფსიქოლოგი, მეთოდისტი, მეტყველების თერაპევტი.
  • იქონიეთ მოთმინება და ნუ ეჩხუბებით ბავშვს, რომელიც თქვენს იმედებს და მოლოდინებს არ ამართლებს. იგი არ არის გონებაჩლუნგი, როგორც თქვენ, ან მასწავლებლებს გგონიათ. იგი უბრალოდ ვერ სწავლობს წერა-კითხვას სკოლაში მიღებული და გავრცელებული მეთოდებით.
  • ეცადეთ ბავშვს არ გამოუმუშავდეს უარყოფითი განწყობა სწავლის პროცესისადმი. ამიტომ, მოერიდეთ მუდმივ შენიშვნებს და მისი წარუმატებლობის მუდმივ ხაზგასმას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა  მიუთითოთ მიუღებელ საქციელზე და არ მოთხოვოთ ბავშვს წესების და ქცევის ნორმების დაცვა. გახსოვდეთ, რომ აკრძალვას და შენიშვნებს უნდა ჰქონდეს არა ბავშვის შეურაცხყოფის სახე: “შენ ცუდი ხარ” და კიდევ უფრო მწვავე ეპიტეთები, არამედ აქცენტი უნდა კეთდებოდეს ცუდ ქცევაზე და არასასურველ მოქმედებაზე. ბავშვი პირველ რიგში თქვენს მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს. წაახალისეთ ბავშვი ყოველი მცირეოდენი წარმატებისათვის. მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ თქვენს ჟესტს, მზერას, სიტყვას შეუძლია მისთვის მოტივაციის მომატება, მისი მონდომების გაზრდა და პირიქით- შიშის და სწავლის პროცესის მიუღებლობის გამოწვევა.
  • მჭიდროდ ითანამშრომლეთ მასწავლებლებთან. აუხსენით მათ, რომ თქვენი შვილი ზარმაცი, ბოთე და სულელი კი არ არის, არამედ სხვანაირ მიდგომას საჭიროებს კითხვის და წერის ჩვევების ათვისებისას.
  • დაიცავით ბავშვი დამცირებისაგან და დაცინვისაგან. გახსოვდეთ, რომ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე უარყოფითად იმოქმედებს მისი პიროვნების აბუჩად აგდება, თუნდაც ხუმრობით.
  • დააკვირდით თქვენს შვილს- რა მიდრეკილებები აქვს, რა მოსწონს, რა ნიჭები აქვს. ყოველმხრივ შეუწყეთ ხელი ბავშვის ძლიერი მხარეების განვითარებას.
  • ხელი შეუწყეთ ბავშვის თანატოლებთან კონტაქტს. ტოლებთან მეგობრობისათვის შეუქმენით შესაფერისი პირობები: ეზოში ერთად თამაში, ბავშვების სახლში დაპატიჟება და თქვენი მონაწილეობით ერთობლივი თამაში, ერთად სასეირნოდ წასვლა და  ა.შ.
  • მიეცით ბავშვს საშუალება გამოხატოს რა აწუხებს, გაგიზიაროთ თავისი განცდები. ნუ დატოვებთ ბავშვს მარტო საკუთარ ფიქრებთან და განცდებთან. ბავშვი ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თქვენ ერთად გაუმკლავდებით მის პრობლემებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მის მაგივრად წყვეტთ, აკეთებთ და ფიქრობთ. არავითარ შემთხვევაში! ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ ეშინია და არ რცხვენია მოგმართოთ თქვენ დახმარებისა თუ მხარდაჭერისათვის.

როგორი მომავალი აქვს ჩემს ბავშვს?

დისლექსიის მქონე ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავებულნი არიან, ყველას საკუთარი ინდივიდუალური ნიჭები აქვს. ბევრი მათგანი მოზრდილ ასაკში დიდ წარმატებებს აღწევს სხვადსხვა სფეროში: ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ელექტრონიკაში, მუსიკაში, მედიცინაში და ა.შ.

დისლექსიის მქონე ბავშვი საკუთარი ნიჭის რეალიზაციას შეძლებს და წარმატებით დაეუფლება არჩეულ პროფესიას, თუ მას დროული და ადეკვატური პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური დახმარება და დიდი ხელშეწყობა ექნება, პირველ რიგში ოჯახის მხრიდან.

როგორ ვასწავლოთ დისლექსიის მქონე ბავშვს?

დისლექსიის მქონე ბავშვის სწავლებისას მთავარი მიზანია მისთვის ბგერების და მათი შესატყვისი ასოების დაკავშირება და მათი დიფერენცირება. მათ ესაჭიროებათ თვალების, ყურების და ხელების შეთანხმებული მუშაობის სწავლა კითხვისა და წერის ჩვევების ათვისებისას.

დისლექსიის მქონე ბავშვების სწავლების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია მულტისენსორული სწავლება, რომელიც ს.ოსტინს ეკუთვნის.

კითხვის და მართლწერის სწავლებისას ხდება მხედველობითი (რას ვხედავთ), სმენითი (რა გვესმის) და კინესთეტიკურ-ტაქტილური (რას შევიგრძნობთ) არხების დაკავშირება. მასწავლებელი ერთდროულად იყენებს ვიზუალურ, ფონეტიკურ და კინესთეტიკურ მეთოდებს. მაგ. როდესაც ბავშვს ერევა ერთმანეთში შ და წ,  გასარჩევად მათ სხვადასხვანაირ მოხაზვას ასწავლიან.

ენის მულტისენსორული სწავლებისას საჭიროა მასალის ორგანიზება ელემენტარულიდან რთულისაკენ. ყოველი შემდეგი ნაბიჯი უკვე ნასწავლს ეფუძნება და ხდება დასწავლილის სისტემატური გამეორება.

მასწავლებელი ხელმძღვანელობს წინასწარ შედეგენილი პროგრამით, რომელიც კონკრეტული ბავშვის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს შეესაბამება.

ბავშვისათვის სიტყვების ფონემატური ანალიზის, სიტყვების ბგერითი შემადგენლობის, ასი-ბგერის მიმართების სწავლება ხდება როგორც სინთეზური, ასევე ანალიტიკური მეთოდით. ამ დროს შეგრძნებათა სამივე არხი აქტიურად არის ჩართული.

გასათვალისწინებელია, თუ რა სახის პრობლემა აქვს ბავშვს კითხვისას და ამის საფუძველზე სპეციალური სავარჯიშოების მიწოდება: მთლიანი სიტყვები ნახატებით, წინადადება სიუჟეტით, მხოლოდ სიტყვები და ტექსტი სხვადასხვა ზომის შრიფტით, ან რამდენიმე გაფერადებული ასოთი; სპეციალური ტექნიკის გამოყენება ასო-ბგერის მიმართების განსამტკიცებლად-მარცვლების და ასოების კუბიკებით თამაში: აწყობა, ჩანაცვლება, შეერთება და ა.შ.

ბავშვის წახალისება ბევრად უფრო ზრდის ჩვევების გამომუშავების ეფექტურობას. შენიშვნას აუცილებლად ბავშვისათვის მისაღები ფორმა უნდა ჰქონდეს და მშვიდი ტონით უნდა იყოს ფორმულირებული. ბავშვი უნდა გრძნობდეს მასწავლებლის მხარდაჭერას.
თუ ბავშვი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ჩვეულებრივ კლასში სწავლობს, მასწავლებელმა კლასში უნდა შეაფასოს სიტუაცია და პროფილაქტიკური ღინისძიებები ჩაატაროს, რათა ბავშვი დაიცვას თანატოლების დაცინვისაგან. ყოველთვის სასარგებლოა ბავშვებთან საუბარი იმაზე, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, ყველას სხვადასხვა რაიმე ეხერხება, ხაზი გაუსვით ბავშვების ძლიერ მხარეებს და მათ შესაძლებლობებს.

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას