რას ნიშნავს ბავშვის ჯანსაღი გარემო?

დღეს ბავშვები ისეთ გარემოში ცხოვრობენ, რომელიც ძირფესვიანად განსხვავდება იმ გარემოსაგან, რომელშიც ჩვენი წინაპრები არსებობდნენ. მე-20 საუკუნის დასასრულისათვის  დიდმა ტექნოლოგიურმა და ინფორმაციულმა ძვრებმა ფაქტიურად შეცვალა ბუნებრივი გარემო პირობები და საფრთხე შეუქმნა ადამიანების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ერთ-ერთ ტექნოლოგიურ მიღწევად ითვლება ახალი ქიმიკატების აღმოჩენა და მათი გამოყენება. ბოლო 50 წლის განმავლობაში ასი ათასობით ქიმიკატი იქნა გამოგონილი და სინთეზურად მიღებული, რამაც ქიმიკატების სახეობები 1,3 მილიონიდან 320 მილიონამდე გაზარდა. ეს ქიმიკატები ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული და გვხვდება ცოცხალ ორგამიზმებსა და ცხოველებში.

აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ნებადართულია 70,000 დასახელების ქიმიკატების გამოყენება. ცოტა რამაა ცნობილი ამ ქიმიკატების ბავშვების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ. ცნობილი გახდა, რომ გარემოს ისეთი ტოქსინებით დაბინძურება როგორიცაა ტყვია, მოქმედებს ბავშვების ნერვულ სისტემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონებით გარემოსთვის მავნებელი ქიმიკატების გამოშვება შემცირებულია, ბავშვებს მაინც აქვთ მათთან შეხება ჰაერის, წყლის და საკვების საშუალებით.

რატომ არიან ბავშვები ბევრად უფრო მგრძნობიარენი გარემოს ტოქსინების მიმართ?

ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის დიდი განსხვავებაა: ბავშვის ნერვული, სასუნთქი, გამრავლების და იმუნური სისტემები არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული. დაბადებიდან პირველი 4 თვის განმვალობაში ახალშობილებში წონა ორმაგდება. ბავშვების სუნთქვა უფრო ხშირია და თავიანთი სხეულის პროპორციებთან შედარებით უფრო მეტ ჰაერს ჩაისუნთქავენ, ვიდრე ზრდასრული ადამიანები. ასევე, ბავშვებში უფრო მეტი ინტენსივობით მიმდინარიობს ნივთიერებათა ცვლა, რის გამოც ისინი გაცილებით მეტ საკვებსა და სითხეს იღებენ. საჭმლის მომნელებელი სისტემიდან საკვები ნივთიერებების შეწოვა უფრო მეტი ინტესიურობით მიმდინარიობს, რაც ზრდის მათ ორგანიზმში მეტი რაოდენობით ტოქსინების მოხვედრას. მაგ: ბავშვებს ესაჭიროებათ უფრო მეტი კალციუმი ძვლების გასამაგრებლად და ჩამოსაყალიბებლად, ვიდრე ზრდასრულებს, ამიტომ ამ ელემენტის შეწოვა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ორგანიზმში უფრო მეტი ინტესივობით მიმდინარეობს. მაგრამ როდესაც ბავშვის ორგანიზმში ხვდება ტყვია, ხდება კალციუმის ნაცვლად ტყვიის შეწოვა; ეს იმას ნიშნავს, რომ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ამ ელემენტის მხოლოდ 10%-ის შეწოვა ხდება, მაშინ როდესაც ბავშვის ორგანიზმში ხება 50%-ის შეწოვა.

იმის გამო, რომ ბავშვებში ნივთიერებათა ცვლა დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს, მათი უნარი ტოქსინების ელიმინაციისა და დეზინტოქსიკაციისა უფრო მეტია. ნაყოფის პირველ გარემოს წარმოადგენს დედის საშვილოსნო. ნაყოფი პერმანენტულად ზიანდება იმ ტოქსინების ზემოქმედებით, რომლებიც მასში დედის ორგანიზმიდან პლაცენტის საშუალებით გადადის. ამ ქიმიკატებს წარმოადგენს: ტყვია; პოლიქლორ-ბიფენილი; ვერცხლისწყალი; ეთანოლი და ნიკოტინი. ახალშობილი დღის უმეტეს ნაწილს გარეთ, ჰაერზე ატარებს, სადაც მას შეხება აქვს ტოქსინებთან, მტვერთან, პესტიციდებთან და ა.შ.
ახალშობილებს, ჩვილებს და სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ახასიათებთ ხელის და თითების პირში ჩადება, რომელიც თავის თავად ერთ-ერთ გზაა ტოქსინების (საღებავი, მტვერი, პესტიციდების დაშლის ნარჩენი პროდუქტები, ხურდა ფული) მათ ორგანიზმში მოხვედრისა.

ბავშვები გაცილებით მეტ დროს ანდომებენ გარეთ თამაშს. მათი სიმაღლე 0.5 მ-ს არ აღემატება და ამასთან ბავშვის რესპირატორული სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია, რაც განაპირობებს მათ ორგანიზმში ტოქსინების უფრო მეტი რაოდენობით შეღწევას, ვიდრე მოზრდილებში.

ბავშვთა კვება განსხვავებულია მოზრდილთა კვებისაგან, ვინაიდან ბავშვის მიერ მიღებული ბოსტნეული, ხილი და სითხე, მისი წონის გათვალისწინებით (ანუ 1 კგ წონაზე), ბევრად უფრო მეტია ვიდრე მოზრდილების მიერ მიღებული საკვები. აქედან გამომდინარე ბავშვი ღებულობს უფრო მეტ ტოქსინებს, როგორიცაა ტყვია, ნიტრატები და პესტიციდები. მაგ: 2 თვის ბავშვის მიერ დღის მანძილზე მიღებული რძის რაოდენობა 1 კგ წონაზე = მოზრდილისათვის  50 ჭიქა რძეს უდრის დღეში. 1 წლის ბავშვი წონის პროპორციულად ანუ 1 კგ. წონაზე, იღებს მოზრდილზე 7-8-ჯერ მეტ ბოსტნეულსა და ხილს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვები ტოქსინებს ადრეული ასაკიდან და უფრო მეტი რაოდენობით იღებენ, მოზრდილებთან შედარებით მათ უფრო ხშირად უვითარდებათ მავნე გარემო ფაქტორებით გამოწვეული ისეთი დაავადებები ხანგძლივი ლატენტური პერიოდით, როგორიცაა კიბო.

გარემოს მავნე ფაქტორების მოქმედება და მათი სინერგიზმი არ არის სრულად შესწავლილი და საჭიროებს ხანგძლივ გამოკვლევას.

ბავშვების მგრძნობელობა ტოქსინების მიმართ

გარემო ფაქტორები ყველა ბავშვზე მოქმედებენ. ჰაერის დაბინძურება და გარემოს დეგრადაცია არ ცნობს რეგიონულ და ნაციონალურ ბარიერებს. გარემოს მავნე ფაქტორების მთელს მსოფლიოში გავრცელება ხდება წყლით, ჰაერით, საკვები პროდუქტებით; მიუხედავად ამისა, ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში იზრდებიან, მეტად ზიანდებიან მავნე გარემო ფაქტორებისაგან.

1994 წელს ჩატარებული გამოკვლევებით აშშ-ში 21% ანუ 14 მილიონი ბავშვი იზრდებოდა სიღარიბეში, რაც დაკავშირებულია ცუდ საცხოვრებელ პირობებთან, არასწორ და არასაკმარის კვებასთან, შეზღუდულ სამედიცინო მომსახურებასთან. ეს ყველაფერი აღრმავებს მავნე ფაქტორების მოქმედებას ბავშვის ორგანიზმზე, მაგ: ტყვიის პირდაპირი წყაროა ტყვიის შემცველი საღებავი, რომელსაც ძველად ხშირად იყენებდნენ სახლების შესაღებად, რომლებშიც ამჟამდ ძირითადად დაბალშემოსავლიანი ოჯახები ცხოვრობენ. სიღატაკე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მავნე ფაქტორების ზემოქმედებას ადამიანზე.

ტყვია

ჯანმრთელობისა და გარემოს გამოკვლევის მესამე ნაციონალური კონგრესის მომოხილვის შედეგად გამოვლენილი იქნა, რომ აშშ-ში 930 000 სკოლამდელი ასაკის ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობა აღემატებოდა დაავადების კონტოლისა და პრევენციის კომიტეტის მიერ დადგენილ ნორმას (ნორმა 10 მგ/დლ). დაახლოებით 275 000 ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე იყო 15 მგ/დლ, 85 000 ბავშვში – 20 მგ/დლ. ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მატება იწვევს ნერვული სისტემის განვითარების ცვლილებებს, რომელიც მოიცავს ყურადღების კონცენტრირების უნარის დეფიციტს, ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითებას (IQტესტი), ჰიპერაქტიურობას და ქცევის დარღვევებს. გამოკვლევებით დადგინდა, რომ სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედ მომატება 24 თვის და ნაკლები ასაკის ბავშვებში იწვევს კოგნიტური ფუნქციის დარღვევებს 5 წლის ასაკისათვის.

აშშ-ს ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო საწვავიდან ტყვიის გამოყოფა 1970-იან წლებში, რამაც გამოიწვია ორგანიზმში ტყვიის დონის მნიშვნელოვანი დაწევა. ასევე მოხდა ტყვიის გამოყოფა საღებავებიდან, ხოლო ძველი სახლები, რომელთა კედლები შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მომატების  ერთ-ერთ ძირითად მიზეზად რჩება. ბავშვების ტყვიით მოწამვლას იწვევს შეღებილი ხურდა ფულის ღეჭვა, შეღებილი საწოლების მოაჯირების პირით შეხება, საღებავის მტვრის ინჰალაცია და ა.შ. ტყვია ასევე აღმოჩენილია სასმელ წყალში, რომელიც მოედინება ტყვიის შემცველი ნიადაგიდან, ხოლო ნიადაგში ტყვია ხვდება ავტომობილების გამონაბოლქვიდან.

ჰაერის დაბინძურება

დაბინძურებული ჰაერი გაცილებით მეტ ზიანს აყენებს ბავშვებს, ვიდრე მოზრდილებს. ბავშვის სასუნთქი გზები უფრო მოკლე და ვიწროა, რის გამოც სუნთქვის სიხშირე იზრდება და ფაქტიურად ბავშვები უფრო მეტი მოცულობის დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავენ 1 კგ. მასაზე ვიდრე უფროსები. ჩვეულებრივ ჰაერი დაბინძურებულია შენობებს შიგნითაც, ისეთ ნივთიერებებით როგორიცაა: კარბონ მონოქსიდი, აზბესტი, თამბაქოს კვამლი, ფორმალდეჰიდი, ვერცხლისწყალი და ა.შ. გარემომცველი ჰაერი დაბინძურებულია ოზონით და სხვა სპეციფიკური ნივთიერებებით.

ჯანმთელობაზე ზეგავლენას ახდენს, როგორც შიდა ისე გარემომცველი ჰაერის დაბინძურება, რაც იწვევს პრენატალური სიკვდილიანობის გაზრდას, მწვავე რესპირატორული დაავადებების (ბრონქიტი, პნევმონია), ასთმის შემთხვევების გაზრდას, ზრდის ექიმთან ვიზიტის სიხშირეს ქრონიკული ხველისა და აირწვეთოვანი ინფექციების გამო, იწვევს ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის გაუარესებას. მეცნიერები ცდილობენ კონკრეტულად დაადგინონ და გამოყონ დაბინძურებული ჰაერის ის შემცველი ნივთიერებები, რომლებიც იწვვენ ასთმის გამწვავებას. 20 წლამდე ასაკობირივი ჯგუფის მოსახლეობაში ასთმის შემთხვევათა სიხშირე 42%-ით გაიზარდა 1980 და 1987 წლების შუალედში. პირდაპირი კავშირია ჰაერში ნაპოვნი არსებული საბოლოო დაშლის პროდუქტების რაოდენობასა და მომატებულ ნეონატალურ სიკვდილიანობას (რომელიც მოიცავს ახალშობილის უეცარი სიკვდილის სინდრომს) შორის.

პესტიციდები

ბავშვებს ხშირად აქვთ კონტაქტი ტოქსინებთან, რომელსაც შეიცავს საოჯახო და სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სხვადასხვა საშუალებები. პესტიციდები შეიძლება იყო საკვებში, დაილექოს ჰაერიდან სუფთა საკვებზე და წყალზე.

დღეს გამოიყენება პესტიციდების 5 სახეობა: ინსექტიციდები, ჰერბიციდები, ფუნგიციდები, ნემატოციდები, და როდენტიციდები. ფაქტიურად ბავშვი თითქმის რეგულარულად ღებულობს მცირე რაოდენობით პესტიციდებს. ამითაა განპირობებული, რომ მკვეთრად იკლო პესტიციდებით მწვავე მოწამვლის შემთხვევებმა და მატულობს პესტიციდების დაბალი დოზით ქრონიკული ინტოქსიკაცია. ბავშვები მეტად მგრძნობიარენი არიან ყოველგვარი ტოქსინების მიმართ. მათ შეიძლება გვიან გამოუვლინდეთ ცხოვრების მანძილზე ლატენტურად მიმდინარე დაავადებები. გამოკვლევებით დადგენილია პოტენციური კავშირი პესტიციდებით ქრონიკულ ინტოქსიკაციასა და ონკოლოგიურ დაავადებათა სიხშირის მომატებას შორის, გარემოს პირობების დაბინძურებასა და მზარდ ნევროლოგიურ დაავადებებს შორის.

ბავშვთა ასაკის დაავადებები

აშშ-ში აღინიშნება ბავშვთა ზოგიერთი დაავადების სიხშირის მატება. მეცნიერთა ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ შეისწავლონ მავნე გარემო ფაქტორების ზეგავლენა ამ დაავადებათა განვითარებაზე. მაგ: 1980 წლიდან ბავშვთა ასთმის შემთხვევებმა მოიმატა 42%-ით, ამერიკაში დაავადებულია 4,2 მილიონ ბავშვზე მეტი. ბოლო 15 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად მოიმატა ბავშვთა ასაკის 2 ტიპის სიმსივნის დონემ: მწვავე ლიმფოციტური ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა 10 %-ით, ხოლო თავის ტვინის სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობა 30 %-ით.

საბოლოოდ არ არის გამოკვლეული დაავადებები, რომლებიც გარემო მავნე ფაქტორების ზეგავლენით ვითარდება და საჭიროებს მრავალწლიან შემდგომ დაკვირვებას, რადგან დაავადების გამომჟღავნება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.

 

 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას