აუტიზმი

რა არის აუტიზმი?
რა არის აუტიზმის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები?
რა იწვევს აუტიზმს?
რამდენად ხშირია აუტიზმი?
რა არის ძირითადი პრობლემები აუტიზმის შემთხვევაში?
შეიძლება თუ არა დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს და როგორ?
როგორია აუტიზმის მკურნალობა?
რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?
რა სახის იმედი უნდა მქონდეს ჩემი ბავშვისთვის?
როგორ უნდა შევუწყო ხელი ჩემი ბავშვის განათლებას, როგორ ვასწავლო ჩემს შვილს?
შეძლებს თუ არა ჩემი შვილი მომავალში მუშაობას?

ანგელმანის სინდრომი
ასპერგერის სინდრომი


რა არის აუტიზმი?

აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს.  ბავშვი ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის რაც: ესმის, ხედავს ან შეიგრძნობს, შესაბამისად მას უვითარდება წარმოსახვის პრობლემები და უჩვეულო, მკაცრად შეზღუდული მოქმედებები და ინტერესები.

აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევენ მთელი ცხოვრების მანძილზე.  18 თვის ან 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს.  მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა.  აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მათი მეტყველება რუდიმენტულია.

გამოხატვის ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალნაირია.  ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს განმეორებადი, უჩვეულო, თვითსაზიანო და აგრესიული ქცევა.  ასეთი ქცევა დიდხანს გრძელდება და მისი შეცვლა ძალიან რთულია.  ყველაზე სუსტი ფორმა გავს პიროვნულ დარღვევებს, რომელნიც დაკავშირებულნი არიან სწავლის უნარის დაქვეითებასთან.

აუტისტ ბავშვებს იშვიათად შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება, ძლიერი თერაპიული ინტერვენციის, მშობლის ზრუნვის და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციის და წამლების გარეშე.

რა არის აუტიზმის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები?

უნდა აღინიშნოს, რომ აუტიზმის დამახასიათებელი ნიშნების სირთულის ხარისხი განსხვავებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვეულებრივ მოიცავს:  მეტყველების, გონებრივი განვითარების, საზოგადოებრივი ქცევის და ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემებს.

მეტყველების პრობლემები.

აუტისტი ბავშვები ან სულ ვერ სწავლობენ ლაპარაკს ან გაცილებით გვიან იწყებენ ვიდრე სხვა ბავშვები.  მათი მეტყველება ხასიათდება თავისებური ენობრივი ნიშნებით, ხშირად სიტყვები არ შეესაბამებიან თავიანთ მნიშვნელობებს.  ისინი, ვინც შედარებით უკეთ მეტყველებს, ხმარობენ უცნაურ მეტაფორებს ან ლაპარაკობენ ფორმალური და მონოტონური ხმით.  აუტისტი ბავშვები ხშირად თავის თავს აღნიშნავენ სახელით და არა “მე”-თი.  ბევრი მათგანი ლაპარაკობს გაგრძელებულად (თითქოს სიმღერით) საკუთარ, საყვარელ შეზღუდულ თემებზე და არავითარ ყურადღებას არ აქცევს იმას, აინტერესებს თუ არა მისი ლაპარაკი იმას, ვისაც ელაპარაკება.

სოციალური ურთიერთობების აღქმის მწვავე შეფერხება.

აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ სახელის დაძახებაზე ან ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს.  გაურბიან პირდაპირ მზერას, ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას, თითქოს “გამოთიშავენ” მათ გარშემო არსებულ სამყაროს.  უჭირთ ხმის დონის ან სახის გამომეტყველების განსაზღვრა და არ პასუხობენ სხვის ემოციებს, ან სახეში უყურებენ ადამიანებს, რომ სათანადო ქცევისთვის იმპულსი მიიღონ.  მათ თითქოს არ ესმით სხვისი მათდამი დამოკიდებულება და საკუთარი მოქმედების უარყოფითი გავლენა სხვა ადამიანებზე.  ამის შედეგია თანატოლებთან თამაშის და მოგობრობის დამყარების უუნარობა.

სენსორული რეაქციის წინააღმდეგობრივი ხასიათი.

აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად თითქოს ყრუვდებიან და არ რეაგირებენ სიტყვებსა და ხმაურზე.  ამავე დროს, იგივე ბავშვი შეიძლება ძალიან შეაწუხოს ჩვეულებრივმა ყოველდღიურმა ხმაურმა, როგორიცაა მტვერსასრუტის ხმა ან ძაღლის ყეფა.  ბავშვმა შეიძლება გამოამჟღავნოს უგრძნობლობა ტკივილის, სიცივის ან სიცხისადმი, ან პირიქით ზედმეტად მწვავე რეაქცია ჰქონდეს მათ მიმართ.  ამ უჩვეულო მგრძნობიარობის შედეგია ქცევის დარღვევის სიმპტომები, როგორიცაა მაგალითად წინააღმდეგობა, როცა იხუტებენ.

გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება

აუტისტი ბავშვების უმრავლესობას გონებრივი ჩამორჩენილობის სხვადასხვა ხარისხი ახასიათებთ, მხოლოდ 20% ხასიათდება საშუალო და საშუალოზე მაღალი გონიერებით.  თუმცა, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ხატვის, მუსიკის, ანგარიშის, ფაქტების დამახსოვრების (მათი მნიშვნელობის მიუხედავად) – გაძლიერებული უნარები.  ინტელექტუალური მრავალფეროვნებით ეს კომბინაცია წარმოადგენს აუტიზმის განსაკუთრებით გამაოგნებელ თვისებას.

ქცევის და ინტერესების შეზღუდულობა.

აუტისტ ბავშვებს ხშირად ახასიათებთ სხეულის მოძრაობის გამეორება, ხელის მკვეთრი მოძრაობა, გრეხა, ტრიალი, ქანაობა.  განმეორებადი ქცევა გამოიხატება იმაშიც, რომ აუტისტური ბავშვები დადიან ყოველთვის ერთი და იმავე გზით, ერთნაირი თანმიმდევრობით იცვამენ, ყოველდღე ერთიდაიგივე განრიგს იცავენ.  თუ ამ ჩვეულ წესში რაიმე ცვლილება ხდება, ეს იწვევს ბავშვის ან მოზარდის უკიდურეს გაღიზიანებას.

ქცევის პრობლემები

მწვავე მეტყველების და საზოგადოებრივი პრობლემების გარდა, აუტისტებს ახასიათებთ გადაჭარბებული ჰიპერაქტივობა და მშობლების, ოჯახის წევრების მიმართ უცნაური გულგრილობა.

 

რა იწვევს აუტიზმს?

აუტიზმი არის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რომელიც თანდაყოლილია და მოქმედებს იმაზე, თუ როგორ იყენებს ტვინი ინფორმაციას.  აუტიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობია.  ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზია ტვინის უბნებზე მოქმედი ფიზიკური პრობლემები.  შესაძლებელია:

  1. ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევა.
  2. ზოგჯერ შესაძლოა გენეტიკური ფაქტორების ზეგავლენა.
  3. ასევე აღნიშნავენ გარემო ფაქტორების, ვირუსების ან ქიმიური პრეპარატების ზეგავლენას.

აუტიზმი ფაქტიურად შესაძლოა წარმოადგენდეს რამდენიმე “მიზეზის” შედეგს.  ბავშვის გარშემო არსებული ფსიქოლოგიური გარემოს ფაქტორები აუტიზმის მიზეზად ვერ ჩაითვლება.

  1. აუტისტი ადამიანების შესწავლამ გამოავლინა ანომალიები ტვინის რამოდენიმე არეში, მათ შორის ნათხემში, ნუშისებრ ჯირკვალში, ჰიპოკამპში, ძგიდეში და მამილასულ სხეულში.  აქ ნეირონები უფრო მცირეა და აქვთ სუსტი ნერვული დაბოლოებები, რაც შესაძლოა, ხელს უშლის სიგნალების გადაცემას.  ეს ანომალიები გვაფიქრებინებს, რომ აუტიზმი ჩანასახის ტვინის ნორმალური განვითარების დარღვევის შედეგია.  ასევე შესაძლებელია ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევა.  აუტისტებს ახასიათებთ ტვინში სერატონინის ან სხვა სასიგნალო მოლეკულების ანომალია.
  2. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ზოგ ადამიანს აუტიზმისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვს.  მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ოჯახებში სადაც ერთი აუტისტი ბავშვი ყავთ, მეორე ასეთი ბავშვის გაჩენის რისკი დაახლოებით 5%-ია.  ე. ი.  ერთი ოციდან, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობაში. მკვლევრები ცდილობენ დაადგინონ, რომელი გენია ამის მიზეზი.  ზოგ შემთხვევაში აუტისტ პირთა მშობლებს ან სხვა ნათესავებს ახასიათებთ ისეთი სოციალური, კომუნიკაციის ან განმეორებადი ქცევები, რომლებიც ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას იძლევა, მაგრამ შესაძლოა დაკავშირებული იყოს აუტიზმთან.  დაკვირვებამ ცხადყო აგრეთვე, რომ ზოგი აფექტური ან ემოციური დარღვევები, როგორიცაა მანიაკალური დეპრესია, უფრო ხშირად გვხვდება აუტისტი ადამიანების ოჯახებში.  ზოგი მკვლევარი მიუთითებს აუტისტური ბავშვების და მათი ოჯახების ქრომოსომების დამახასიათებელ ანომალიებზე.  ისინი თავმოყრილია გენების თანმიმდევრობასთან გარკვეულ ადგილებში, რაც იძლევა იმუნურობის კოდს.  ამგვარად, შესაძლოა, რომ აუტისტური ბავშვები დაპროგრამებული არიან იმუნური სისტემის სისუსტეზე.  ეს თავის მხრივ იწვევს ავტოიმუნურ შედეგს ტვინის კრიტიკულ არეებში, რომლებიც მართავენ ყურადღებას, გუნება-განწყობილებას და მეტყველებას.
  3. აუტიზმის გამომწვევი:
  • გარემო ფაქტორები:  ტყვია, კადმიუმი, ალუმინი, სტიბიუმი, ვერცხლის წყალი, ქიმიური პრეპარატები.
  • კვების ფაქტორები:  კადმიუმის, მაგნიუმის, რკინის, B6 და B1 ვიტამინების, ანტიოქსიტანტის, გლუტაციონის, ძირითადი ცხიმოვანი მჟავების, სხვა მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი.
  • მეტაბოლური ფაქტორები:  დაავადებული ღვიძლის დექსიფიკაცია; ჰიპოკლიკემია; ობი; მტვერი; მცენარის მტვერი; ამინო მჟავის გამტარი გზების ანომალია; ფენოსულტოტრანფერაზის ნაკლებობა; “თირკმლის დაზიანების” სინდრომი.
  • ალერგიული ფაქტორები:  საკვები (განსაკუთრებით, წებოვანა და კაბეინი); საკვების საღებავები; დანამატები.
  • ნაწლავის ფაქტორები: დაზიანებული ნაწლავის სინდრომი; ნაწლავის შეწოვისუნარიანობის დაქვეითება; კანდიდას მიკრობის გავრცელება; პროტეინის არასრული ათვისება; ბაქტერიული ტოქსინები; პარაზიტული ინფექცია.
  • იმუნოლოგიური ფაქტორები: აცრა, ვირუსული ინფექცია.

 

რამდენად ხშირია აუტიზმი?

აუტიზმი აღენიშნება 2-10 პიროვნებას ყოველ 10,000 ადამიანში.  იმის და მიხედვით დიაგნოსტიკის როგორი კრიტერიუმით ხელმძღვანელობს ექიმი.  ზოგი გამოკვლევის მიხედვით მსგავსი დარღვევების მქონე ადამიანთა რიცხვი სამ-ოთხჯერ მეტია.  აუტიზმი ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგოებში და იგი აღინიშნება მთელ მსოფლიოში ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის.

რა არის ძირითადი პრობლემები აუტიზმის შემთხვევაში?

აუტიზმი განიხილება როგორც განვითარების ერთ-ერთი ღრმა დარღვევათაგანი.  ზოგი მკვლევარი აუტისტი ბავშვების დახასიათებისას ხმარობს ტერმინს “ემოციური წონასწორობის დარღვევის მქონე”.  ვინაიდან აუტიზმი განსხვავდება სიძლიერისა და სიმპტომების მიხედვით, შესაბამისად მისი ძირითადი პრობლემების აღწერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.  აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ ლაპარაკის სწავლა, საზოგადოებრივი ქცევა და ადამიანებთან ურთიერთობა.

აუტიზმის შემთხვევაში ძირითადად შემდეგ პრობლემებს ვხვდებით:

  • კომუნიკაციის პრობლემები. მეტყველების გაგება ან გამოყენება.  მეტყველება ხასიათდება განმეორებადობით, სტერეოტიპულობითა და უჩვეულობით.
  • დაქვეითებული აქვთ მშობლებთან, მომვლელებთან საუბრის უნარი. ? ვერ ამყარებენ ურთიერთობას თანატოლებთან.
  • ბავშვებს არ შეუძლიათ ან დაქვეითებული აქვთ წარმოსახვითი ან სოციალური თამაშის უნარი.
  • სათამაშოებით ან სხვა საგნებით არატრადიციული თამაში.
  • ახასიათებთ ინტერესების შეზღუდულობა (არანორმალური ინტენსივობა და ყურადღების ფოკუსირება)
  • ყოველდღიური მოქმედებების და სიტუაციებისადმი მკაცრი ერთგულება.
  • საგნების დეტალებზე ყურადღების გამახვილება; გვირაბისეული ხედვა.  ბავშვი რეაგირებს საგნის მრავალი მახასიათებლიდან მხოლოდ რომელიმე ერთზე.
  • გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება.
  • გონებრივი განვითარების ჩამორჩენა.
  • ქცევის პრობლემები.  აკვიატებული, მრავალჯერ განმეორებადი ქცევები და სხეულის მოძრაობები.
  • ვით-საზიანო და აგრესიული ქცევა.

 

შეიძლება თუ არა დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს და როგორ?

აუტიზმით დაავადებული ბავშვის დახმარება და მისი სიმპტომების მნიშვნელოვნად შემსუბუქება შესაძლებელია სწორი მიდგომისა და მკურნალობის შემთხვევაში.  კვლევებმა ცხადყო, რომ აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა დიდი რაოდენობა უფრო კომუნიკაბელური გახდა, როცა მათ გარშემო არსებული სამყაროს სწორად გაგება ისწავლეს.

აუტიზმის შემთხვევაში თერაპია ან დახმარება მიმართულია ცალკეული ინდივიდის სპეციფიკური სიმპტომების შემსუბუქებაზე.  ყველაზე ეფექტურია ამ თვალსაზრისით ქცევითი-სწავლება და მედიკამენტოზური ჩარევა.  ქცევითი-სწავლება წარმოადგენს გეგმაზომიერ და ხშირად ინტენსიური სწავლების მეთოდს, რომელიც მუშავდება ცალკეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად.  თერაპევტები ცდილობენ დაეხმარონ მას სოციალური და მეტყველების უნარის განვითარებაში.  რადგან ყველაზე ეფექტურად და სწრაფად ბავშვები მცირეწლოვან ასაკში სწავლობენ, ამ სახის ჩარევა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს.  დაკვირვებებმა ცხადჰყო, რომ ადრე დაწყებული მკურნალობა სასიკეთოდ მოქმედებას ტვინის განვითარებაზე.

მედიკამენტოზური მკურნალობა, ინიშნება თვით-დაზიანების ქცევის ან სხვა სიმპტომების, ეპილეფსიის და ყურადღების დაქვეითების შემთხვევების შესასუსტებლად.  ამგვარ წამალთა უმრავლესობა მოქმედებს ტვინში სერატონინის ან სხვა სიგნალის გადამცემი ქიმიური პრეპარატების დონეზე.

როგორია აუტიზმის მკურნალობა?

აუტიზმის სრულიად განკურნება დღესდღეობით შეუძლებელია.  არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად ეფექტური მედიკამენტური მკურნალობა.  მკურნალობა მხოლოდ ხსნის მწვავე სიმპტომებს.  ისიც იმ შემთხვევაში თუ მშობლები მტკიცედ იცავენ “ქცევის მოდიფიკაციის”, “სენსორული ინტეგრაციის” და სხვა მსგავს პროგრამებს.  ამიტომ ექიმები და განვითარების ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ აუტიზმის პიონერს ექიმ ბერნარდ რიმლანდის განცხადებას, რომლის მიხედვით აუტიზმის მნიშვნელოვანი მკურნალობა შესაძლებელია დიეტითა და შესაბამისი კვებით.  მისი მეთოდის მთავარი დასაყრდენია შაქრის და ხელოვნური ინგრედიენტების ამოღება საკვებიდან და დამატებითი მკვებავი ნივთიერებების, განსაკუთრებით ვიტამინ B6 და მაგნიუმის დამატება.  ამას მოგვიანებით დაემატა დიმეთილგლიცინი (DMG) და კანდიდას (სოკოვანი) ინფექციის მკურნალობა.  ბევრი მშობელი ამტკიცებს მისი მეთოდის წარმატებას.  აუტისტ ბავშვთა დიდ ნაწილს აღენიშნება ალერგია საკვებზე, განსაკუთრებით ხორბლის წებოვანასა და რძეზე.  ამიტომ აუტისტ ბავშვთა მშობლები ხშირად აღნიშნავენ სიმპტომების ალაგმვას საკვები დიეტების დროს.

ბოლო დროს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი აუტიზმის ალტერნატიული მკურნალობის საკითხში.  ხელმისაწვდომი გახდა მეტაბოლური გზების აღმოჩენის ცდები.  ახალი მოდელები გვეხმარება გავიგოთ, როგორ უვითარდებათ აუტიზმი “ზედმეტად მგრძნობიარე” ბავშვებს.  თუ აქამდე ნერვული და იმუნური სისტემები ცალ-ცალკე განიხილებოდნენ, ახლა აუტისტ ბავშვებთან “სენსორული ინტეგრაციის” პრობლემების გვერდით მათი იმუნური სისტემის გადატვირთულობის შესაძლებლობებიც განიხილება.  კვლევებმა ცხადჰყო, რომ აუტისტ ბავშვებს, თუმცა ყველას ერთნაირად არა, აწუხებთ იმუნური სისტემის და მეტაბოლური ანომალიები.  მათი უმრავლესობის სისხლის სურათი აჩვენებს იმუნური სისტემის რეგულირების დარღვევას.

ითვლება, რომ აუტისტი ბავშვები გენეტიკურად მიდრეკილნი არიან იმუნური სისტემის სისუსტისაკენ. ეს თავის მხრივ იწვევს აუტოიმუნურ დეფიციტს ტვინის კრიტიკულ უბნებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ყურადღებას, გუნება-განწყობილებას და მეტყველებას.  არასწორი იმუნური რეაქციის მკურნალობა ხდება, დონორის სისხლის პლაზმიდან მომზადებული იმუნიტეტის გამაძლიერებელი გუპტას (კალიფორნიის უნივერსიტეტის იმუნოლოგის სახელი) გამა გლობულინის ბულიონით, რომელიც შეყავთ პაციენტის ვენაში.  გამოკვლევების თანახმად, ბევრ ბავშვს აღენიშნა გუნება-განწყობის, ყურადღების კონცენტრაციისა და მეტყველების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.  ერთი ბავშვი, ამგვარი მკურნალობის შედეგად სრულიად გამოჯანმრთელდა და ახლა ჩვეულებრივ სკოლაში დადის და მისდევს სპორტს.  მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ არის დამტკიცებული, რომ გამა გლობულინი ყოველთვის ეფექტურია აუტიზმის სამკურნალოდ, რამეთუ რამდენიმე პაციენტს არავითარი რეაქცია არ ჰქონდა იმუნიტეტის ამ “ფიქსატორზე.”  იმუნიტეტის მოდულირების სხვა გზები ეყრდნობა მკურნალობას ნალტრექსონით და ტრენტალით.  გარდა ამისა, ამინო მჟავის პროფილის და ნეიროგადამტანების შესწავლისას აუტიზმის დროს გამოაშკარავდა ტვინის მასაზრდოებელი ქიმიური ნივთიერებების (მაგ. სერატონინი)  უკმარისობა მეტაბოლურ ჯაჭვში.  ვინაიდან B6 და მაგნიუმი ხსნიან ამ დეფიციტს, ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ზოგ აუტისტ ბავშვზე ისინი დადებითად მოქმედებენ.  (სპეციალური მკვებავი ფორმულა, რომელსაც “ნუტერა” ეწოდა, შეიცავს ამ მკვებავ ნივთიერებებს და საკმაოდ სასიამოვნო გემო აქვს).  ამინო მჟავები – ტაურინი (შეტევების დროს), ტრიფტოფანი და ტირობინი – აგრეთვე დადებით შედეგს იძლევა.

იმუნოლოგიური ფაქტორებია – აცრა, ვირუსული ინფექცია.  საბოლოო ჯამში, აუტიზმის სიმპტომების მკურნალობა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • აციდოფილოსი,
  • ანტისოკოვანები (ნისტატინი, დიფუკანი, სპორონოქსი, ნიზორალი),
  • ანტიოქსიდანტები,
  • ამინო მჟავები,
  • საკვებმომნელებელი ენზიმები,
  • ამკრძალავი დიეტა,
  • I. V იმუნოგლობინი ანუ გადატანის ფაქტორი,
  • DMG,
  • ვიტამინი B6 ,
  • ოქტოკოზანოლი,
  • მაგნიუმი,
  • ინოსიტოლი,
  • მცენარეული ანტივირუსული საშუალებანი,
  • ნალტრექსონი,
  • ტრენტალი,
  • ძირითადი ცხიმოვანი მჟავები,
  • სეკრეტინი.

 

აუტიზმის მკურნალობის საკონტროლო ანალიზები:

  • იმუნური პროფილი (სპეციალურად აუტიზმისთვის),
  • ვირუსული ტიტრები,
  • ვიტამინი, მინერალების დონე,
  • ალერგია საკვებზე (სისხლის და კანის ანალიზი),
  • ანტიგლუტინის ან ანტიკაზეინის ანტისხეულები,
  • ანტიოქსიდანტების დონე,
  • ამინომჟავები შარდში,
  • განავალის ანალიზი (პარაზიტები, ბაქტერიები, ლორწო),
  • ნაწლავების გამავალობა,
  • პეპტიდები შარდში,
  • ორგანული მჟავები შარდში,
  • თმის ანალიზი,
  • ღვიძლის დეტოქსიფიკაციის პროფილი,
  • გენეტიკური ანალიზი,
  • ქიმიური ანტისხეულები,
  • კანდიდოზი (კანის და სისხლის).

 

რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც მშობელს?

უპირველეს ყოვლისა, მიიღოთ თქვენი შვილი ისეთი როგორიც არის!  მაქსიმალურად ეცადეთ გიყვარდეთ იგი ყველაზე მძიმე წუთებშიც კი.  გახსოვდეთ, რომ მიუხედავად მოჩვენებითი გულგრილობისა, რომელსაც თქვენი შვილი ამჟღავნებს გარე სამყაროსა და გარშემო მყოფთ მიმართ, იგი ძალიან ძლიერი სიყვარულის ძაფებით არის დაკავშირებული თქვენთან და თუ ვინმეს შეუძლია მისი დახმარება, ეს პირველ რიგში თქვენ ხართ.  რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს პროფესიული დახმარება, სპეციალური სასწავლო პროგრამები, მედიკამენტები, თქვენი აქტიური მონაწილეობის გარეშე დადებითი შედეგი დროებითი და უმნიშვნელო აღმოჩნდება.  თქვენ ხომ ის ადამიანი ხართ, რომელიც ყველაზე მეტ დროს ატარებთ ბავშვთან და თქვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად რაციონალურად გამოიყენებთ ამ დროს.  ყოველი თქვენი ურთიერთობა, ბავშვისთვის შესაძლოა ადამიანებთან კომუნიკაციის, საზოგადოებრივი ქცევის, სამყაროს აღქმის გაკვეთილად იქცეს.  აუტიზმით დაავადებული ბავშვების ინტერესები და გასართობები ხომ როგორც წესი იგივეა რაც მათი თანატოლების.  მათ უყვართ მუსიკა, ცურვა, ექსკურსიები, წიგნების თვალიერება, სეირნობა, ტელევიზორის ყურება, უბრალოდ მათ ერთი და იგივეს კეთება უსაშველოდ შეუძლიათ და თითქოს არც არავინ სჭირდებათ თავის საქმიანობაში.  შეეცადეთ მონაწილეობა მიიღოთ მის საყვარელ აქტივობაში, ეთამაშეთ ის თამაშები, რომლებიც მას მოსწონს, იარეთ იმ გზით, რომელსაც ის ირჩევს და თან ყველაფერი განუმარტეთ, მისთვის გასაგებ ენაზე.  გახსოვდეთ ისიც, რომ ბავშვთან დროის ხანგრძლივობაზე გაცილებით მნიშვნელოვანია თქვენი ურთიერთობის ინტენსივობა.  უმჯობესია ნაკლებ დროს ატარებდეთ ბავშვთან და მეტი დატვირთვით, ვიდრე პირიქით.  შეეცადეთ თქვენი ერთად ყოფნა დადებით, მხიარულ ელფერს ატარებდეს, ისე რომ ურთიერთობა ორივესთვის სასიამოვნო იყოს.  ამისათვის საკუთარ თავს გარკვეული თავისუფლება მიანიჭეთ.  იფიქრეთ საკუთარ თავზე.  დანაშაულის განცდის გარეშე, მიეცით თავს უფლება სტუმრად სიარულის, სტუმრების მიღების, დასასვენებლად წასვლის და სხვა.  ნურასოდეს დაგაბრკოლებთ ის, რომ სხვებისგან განსხვავებული შვილი გყავთ.  ყოველთვის ატარეთ იგი მეგობრების შვილების დაბადების დღეებზე, კონცერტებზე, თეატრში, თუ ეს ყოველივე ბავშვს სიამოვნებას ანიჭებს.  თქვენი შვილი, მის გარშემო არსებულ მოვლენებს თავისებურად, ჩვენგან განსხვავებულად აღიქვამს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი სამყარო ნაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

რა სახის იმედი უნდა მქონდეს ჩემი ბავშვისთვის?

ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი თერაპიული და მედიკამენტოზური ჩარევის ან ბავშვის მომწიფების შედეგად, აღინიშნება აუტისტური სპექტრის ქცევების გაუმჯობესება. ზოგი აუტისტი ბავშვი, საბოლოოდ ნორმალური ან თითქმის ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს.

აუტისტი ბავშვების ქცევითი პრობლემები მწვავდება სიჭაბუკის პერიოდში. ისინი ხშირად დეპრესიაში ვარდებიან ან განსაკუთრებით ძნელად დასამორჩილებელნი ხდებიან. შესაბამისად მშობლებმა უნდა შესძლონ საკუთარი ქცევა ბავშვის ცვალებად მოთხოვნებს მიუსადაგონ.

როგორ უნდა შევუწყო ხელი ჩემი ბავშვის განათლებას, როგორ ვასწავლო ჩემს შვილს?

აუტიზმით დაავადებული ბავშვებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას და შესაბამისი სწავლების პროგრამებს. სწავლების პროგრამები აუტიზმით დაავადებული მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულია ურთიერთობის, სოციალური, სწავლის, ქცევის და ყოველდღიური ცხოვრების ჩვევების გასაუმჯობესებლად. ქცევის ან ურთიერთობის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიან სწავლას ხანდახან მოითხოვენ მცოდნე პროფესიონალის დახმარებას, რომელიც შეიმუშავებს სპეციალურ გეგმას, რომლის განხორციელება შესაძლებელი იქნება სახლში და სკოლაში.

საკლასო ოთახი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ დაეხმაროს პროგრამის რეალიზებას. აუტიზმით დაავადებული მოსწავლეები უკეთ ითვისებენ და ნაკლებად იბნევიან, როდესაც ინფორმაცია მიეწოდებათ, როგორც სიტყვიერად, ისე ვიზუალურად. მნიშვნელოვანია აგრეთვე არაუნარდაქვეითებულ თანატოლებთან ურთიერთობა, რადგან ისინი იძლევიან ჩვეულებრივი სალაპარაკო, სოციალური და ქცევის ჩვევების მოდელს. ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამების შემუშავება მშობლებისათვის, რომ სწავლების მეთოდები, გამოცდილება და მიდგომები გაგრძელდეს სახლში და საზოგადოებაში.

მოსწავლის ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის შექმნილი სწავლების პროგრამები და სპეციალური დამხმარე მომსახურება მოზრდილთათვის საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მიხედვით საშუალებას იძლევა, რომ აუტიზმით დაავადებულმა ბავშვებმა და მოზარდებმა იცხოვრონ და იმუშაონ საზოგადოებაში. აუტისტი ბავშვის სწავლების ეფექტურობისთვის, მნიშვნელოვანია მისი “სწავლის სტილის” დადგენა.  “სწავლის სტილი” ეს არის კონცეფცია, რომელიც აღწერს იმ მეთოდს, რომლითაც ადამიანები ღებულობენ ინფორმაციას გარემოს შესახებ. ადამიანებმა შეიძლება ისწავლონ დანახვით (ვიზუალურად), მოსმენით (აუდიტორულად) ან შეხებით ან საგნების მანიპულირებით (კინესთეტიკურად, “ხელით სწავლა”).

აუტისტი ბავშვები უფრო ხშირად სწავლის ერთ რომელიმე სტილს იყენებენ. ადამიანზე დაკვირვებით შეიძლება გავიგოთ მისი სწავლის ძირითადი სტილი. მაგ. თუ აუტისტი ბავშვი ათვალიერებს (სურათებიან) წიგნს, უყურებს ტელევიზორს (აწეული ან დაწეული ხმით), აკვირდება ხალხს და საგნებს, მისი სწავლის სტილი ვიზუალურია. თუ აუტისტი ბავშვი ბევრს ლაპარაკობს, მოსწონს, როცა მას ელაპარაკებიან, უსმენს რადიოს ან მუსიკას, მისი სწავლის სტილი-აუდიტორულია. ხოლო თუ აუტისტი ბავშვი გამუდმებით ნაწილებად შლის საგანს, აღებს და ხურავს უჯრებს და ხელს აჭერს ღილაკებს, ეს ნიშნავს, რომ ასეთი ბავშვი კინესთეტიკურად ანუ შეხებით სწავლობს.

ბავშვის სწავლის სტილის გარკვევა ზრდის ალბათობას, რომ ბავშვი შესძლებს სწავლას. თუ დარწმუნებული არა ხართ, სწავლის რომელი სტილი ახასიათებს ბავშვს ან ასწავლით სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე ბავშვების ჯგუფს, საუკეთესო მეთოდია სწავლის სამივე სტილის გამოყენება. მაგ. სიტყვა “ჟელეს” სწავლებისას უნდა აჩვენოთ ყუთი ან ქილა (ვიზუალური), აღწეროთ მისი თვისებები: ფერი, შემადგენლობა, გამოყენება (სმენითი) და შემდეგ ხელი მოაკიდებინოთ და გაასინჯოთ გემო (კინესთეტიკური).

აუტისტი ბავშვების ერთი საერთო თვისებაა საკლასო ოთახში სირბილი და მასწავლებლისადმი უყურადღებობა. ასეთი ბავშვი შესაძლოა სმენით ვერ სწავლობდეს და ამდენად მასწავლებლის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს. თუ ბავშვი კინესთეტიკური მიდრეკილებისაა, მასწავლებელმა შეიძლება მხარზე ხელი დაადოს და თავის ადგილზე დააბრუნოს, ან მივიდეს სკამთან და მიაჩოჩოს ის ბავშვისკენ. თუ ბავშვი ვიზუალურად სწავლობს, მას უნდა მიუთითოთ სკამზე ან მისცეთ სკამის ნახატი და ანიშნოთ რომ დაჯდეს.

მნიშვნელოვანია ბავშვის უნარი მიიღოს და დაამუშაოს მიწოდებული ინფორმაცია. ამაზეა დამოკიდებული ბავშვის სკოლაში წარმატება და ქცევა. ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვის სკოლაში მოსვლისთანავე მასწავლებელმა გაარკვიოს მისი სწავლის სტილი და შეუფარდოს მას სწავლების სტილი. ასეთ შემთხვევაში აუტისტური ბავშვი ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწევს.

შეძლებს თუ არა ჩემი შვილი მომავალში მუშაობას?

შეძლებს. სპეციალურად მომზადებული მწვრთნელების დახმარებით. აუტიზმით დაავადებული ადამიანები სწავლობენ ხელობას, რომელიც გამოადგებათ სამუშაოს წარმატებით შესრულებაში. ძირითადად, აუტისტები, კარგად ასრულებენ იმ სამუშაოს, რომელიც გათვალისწინებულია მათთვის და შეიცავს განმეორებად მოქმედებებს. ისინი მუშაობენ მხატვრებად, პიანინოს ამწყობებად, ფერმის მუშებად, ჭურჭლის მრეცხავებად, კონვეიერებზე, სახელოსნოებში.

აგრეთვე მათ შეიძლება შეასწავლონ დამოუკიდებლად ცხოვრების ჩვევები – სპეციალურად შემუშავებული პროგრამების მიხედვით.

ანგელმანის სინდრომი

ანგელმანის სინდრომი არ ითვლება აუტიზმის ქვეტიპად, მაგრამ ამ დარღვევის მქონე პირებს აუტიზმის ბევრი ქცევა ახასიათებთ.  ხშირად მათი მეორადი დიაგნოზი – აუტიზმია. 1965 წელს ინგლისელმა ექიმმა ჰარი ანგელმანმა პირველად აღწერა ამ პირთა ჯგუფი, რომელთაც მსგავსი ბიჰევიორისტული და ფიზიკური თვისებები ჰქონდათ, რასაც შემდეგში “ანგელმანის სინდრომი” ეწოდა.

ამ პირთა უმრავლესობას აკლია ქრომოსომა 15-ის მცირე ნაწილი. ეს აღინიშნება დედის მხრიდან.  საინტერესოა, რომ როცა ბავშვს აკლია ქრომოსომ 15-ის მცირე ნაწილი მამის მხრიდან, მას შეიძლება პრადერ-ვილის სინდრომი აღენიშნოს.

აუტიზმის მსგავსად, ანგელმანის სინდრომის მქონე პირები ავლენენ შემდეგნაირ ქცევებს: ხელის ქნევა, სუსტი მეტყველება ან უმეტყველობა, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობა, ჭამის და ძილის პრობლემები, მოტორული განვითარების შეფერხება.  ისინი შეიძლება იკბინებოდნენ და თმებს იგლეჯდნენ.

აუტიზმისაგან განსხვავებით, ანგელმანის სინდრომიან პირებს ხშირად ძალიან გულღია ხასიათი აქვთ და ხშირად იცინიან. მათ უმრავლესობას ანომალური EEG და ეპილეფსია აქვთ. ბევრი მათგანი ფეხ-გაშეშებული დადის ან ბიძგისებრი მოძრაობები აქვს. მათ აგრეთვე სახის დამახასიათებელი ნაკვთები აქვთ: დიდი მოცინარი პირი, თხელი ზედა ტუჩი, ღრმად ჩამჯდარი თვალები, ნახევარზე მეტს თვალების, თმის, კანის პიგმენტაციის დაბალი დონე აქვს.

ანგელმანის სინდრომის სიხშირეა ერთი 25,000-ზე და მათი უმრავლესობა გონებრივად ძლიერ ჩამორჩენილად ითვლება.

ანგელმანის სინდრომის მკურნალობა შეიცავს: ქცევის მოდიფიკაციას, მეტყველების თერაპიას და შრომით თერაპიას.

ასპერგერის სინდრომი

I. რა არის ასპერგერის სინდრომი

ასპერგერის სინდრომი (ად) არის განვითარების ღრმა დარღვევა, რომელსაც ახასიათებს სოციალური ურთიერთობის დეფიციტი, წესების და რიტუალების უყოყმანო დაცვა და ემოციური ურთიერთობის უუნარობა.  ის ხშირად გაიგივებულია აუტიზმთან.  ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია, რომ აუტიზმიან პირებს ახასიათებთ მეტყველების უნარის მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, მაშინ, როცა ად-ს მქონე პირები ამჟღავნებენ მხოლოდ უნმიშვნელო გაუარესებას ან ლაპარაკის თავისებურ ჩვევებს.  აუტიზმიც და ად-ც მოიცავენ პრობლემებს, რომლებიც შეეხება სოციალური ურთიერთობის უნარს და ინტერესს. ად-ს მქონე ბავშვები ხშირად მოუქნელნი არიან მარტივი და ფაქიზი მოძრაობების შესრულებისას, თუმცა ეს ნიშანი დიაგნოზისათვის აუცილებელი არ არის.  მათი ინტელექტუალური შესაძლებლობა მერყეობს საშუალოდან ძალიან მაღალ დონემდე.
ად უმთავრესად ახასიათებს მამრობითი სქესის პაციენტებს.  კვლევებმა გვიჩვენეს, რომ ყოველი 10,000 ადამიანიდან 20-40 პირი აკმაყოფილებს ად-ს დიაგნოზის კრიტერიუმებს.  ად-ს მქონე ადამიანებს ხშირად ახასიათებთ ტიკი, ყურადღების და ხასიათის დარღვევა.

II. მთავარი დამახასიათებელი ნიშნები.

სოციალური ურთიერთობა: სოციალურად გულგრილი; შეუსაბამო თვალის კონტაქტი; ჩვეულებრივ თანატოლებთან ურთიერთობა, მაგრამ არ შეუძლიათ პოზიტიური ურთიერთობის დამყარება და გაგრძელება; განსაკუთრებით უჭირთ სხვისი აზრის გაზიარება; არ გააჩნიათ თანაგრძნობის უნარი.

წესები / ყოველდღიური განრიგი / რიტუალები: საგნებს იყენებენ არატიპიურად, თავისებურად (მაგ. სათამაშო მანქანებს აყენებენ რიგში, მაგრამ არ “ატარებენ”); დაჟინებით მოითხოვენ, რომ ყველამ მათ მიერ მიღებული წესების მიხედვით აკეთოს ყველაფერი, წესრიგის დიდი სურვილი.

მეტყველების განვითარება: შეიძლება სიძნელეები ჰქონდეს ადრე ბავშვობაში, რასაც მოჰყვება “მეტყველების აფეთქება” მატყველების უნარის სწრაფი განვითარებით; შეიძლება ახასიათებდეს ჰიპერლუქსია (არაჩვეულებრივად ფართო ლექსიკონი), მაგრამ არ ესმოდეს მეტყველების პრაგმატისტული ხმარება; დაჟინებული ან გამეორებითი ლაპარაკი; მეტყველების სოციალური ხმარების უუნარობა და ნათქვანი ან დაწერილი სიტყვიდან მნიშვნელობის გამოტანა.

პრობლემების გადაწყვეტის და ორგანიზაციული უნარის არ ქონა: სიძნელეები წაროექმნება, როცა საჭიროა “საღი აზრი”, ორგანიზაცია ან აბსტრაქტული დასაბუთება; გონებრივი დაგეგმვის, იმპულსების კონტროლის, თვითკონტროლის და ერთი სიტუაციიდან მეორეზე გადართვის უუნარობა.

ინტერესების და საქმიანობის შეზღუდულობა: შეუძლია გაუთავებლად მხოლოდ მისთვის საინტერესო თემაზე საუბარი.

მოტორული მოუქნელობა: უმთავრესად აღინიშნება სკოლამდელ ასაკში, შეიძლება ჰქონდეს მოტორულ-ვიზუალური დეფიციტი, ისეთივე, როგორც სწავლის დაქვეითებული უნარის მქონე ადამიანებს ახასიათებთ.

დიაგნოზი: ად-ს მქონე პირებს შეიძლება ვერ დავუსვათ ან არასწორად დავუსვათ დიაგნოზი ჩვეულებრივ პირველი დიაგნოზი შეიცავს აუტიზმს, სპეციფიკურ სწავლის უნარის დაქვეითებას ან აკვიატების სინდრომს.  მასწავლებლებმა სიმპტომები უნდა გააცნონ მშობლებს; მშობლებმა უნდა მიმართონ სპეციალისტს (სკოლის ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, კლინიკის ფსიქოლოგი).  სისტემატიურად უნდა გამოირიცხოს სხვა დარღვევები და განისაზღვროს სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობანი, სპეციალური სასკოლო პროგრამები და მკურნალობა.  უნდა მოხდეს გონებრივი შესაძლებლობების, აკადემიური წარმატების, ენის და მეტყველების და სოციალურ-ემოციური ფუნქციონირების დადგენა.  უნდა შედგეს განვითარების და ოჯახის ისტორია.

III. როგორ დაეხმარონ მშობლები და მასწავლებლები?

თუმცა ად-ს მქონე ბავშვებს მსგავსი ნიშნები ახასიათებთ, მათი სწავლების მეთოდები შეიძლება განსხავდებოდეს.  რეკომენდებულია ინდივიდუალური გეგმის შედგენა, სპეციალური განათლების (IDEA) კანონის გათვალისწინებით. სკოლის და ოჯახის ურთიერთობა მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატების მისაღწევად.

ად-ს მქონე ბავშვების დახმარება სწავლის დროს:

  • თანამიმდევრობა ძირითად საკითხებში:  შეუქმენით უსაფრთხო და გასაგები გარემო მინიმალური ცვლილებებით; თანმიმდევრული დღის განრიგი; მოამზადეთ ბავშვი განრიგის ცვლილებისა და ახალი საქმიანობისთვის
  • დაეხმარეთ ბავშვს სიძნელეების წარმოქმნისთანავე. ასეთი ბავშვები ადვილად ღელავენ და უფრო მტკივნეულად რეაგირებენ მარცხზე ვიდრე სხვა ბავშვები.
  • განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება ამ ბავშვების განსაკუთრებულ მეხსიერებას, მათ ჩვეულებრივ შეუძლიათ დიდი რაოდენობით ფაქტობრივი ინფორმაციის  დამახსოვრება.
  • ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვს რაღაც ესმის, თუ შეუძლია, რომ მოსმენილი გაიმეოროს. იხმარეთ მოკლე, გასაგები მითითებები.  დამატებით აუხსენით ან ეცადეთ გაამარტივოთ და კონკრეტული (და არა აბსტრაქტული) სახე მისცეთ ახალ ცნებებს.
  • ად-ს მქონე ბავშვს ძლიერი მოტივაცია სჭირდება, რომ საკუთარი იმპულსების ტყვე არ გახდეს.  სწავლა უნდა იყოს სასიამოვნო პროცესი და არ უნდა აღძრავდეს მასში შეშფოთებას.
  • ბავშვები ჩვეულებრივ მშვენივრად კითხულობენ, მაგრამ უჭირთ გაგება. ნუ იფიქრებთ, რომ მათ ყველაფერი გაიგეს იქიდან, რაც წაიკითხეს.
  • თუ ბავშვს ვიზუალურ-მოტორული სიძნელეები ახასიათებს, შეცვალეთ წერითი დავალების მოთხოვნები (შეამოკლეთ დავალება ან მიეცით მეტი დრო შესრულებისათვის, ნება დართეთ უპასუხოს ზეპირად ან ჩაწეროს მაგნიტოფონზე)
  • ად-ს მქონე ბავშვებს სჭირდებათ ისეთი სწავლის გარემო, სადაც თავს კომპეტენტურად თვლიან. დახმარების გარეშე სწავლების დროს შეიძლება ისეთი სიტუაციები შეიქმნას, რომ მათ ვერ შესძლონ დავალების გაგება, ეს გააძლიერებს საკუთარ თავშიჩაკეტილობას, დამცირების განცდას და შესაძლოა დეპრესიის მიზეზი გახდეს.  მიუხედავად ამისა, ყველა AD ბავშვს არ სჭირდება სპეციალურ სასწავლო კლასში სწავლება. სათანადო დახმარებით ბევრმა მათგანმა შესაძლოა წარმატებით ისწავლოს ჩვეულებრივ კლასში.
  • სოციალურ/ემოციური დახმარება სახლში და სკოლაში:
  • სწავლეთ ბავშვს სათანადო ქცევა გაღიზიანების დროს (ღრმა სუნთქვა, ხუთამდე დათვლა, უფროსთან დალაპარაკება). ჩამოწერეთ ეს მოქმედებანი ქაღალდზე, რომ ბავშვმა მუდამ თან ატაროს.
  • შეძლებისდაგვარად შეასრულეთ ყოველდღიური განრიგი. მოამზადეთ ბავშვი ამ განრიგის ცვლილებისთვის (დასურათებული გახსენება, სიტყვიერი გახსენება). ად-ს მქონე ბავშვები ხშირად ბრაზდებიან, წყობიდან გამოდიან ან ეშინიათ, როდესაც მოულოდნელი ცვლილებების პირისპირ აღმოჩნდებიან ხოლმე.
  • მშობლები და მასწავლებლები უნდა ეცადონ არ შეეტყოთ გამოხატული აღელვება და გაღიზიანება. ად-ს მქონე ბავშვებთან ურთიერთობისას მიზანშეწონილია მშვიდი და აუღელვებელი დამოკიდებულება.
  • მხედველობაში იქონიეთ, რომ ბავშვმა შეიძლება ვერ გაათვიცნობიეროს, რომ ის მოწყენილია ან დეპრესიაშია. ისევე როგორც არ ესმით მათ სხვისი გრძნობები, ასევე ვერ ათვითცნობიერებენ საკუთარ გრძნობებს.
 

შეკითხვები და კომენტარები ამ საიტის შესახებ გამოგზავნეთ: webmaster@icc.ge
საავტორო უფლებები ეკუთვნის ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციას